ცოტა ხნის წინ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, General Motors-ი და Honda Motor-ი ახალ გლობალურ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილების სერიას შექმნიან. ავტომწარმოებლების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული ელექტრომობილების ღირებულება 30,000 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება.
კომპანიების ოფიციალური პირების ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში 2027 წლიდან მილიონობით დაბალბიუჯეტური ელექტრომობილი იწარმოება.
„GM-ი და Honda ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიებს, დიზაინსა და საწარმოო სტრატეგიებს გაუზიარებენ. შედეგად, ჩვენ შევძლებთ ყველასათვის სასურველი და ხელმისაწვდომი ელექტრომობილები გლობალური მასშტაბით ვაწარმოოთ ისეთი მთავარი ბაზრებისათვის, როგორებიც ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა და ჩინეთია“ – განაცხადა GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარი ბარამ.
მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისათვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოება გადამწყვეტი მოვლენა იქნება. მიუხედავად მათი პოპულარობისა, ამჟამად მათი ღირებულება მასიურად გავრცელებისთვის ზედმეტად მაღალია.
პარტნიორობის შესახებ ფინანსური დეტალების გამჟღავნებისაგან კომპანიების ოფიციალურმა პირებმა თავი შეიკავეს.
ცნობისათვის, ორივე ავტომწარმოებელი ელექტროძრავების შემდეგი თაობის ელემენტების განვითარებაზე მუშაობს. მათ შორის მყარი ელემენტების წარმოებაზე. დღეს ხელმისაწვდომი ლითიუმის იონის ელემენტებისგან განსხვავებით, მყარი მდგომარეობის ელემენტები უფრო მსუბუქი და ენერგოეფექტური იქნება.
GM-ის განცხადებით, 2025 წლისათვის კომპანია 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებასა და გაყიდვას შეძლებს. რაც შეეხება Honda-ს, ის ბოლო დროს მეტწილად ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე კონცენტრირდებოდა. თუმცა, უახლოეს პერიოდში ელექტრომობილების ინდუსტრიაზე აქტიურად გადართვას აანონსებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ავტომწარმოებელს შორის ელექტრო და ავტონომიური ავტომობილების განვითარების სფეროში პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. შეგახსენებთ, რომ Honda-ს GM-ის მფლობელობაში მყოფ Cruise-ში 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
დატოვე კომენტარი