General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ 2025 წლისათვის კომპანია შეერთებულ შტატებში ელექტრომობილთა გაყიდვებით მის კონკურენტ Tesla-ს დაეწევა.
მარი ბარამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას ამ მიზნის განხორციელებაში GM-ის ახალი ელექტრომობილები, GMC Hummer Pickup-ი, Cadillac Lyriq-ი და Chevrolletს ახალი კროსოვერი დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ General Motors-ის ახალი საწარმოო პოლიტიკა 2025 წლამდე 30 ახალი ელექტრომობილის გამოშვებას ითვალისწინებს.
მარი ბარამ დასძინა, რომ კომპანია მუშაობასა და გაუმჯობესებას მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვებით ლიდერი თავად არ გახდება. აღნიშნულის თქმის საშუალებას კი ის რეაქციები აძლევს, რაც ადამიანებს კომპანიის ახალი ავტომობილების პირველად ხილვისას ეუფლებათ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება კომპანიამ გასულ კვირაშიც გააკეთა, თუმცა ამ მიზნის მიღწევის დროითი ჩარჩო მაშინ ცნობილი ჯერ კიდევ არ იყო. შესაბამისად, აღმასრულებელმა დირექტორმა თარიღებს მეტი კონკრეტიკა შესძინა.
საინტერესოა, რომ უკვე წლებია, რაც შეერთებული შტატების ელექტრომობილების ბაზარზე Tesla საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს. თუმცა, IHS Markit-ის პროგნოზით, ილონ მასკის კომპანიის გასული წლის 79%-იანი დომინაცია, 2021 წლის ბოლოსათვის 56%-მდე შემცირდება. ამავე კომპანიის პროგნოზით კი 2025 წლისათვის Tesla-ს წილი აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარზე 20%-მდე დაეცემა.
GM-მა ელექტრომობილებისაგან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის 10 მილიარდი აშშ დოლარიდან, 2030 წლისათვის 90 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საინტერესოა, საბოლოოდ ვინ დარჩება გამარჯვებული ბაზრის დაპყრობის ამ რბოლაში.
დატოვე კომენტარი