General Motors-მა განაცხადა, რომ კომპანია მომდევნო წლებში საკუთარი კომერციული მანქანების ხაზს ორ ახალ ელექტრო სატვირთოს დაამატებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მერი ბარას განცხადებით, ავტომწარმოებელი გეგმავს შექმნას ერთი სრული ზომის ელექტრო სატვირთო ფურგონი, მეორე კი საშუალო ზომის ელექტრო სატვირთო, რომელიც სატვირთო სერვისისა და კომუნალური მომსახურებისათვის იქნება განკუთვნილი. მერი ბარამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს კომპანიის კომერციული ხაზის გაფართოებას. ავტომანქანების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.
General Motors-ის აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია ელექტრო სატვირთოების შესახებ ზუსტი ვადები ან დეტალები. კომპანიის გადაწყვეტილება ნაწილია მათ მიერ დადებული პირობისა, რომლის მიხედვითაც, GM-ს ელექტრომობილებში საკუთარი ინვესტიციები 30%-ით უნდა გაეზარდა და 2025 წლის ბოლომდე 35 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა, სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ელექტრო სატვირთოების წარმოება ამ დროის ჩარჩოში ვერ მოესწრება.
საინტერესოა, რომ კომერციული ბაზარი ახალი ელექტრომობილებისათვის შესაძლოა დიდი ზრდის შესაძლებლობების ინდუსტრია გამოდგეს. მაგალითად, Amazon-ის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა Rivian-მა და რეგულარულმა ავტომწარმოებლებმა, Ford Motor, Daimler, უკვე დააანონსეს, რომ სულ მალე აღნიშნულ სეგმენტს ისინიც შეუერთდებიან.
საკუთარი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ელექტრო ძრავების მქონე ერთეულებით ჩანაცვლების გეგმა თითქმის ყველა დიდმა ავტომწარმოებელმა წარადგინა. უმეტესობა მათგანი გეგმის სრულად იმპლემენტაციას 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.
დატოვე კომენტარი