სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” (სნგკ) სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით „პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების“ (EPIC) მომსახურების შესყიდვისთვის ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების და საქონლის შესყიდვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად განხორციელდება, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ გაზსაცავის პროექტს.
გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბუღილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები.
სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე.
დატოვე კომენტარი