ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წლის პირველ ნახევარში 93.2 მლნ ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 67.9 მლნ ლარით ჩამორჩება. კორპორაციის არააუდირებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში GOGC-მ 335.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ასევე ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს, რომელიც 416.7 მლნ-ს შეადგენდა.
გაიზარდა კორპორაციის ჯამური აქტივები და მან 1.72 მლრდ ლარი შეადგინა.
კორპორაციის შემოსავლის უდიდესი წილი (65%) ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოდის – წლის პირველ ნახევარში მან 219.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 43.4 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია.
შემცირებულია მილსადენების გაქირავებით მიღებული შემოსავალიც და მან 21 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 40.5 მლნ ლარისა.
მცირედით გაიზარდა ნავთობის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავალი და მან 10.4 მლნ ლარი შეადგინა. ელექტროენერგიის გენერაციიდან მიღებული შემოსავალი კი 98.2 მლნ ლარამდეა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია.
კორპორაციას მინიჭებული აქვს სარეიტინგო სააგენტო Fitch რეიტინგი – BB- დონეზე პროგნოზით პოზიტიური.
2017 წელი კორპორაციამ 220.4 მლნ. ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც წლიურად 2.8-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
დატოვე კომენტარი