სატელიტების ოპერატორი Planet Labs და Google Cloud არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო აღრმავებენ – ახალი შეთანხმების საფუძველზე Planet Labs-ის მომხმარებლები შეძლებენ, რომ ინფორმაცია Google Cloud-ზე შეინახონ და თან, Google-ის სხვა სერვისებთანაც ექნებათ წვდომა, მათ შორის BigQuery-სთანაც.
„Planet-ის მომხმარებლებს მზარდი სიმძლავრე და კიდევ უფრო დიდი საცავი სჭირდებათ. Google Cloud-ის მომხმარებლებს კი, სატელიტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და მის ანალიტიკაზე წვდომა სურთ. ამ თანამშრომლობით ორივე მხარე ხეირობს, რადგან ამით, მათ მომხმარებლებს საკუთარი ოპერაციების ტრანსფორმაცია და ციფრულ სამყაროში კონკურენციის გაწევა შეუძლიათ – Planet-ის უნიკალური მონაცემთა ბაზის დახმარებით, რასაკვირველია“, – აღნიშნავს კევინ ვილი, Planet Labs-ის პროდუქტისა და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ ორმა კომპანიამ თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა Google-მა კოსმოსური ფოტო-გადაღების ბიზნესი Terra Bella Planet Labs-ს მიყიდა. დღეს, Planet Labs-ს დაახლოებით 200 სატელიტი აქვს, რაც ნებისმიერ ქვეყანაზე მეტია – კომპანიაში ინფორმაციას აგროვებენ და ამუშავებენ. გასულ თვეს, კომპანიამ საფონდო ბირჟაზე გასვლა დააანონსა – SPAC კომპანია dMY Technology Group IV-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე Planet Labs $545 მილიონს მიიღებს.
Planet Labs 2010 წელს დაარსდა, კალიფორნიაში. კომპანიის მიზანია დედამიწის სრულყოფილი დასურათება, რითაც ტენდენციების დანახვა და ცვლილებების აღწერა იქნება შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი