ეკონომიკური დაღმასვლისთვის მზადების ფარგლებში ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ი აპირებს მნიშვნელოვნად შეამციროს ახალი ადამიანების დაქირავების პროცესი. მიზანი ხარჯების შემცირებაა. ამის შესახებ საუბარია აღმასრულებელი დირექტორის სანდერ პიჩაის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში, რომელიც თავდაპირველად Bloomberg-მა მოიპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ განცხადებამდე აყვანილ თანამშრომლებს დაიქირავებს, შემდეგ კი პროცესი შენელდება.
ცნობისთვის, Alphabet-ს მიმდინარე წელს 4 000 თანამშრომელი ჰყავს უკვე აყვანილი, 2019-ში კი 20 000 ახალი თანამშრომელი დაიქირავა. წელსაც იგივე რაოდენობის ადამიანის დაქირავება იგეგმებოდა ჯამში, მანამ ვიდრე პანდემია დაიწყებოდა.
შეგახსენებთ, აშშ-ში პანდემიის გამო, უკვე 22 მილიონზე მეტმა მოქალაქემ შეავსო უმუშევრობის განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბოლო კვირების განმავლობაში სამსახური დაკარგეს, ვინაიდან დაიხურა მათი ბიზნესები.
“2008 წლის ფინანსური კრიზისის მსგავსად, გლობალური ეკონომიკა ზარალს განიცდის და Google-ს და Alphabet-ს იმუნიტეტი არ აქვს გლობალური პანდემიის გავლენებზე“, – განაცხადა პიჩაიმ.
აღსანიშნავია, რომ მარტში, Google-მა და კიდევ მსგავსმა არაერთმა კომპანიამ განაცხადეს, რომ ზაფხულის პრესტიჟული სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის ვირტუალურად ჩაატარებდნენ. College Reaction/Axios Poll–ის მონაცემებით, 4-დან დაახლოებით 3 სტუდენტს სტაჟირების გავლის გეგმა პანდემიის გამო ჩაეშალა.
დატოვე კომენტარი