ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციათა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სამშაბათს, საფონდო ბირჟებზე სავაჭრო დღის ბოლოს, Alphabet-ის აქციათა ფასი $159.89-ით განისაზღვრა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული ზრდის შემდეგ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.95 ტრილიონი შეადგინა და $2-ტრილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა.
Google-ის ბოლოდროინდელი ზრდა ძირითადად კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებმა განაპირობა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია AI-ინდუსტრიაში ინვესტიციებს კიდევ უფრო გაზრდის.
Wall Street-ის ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს Google-ის მფლობელი Alphabet-ის აქციების ღირებულება აქციაზე $166-მდე გაიზრდება და, შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.1 ტრილიონით განისაზღვრება.
ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში Google-ის აქციებიდან საშუალო წლიური ამონაგები 19%-ს შეადგენს. შედარებისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი S&P 500 ფონდისთვის მხოლოდ 13%-ს შეადგენს, თუმცა $1 ტრილიონზე მეტი ღირებულების მქონე კომპანიების, Amazon-ის, Apple-ის, Microsoft-ის, Meta-სა და Nvidia-სთვის დაახლოებით 20%-ს.