Google-ის აღმასრულებელი დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებით, თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფისებში დაბრუნება დაიწყეს.
ორშაბათს The Wall Street Journal-ის მიერ გამართულ ლაივ-კონფერენციაზე Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიის სან-ფრანცისკოს ოფისებში თანამშრომელთა 20–30% დაუბრუნდა სამუშაო სივრცეს, ხოლო ნიუ–იორკში ოფისში მომუშავე თანამშრომელთა პროცენტულმა წილმა 50%–ს მიაღწია.
თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების პროცესი იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ამას Google-ი ვარაუდობდა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ისინი ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს დანერგავდნენ, რაც ოფისში ყოფნას კვირაში მხოლოდ სამჯერ ითვალისწინებდა.
აგვისტოში Google-მა გამოაცხადა, რომ Covid-19–ის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე თანამშრომელთა ოფისებში დაბრუნების პროცესი 10 იანვრამდე გადაიდებოდა. ამასთან, ოფისში დაბრუნებული თანამშრომლები სრულად ვაქცინირებულები უნდა ყოფილიყვნენ.
პიჩაიმ ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლებს, რომელთაც აცრის გაკეთება არ სურთ, შეეძლებათ სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ. პიჩაიმ აღნიშნა, რომ პირადად მან უკვე დაიწყო ოფისიდან მუშაობა კვირაში ორიდან სამ დღემდე.
დატოვე კომენტარი