საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის პირველი მოადგილის, გიტა გოპინათის განცხადებით, გლობალურ ეკონომიკაში ფრაგმენტაციამ და ორმხრივ ვაჭრობაში ცვლილებებმა შესაძლოა, „ახალი ცივი ომი“ გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით საფრთხილოა უკრაინაში მიმდინარე ომისა და აშშ-ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
კოლუმბიაში, საერთაშორისო ეკონომიკურ ასოციაციასთან გოპინათმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ფრაგმენტაციით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-დან 7%-მდე შეადგინოს. ეკონომიკური ფრაგმენტაცია კი ორ ბლოკად დაყოფას გულისხმობს: – დასავლეთში აშშ-ისა და ევროპის, ხოლო აღმოსავლეთში ჩინეთისა და რუსეთის ბლოკებად. „გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ფრაგმენტაციის გაღრმავებით ჩვენ შესაძლოა, ახალ ცივ ომში აღმოვჩნდეთ“, – აღნიშნა გოპინათმა.
განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთავრობები საკუთარი თავის დაცვისთვის შიდა წარმოებასა და იმ ქვეყნებთან პარტნიორობის გაძლიერებაზე ფოკუსირდნენ, რომლებთანაც შედარებით სტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ. ერთი მხრივ, პანდემიამ საქონლის ტრანსპორტირებას პრობლემები შეუქმნა, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, მეორე მხრივ კი რუსეთ-უკრაინის ომი ენერგოფასების ზრდის მიზეზი გახდა.
წლების განმავლობაში მზარდი სავაჭრო დაძაბულობისა და გაზრდილი ტარიფების გავლენით, აშშ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წოდება ჩინეთს მექსიკამ ჩამოართვა. ჩინეთის წილი აშშ-ის იმპორტში კი, 2018 წლის 22%-დან 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 13%-მდეა დავარდნილი. მხოლოდ გასულ წელს, გლობალურად, ვაჭრობის შემზღუდველი 3,000-მდე ზომა იქნა მიღებული – თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე 2019 წელს.
გოპინათის განცხადებით, გლობალური ფრაგმენტაცია მსოფლიოს საერთო გამოწვევებზეც – მათ შორის კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაზე – უარყოფითად იმოქმედებს, რის გამოც ქვეყნებმა პრაგმატულ მიდგომებს უნდა მიმართონ, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარებათ თავისუფალი ვაჭრობის სარგებლის შენარჩუნებაში.