გრამატიკის შემოწმების $200-მილიონიანი ინვესტიცია არა მხოლოდ $13-მილიარდიანი ღირებულების კომპანიად გარდაიქმნა, არამედ მილიარდერთა სიას საკუთარი დამფუძნებლების სახით ორი ახალწვეულიც შესძინა. Forbes-ის შეფასებით, უკრაინული წარმოშობის მეწარმეები მაქს ლიტვინი და ალექს შევჩენკო, რომლებმაც 2009 წელს ავტომატური წერის ასისტენტი შექმნეს, ბოლო დაფინანსების რაუნდის წყალობით, ინდივიდუალურად, $4 მილიარდის მფლობელები არიან.
Pitchbook-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Grammarly-ის აქციების დაახლოებით 22%-ს ინვესტორები ფლობენ, რომლებიც დაფინანსების ორივე რაუნდში, 2019 და 2021 წლებში მონაწილეობდნენ. კომპანიის მესამე თანადამფუძნებლის საკუთრებაში კი, რომელიც ამავდროულად ლიდერიცაა, Grammarly-ის მხოლოდ 1%-იანი წილი შედის. ხოლო 35-35%-იანი აქტივები, ლიტვინისა და შევჩენკოს ქონებას ოთხ-ოთხი მილიარდი დოლარით განსაზღვრავს. თავად Grammarly საკუთრების გადანაწილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა Forbes-თან საუბრისას, კომპანიასთან დაახლოებული პირი ციფრების სიზუსტეს ადასტურებს.
Grammarly არაა პირველი კომპანია, რომელიც ლიტვინმა და შევჩენკომ ერთად დააარსეს. რეალურად, მათ Grammarly-ის შექმნის იდეა უნივერსიტეტში მათსავე დაფუძნებულმა საწარმომ, MyDropBox-მა შთააგონა. MyDropBox-მა, რომელიც სტუდენტების ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენისა და პროფესორთა დახმარების მიზნით შეიქმნა, მომავალი მილიარდერები მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრა: ადამიანების მხრიდან პლაგიატის არჩევის მიზეზი ის ხომ არაა, რომ მათ უბრალოდ უჭირთ იმის გადმოცემა, რაც სურთ. კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, თავდაპირველად MyDropBox-ი სკანდალშიც გაეხვა, როდესაც მას ბრალი სტუდენტებისთვის ნაშრომების მიყიდვის ვებსაიტთან კავშირში დასდეს. თუმცა, როგორც შევჩენკო და ლიტვინი აცხადებდნენ, ისინი არასდროს გაყიდდნენ მათ საიტზე ატვირთულ არცერთ ნაშრომს და ისინი მხოლოდ ქაღალდის ქარხნის ვებგვერდის დასაპროგრამებლად იყვნენ დაქირავებულნი. ამერიკასა და კანადაში გადასვლის შემდგომ მათ გააცოცხლეს MyDropBox-ის იდეა, რომელიც საბოლოოდ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანია Blackboard-მა შეიძინა.
Grammarly სან-ფრანცისკოში, ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაარსებული კომპანიაა, რომელიც თავდაპირველად Sentenceworks-ის სახელწოდებით მხოლოდ სტუდენტებზე ორიენტირებული სერვისი იყო. თუმცა Grammarly-ის მოქმედების არეალი მალევე გაფართოვდა და განათლების სფეროდან გრამატიკის შემმოწმებელ სერვისად იქცა, რომელიც გამოიყენება როგორც უბრალოდ მეილში, ასევე დოკუმენტებსა და სხვადასხვა ნაშრომში დაშვებული შეცდომის აღმოსაფხვრელად. ბოლო რაუნდამდე კომპანიამ $90 მილიონამდე მოიზიდა ინვესტორებისგან, 2019 წლის მონაცემებით კი მისი ღირებულება მხოლოდ $1 მილიარდს უდრიდა. General Catalyst-ის ხელმძღვანელობით გამართული რაუნდის შემდგომ, კომპანიის ინვესტორებს ბეილი გიფორდი და BlackRock-ი შეუერთდნენ. Grammarly-ის ოფისები სან-ფრანცისკოში, ვანკუვერსა და კიევში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ Grammarly-ის უფასო ვერსიები ნებისმიერი მომხმარებლისთვის 2015 წლიდანაა ხელმისაწვდომი, დამატებითი სერვისების მისაღებად კი $12 და $15 გადახდაა საჭირო. კომპანიის განცხადებით, Grammarly, 500,000 აპლიკაციისა და ვებსაიტის დახმარებით, რომელიც სოციალურ მედიას, ვებბრაუზერსა და Microsoft Word-ისაც მოიცავს, ყოველდღიურად 30 მილიონ ადამიანს ემსახურება. კომპანიამ ასევე გამოუშვა დამატებითი პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, Grammarly for Business-ი კორპორაციული გამოყენებისთვის. მისი მომხმარებელი არაერთი მსხვილი ორგანიზაციაა, მათ შორის – Zoom-ი, Cosco, Dell-ი და Expedia.
დატოვე კომენტარი