ვიდეოთამაშების ისტორიაში მეორე ყველაზე გაყიდვადი თამაშის, Grand Theft Auto V-ის (GTA V) გამოსვლიდან ათ წელზე მეტი გავიდა, Rockstar Games-მა კი მისი გაგრძელება – GTA VI – 2025 წლისთვის დააანონსა. ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, ყველაზე ძვირად ღირებული ვიდეოთამაში გახდება – გავრცელებული ხმებით, GTA VI-ის წარმოების ხარჯი $2 მილიარდს მიაღწევს.
ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებულ ვიდეოთამაშებს შორისაა Star Citizen-ი და ასევე Rockstar-ის მიერ შექმნილი Red Dead Redemption 2. არსებული მონაცემებით, ორივე მათგანის ბიუჯეტმა ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად თამაშს, ეს ტიტული Minecraft-ს ეკუთვნის. 2011 წელს, გამოშვების დღიდან, თამაშის დაახლოებით 300 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
GTA IV 2008 წელს გამოვიდა და მისი წარმოება დაახლოებით $100 მილიონი დაჯდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, თამაშის 25 მილიონი ასლია გაყიდული, გამომუშავებულმა თანხამ კი $2 მილიარდს მიაღწია.
ხუთი წლის შემდეგ GTA V-ის (2013) წარმოება წინამორბედზე თითქმის სამჯერ მეტი – $265 მილიონი დაჯდა. გამოსვლიდან ათწლეულის განმავლობაში, GTA V-ის 185 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო გამომუშავებულმა თანხამ $7.7 მილიარდს გადააჭარბა – მათ შორისაა ასობით მილიონის წლიური შემოსავალი გამოწერის საფასურიდან და თამაშშივე განხორციელებული შესყიდვებიდან.
ანალიტიკოსთა პროგნოზებით, GTA VI, რომელიც 2025 წელს გამოვა, დაახლოებით $2 მილიარდი დაჯდება – როგორც მარკეტინგული, ისე სხვა სახის ხარჯების ჩათვლით. თამაშის რეკორდული ბიუჯეტის მიზეზი უახლესი გრაფიკა, მაიამით ინსპირირებული “Vice City”-ის დაბრუნება და თამაშის უახლესი ძრავაა – Rockstar Advanced Game Engine, ასევე ცნობილი, როგორც RAGE.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, Take-Two Interactive-ის (GTA დეველოპერ Rockstar Games-ის მშობელი კომპანია) აქციების ფასი 50%-ზე მეტითაა გაზრდილი. 2023 წელს Take-Two Interactive-ის მოგება, გასულ წელთან შედარებით, 52.6%-ით, $5.35 მილიარდამდე გაიზარდა. შემოსავლების 78%-ს გამოწერის საფასურიდან და თამაშშივე განხორციელებული შესყიდვებიდან მიღებული თანხა შეადგენდა.