საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონი აგრძელებს უნივერსიტეტებთან ინტენსიურ კოლაბორაციას და ამ ჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ.
პარტნიორობის ფარგლებში, 17 დეკემბერს ერთობლივი სამეცნიერო დისკუსია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თემაზე: „სამართალი და ბიზნესი: გამოწვევები და შესაძლებლობები“.
ინტერაქტიული დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- „ელექტრონული ხელშეკრულება და ელექტრონული ხელმოწერა ციფრულ სამყაროში“ – სპიკერი: ნინო ჯოლია, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, საფრანგეთის პიერ მენდესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის/ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი;
- „მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილებები და გამოწვევები“ – სპიკერი: გურამ ჩადუნელი, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი იურისტი, პოტსდამის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის მაგისტრი, აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ეროვნული და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრი;
- „ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის რეგულირება ქართულ სამართალში“ – სპიკერი: მიხეილ კუპატაძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ამერიკული სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის კურსდამთავრებული და აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი;
- „ხელოვნურ ინტელექტსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს შორის დისკურსი“ – სპიკერი: ნინო ყველაიძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მრჩეველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, ერაზმუსის სტიპენდიანტი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი;
- „საჯარო-კერძო პარტნიორობა: სამართლებრივი განზომილება და საქართველოში განვითარების შესაძლებლობები“, სპიკერი: გიორგი ხატიძე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, ლივერპულის უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში;
- „ელექტრონული კომერციის სამართლებრივო რეგულირების პრობლემები“ , სპიკერი: ზვიად გაბისონია, სამართლის დოქტორი, CIU-ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში, BTU-ს კვლევების ცენტრის დირექტორი, UG-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ექსპერტი;
- „ვალაუვალობის ახალი კანონის გამოწვევები“, სპიკერი: როინ მიგრიაული, სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორების ხელმძღვანელი, პარტნიორი და ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
- „აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლის კონტექსტში“ – სპიკერი: ლარა ნაჭყებია, University College London-ის სამართლის მაგისტრი; CIU-ს სამართლის დოქტორანტი.
სტუდენტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გრანთ თორნთონის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს იურიდიული მიმართულების საქმიანობა, სტაჟირებების შესაძლებლობები, სამართლის დარგობრივი მიმართულებები და გაუზიარეს პრაქტიკული რეკომენდაციები კარიერულ დაგეგმვასთან დაკავშირებით. გრანთ თორნთონს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება და დაიკავონ გრანთ თორნთონში არსებული ვაკანტური პოზიციები.
როგორც ჩვენთან საუბრისას გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა, საგანმანათლებო სფეროში კომერციული სექტორის აქტიური ჩართულობა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას.
„განათლება ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია და ამიტომ მგონია, რომ ასეთი თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან არის ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის მომავლის გაუმჯობესებაში. უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტაჟირებისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად დაეხმარება მონდომებულ ახალგაზრდებს ბევრად უფრო სწრაფ პროფესიულ ზრდაში. ჩვენ კი, ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ისეთი სასწავლო პროგრამების შექმნაში, რომლებიც ბიზნესის რეალური საჭიროებებისთვის მორგებულ ცოდნას მისცემს სტუდენტებს და შესაბამისად ბიზნესს მიაწვდის მეტად შესაფერისი მომზადების მქონე კადრებს“ – განაცხადა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ თავის მხრივ აღნიშნა – „მნიშვნელოვანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რამეთუ აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, განსაკუთრებით კი სამართლის ფაკულტეტს გააძლიეროს სტუდენტთა სტაჟირება, სამართლის პრაქტიკული ნაწილი, სასწავლო პროგრამებში ბიზნეს სამართლის მიმართულება და ინტერდისციპლინარული კომპონენტები“ .
რაც შეეხება გრანთ თორნთონის სამომავლო გეგმებს, ვახტანგ ცაბაძე აცხადებს, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და რაც მთავარია სტუდენტებისთვის.
დატოვე კომენტარი