38 წლის გუგა ცანავა უკვე ერთი წელია, რაც „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკიინ დეველოპმენტს“ ხელმძღვანელობს, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორს, რას ალ-ხაიმას საამიროს შეიხს – საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის ეკუთვნის. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპმენეჯერი კომპანიების ასეულობით მილიონის ღირებულების მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მოგვითხრობს. მისი წარმატების ისტორია ცხადყოფს: გულწრფელობა, იდეათა თანასწორობა და გუნდური მუშაობის პრინციპი ბიზნესს არა მხოლოდ „ადამიანური სახით“, არამედ წარმატებული ადამიანებითაც აჯილდოებს.
გუგა ცანავაზე Forbes-ი 2013 წლის ნოემბრის ნომერშიც წერდა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპმენეჯერი ფართო აუდიტორიამ სწორედ მაშინ გაიცნო.
„რატომ არასდროს არსად ჩანხართ? თქვენ შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე“, – ეკითხებოდა ჟურნალისტი გუგა ცანავას მას შემდეგ, რაც მის შესახებ ინტერნეტში თითქმის ვერაფერი იხილა, გარდა სოციალურ ქსელებში მისი პერსონალური პროფილებისა და სტენფორდის კურსდამთავრებულთა სიისა, სადაც ამა თუ იმ პიროვნების პირად ინფორმაციაზე წვდომა „უბრალო მოკვდავთათვის“ შეზღუდულია. გუგა ცანავას პასუხი ასეთი იყო: „გულწრფელად გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია. ცალსახად ვამბობ, რომ პიარი, უფრო ზუსტად კი საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია ნებისმიერი ბიზნესისა და ბიზნესმენის განუყრელი ნაწილია, თუმცა ისე გამოვიდა, რომ დღემდე მთელი ჩემი ძალისხმევა ცოდნის აკუმულირებასა და რეალურად საქმის კეთებაზე იყო მიმართული. ალბათ ეს მხარე ამიტომაც გადავიდა უკანა პლანზე“.
Forbes-ის მკითხველმა კარგად იცის – ბიზნესის ამ ლიგის მოთამაშისთვის „გულწრფელობა“ ჩვეული თვისება არაა – შეგვიძლია გავიხსენოთ პინჩუკის ცრემლები ყირიმის კრიზისის პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ მისი აქტივები მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, ან ამერიკელი ძმები კოხების მიერ აღვლენილი ოდები თავისუფლებისადმი, რომლის ლეიტმოტივადაც იარაღით ვაჭრობის ინტერესი იკვეთება. დიახ, ისინი, ვის ხელშიც ასეულობით მილიონი დოლარი ტრიალებს, გულწრფელობაზე (და გულწრფელად!) იშვიათად საუბრობენ და კიდევ უფრო იშვიათად აკავშირებენ ამ თვისებას წარმატებასთან. თუმცა გუგა ცანავა განსაკუთრებული შემთხვევაა. საქმე ისაა, რომ მის კარიერულ ზრდაში გულწრფელობას ისეთივე დამსახურება აქვს, როგორიც „ცოდნის აკუმულირებას“, „გამოცდილების მიღებასა“ და „რეალურად საქმის კეთებას“. დიახ, გუგა ცანავა პირველი ქართველია, რომელიც სტენფორდმა მიიღო; წლების მანძილზე დაგროვილი ინტელექტუალური ბაგაჟით იგი, როგორც იტყვიან, „განწირული იყო წარმატებისთვის“, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ტოპმენეჯერი 38 წლის ასაკში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორის, რას ალ-ხაიმას საამიროს შეიხის, საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კუთვნილ „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკინ დეველოპმენტს“ ხელმძღვანელობს დირექტორის რანგში, თავად, გარდა პროფესიული უნარებისა, სწორედ გულწრფელობით ხსნის:
„ამას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება, – გვეუბნებოდა ის 2013 წლის ნოემბერში. – გულწრფელი ვარ, ძალიან გულწრფელი და პირდაპირი. ადამიანებს პირდაპირ ვეუბნები, რას ვფიქრობ მათზე, ამა თუ იმ პრობლემაზე, როგორ ვხედავ პრობლემების გადაჭრის გზებს. არასდროს არაფერს ვალამაზებ და მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატების მიზეზიც სწორედ ეს არის“.
შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმისთვისაც, სტენფორდის დიპლომის გარდა, სწორედ გულწრფელობისა და პირდაპირობის მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი, როდესაც მან განიზრახა, რეგიონში გამორჩეული კომპანიების მართვის სადავეები ამ ახალგაზრდა მენეჯერისთვის ენდო. და, როგორც ჩანს, ურთიერთობის ცანავასეულმა სტრატეგიამ არა მხოლოდ ბიზნესპარტნიორებსა და მულტიმილიარდერ შეიხთან გაამართლა, არამედ კომპანიაშიც – ხელქვეითებთანაც.
გუგა ცანავასთვის 2013 წელს ჩაბარებული „რაკია ჯორჯია“ და „რაკიინ დეველოპმენტი“ დღეს თვალსა და ხელს შუა ფორმირდება კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰოლდინგად. თუმცა ვიდრე ქვეყნის უდიდესი დეველოპერული კომპანიების დირექტორს მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე გავესაუბრებოდეთ, ამ ორი კომპანიისა და მისი დამაარსებლის ისტორია გავიხსენოთ (მეტი ინფორმაციისთვის მოიძიეთ Forbes Georgia-ს 2013 წლის ნოემბრის ნომერი).
„რაკიინი“, რაც არაბულად „დედაბოძს“ ნიშნავს, გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერია. ისიც, ისევე როგორც ბიზნესის ყველაზე წარმატებული მოთამაშეები, გამოირჩევა ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიურობის ნიშნით. რაც შეეხება მის წარმომადგენლობას საქართველოში – „რაკია ჯორჯია“ და „რაკიინ დეველოპმენტი“ ფლობენ „შერატონ მეტეხი პალასს“, „თბილისი მოლს“ და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფოთში, 400 ჰექტარამდე ფართობის მიწასა და უძრავ ქონებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თავად RAKIA (UAE) კი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე მუშაობს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუმცა ამ „დასაწყისამდე“ რას ალ-ხაიმას საინვესტიციო სამმართველოს ბევრი წინაღობის გადალახავა მოუწია. „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკიინ დეველოპმენტის“ დაარსებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მისი ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქართველოს ყოფილ მთავრობას უმსხვილეს ინვესტორთან ურთიერთობები იმდენად გაურთულდა, რომ ინვესტორი ქვეყნის დატოვებისა და ყველა საინვესტიციო პროექტის შეჩერებაზე ფიქრობდა. სწორედ ამ პერიოდში, 2012 წელს გამოჩნდა ამერიკიდან ახალი დაბრუნებული გუგა ცანავა. მან კომპანიების მართვის სადავეების ხელში აღებისთანავე უმოკლეს დროში მოახერხა წესრიგის დამყარება და პროფესიული გუნდის შემოკრება. დღეს, კომპანიას, რესტრუქტურიზაციის პარალელურად, ახალ წარმატებულ საინვესტიციო პროექტებზე ფიქრის ფუფუნება გაუჩნდა.
გუგა ცანავა 1976 წელს თბილისში დაიბადა. მან თავდაპირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში იურიდიული განათლება მიიღო, თუმცა შემდეგ პროფილის შეცვლა განიზრახა და „საქართველოს ბანკში“ ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ (ამ პერიოდში მან რიგითი სტაჟიორიდან საკრედიტო განყოფილების უფროსის პოსტამდე მოახერხა დაწინაურება) „კავკასიის ბიზნესსკოლის“ მაგისტრატურა გაიარა. იგი დარწმუნდა, რომ მისი საქმე ბიზნესი იყო და ჯერ ევროპაში წავიდა სასწავლებლად, საბოლოოდ კი, 2011 წელს, სტენფორდის გამოცდილი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის სპეციალურად შექმნილი სამაგისტრო პროგრამა გაიარა. ლიდერობის გამოცდილება გუგა ცანავას ნამდვილად შესაშური ჰქონდა. 2003-2011 წლების შუალედში, რომელიც მან საქართველოში დაჰყო, ჯერ „სერმაში“ იმუშავა, შემდეგ „სინერჯი ჯგუფში“, ბოლოს კი „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ თავად საუკეთესოდ ესმის – „პიარი ნებისმიერი ბიზნესისა და ბიზნესმენის განუყრელი ნაწილია“ – როგორ ჩანს, საკუთარი თავის პიარი და ფოტოობიქეტივის წინ პოზირება, განსხვავებით ბიზნესის სხვა „განუყრელი ნაწილებისგან“, დღესაც არ ანიჭებს სიამოვნებას. Forbes-ის ფოტოგრაფებისთვის მისი დამორჩილება შეუძლებელი აღმოჩნდა – ერთი სული ჰქონდა, როდის დააღწევდა თავს ობიექტივის ტყვეობას. ძლივს დავითანხმეთ ფოტოსტუდიიდან „თბილისი მოლში“ წავსულიყავით მიმდინარე პროექტის ფონზე რამდენიმე ფოტოს გადასაღებად.
სხვათა შორის, ზუსტად მოსმენის უნარში გამოიკვეთება გუგა ცანავას ერთ-ერთი მთავარი თვისება – გუნდური მუშაობისთვის უპირატესობის მინიჭება.
„არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, – მითხრა მან. – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გქონდეს რჩევის მიღების სურვილი და სხვისი აზრის გაზიარების უნარი. ხშირად, ქვეშევრდომებსაც – ამ სიტყვაზე ჩერდება და იქვე აზუსტებს, – ანუ ორგანიზაციულ სტრუქტურაში უფრო ქვევით მომუშავე ადამიანებსაც ვეკითხები აზრს. არ შეიძლება წარმატებული ლიდერი იყოს ჩაკეტილი და მარტო თავის ე.წ. Gut Feeling-ს და ინტუიციას ენდობოდეს“.
ამჯერად უკვე მე ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, არასოდეს შემხვედრია მენეჯერი, რომელსაც სიტყვა „ქვეშევრდომის“ ხსენება ასე ეხამუშებოდეს და თავს მოვალედ თვლიდეს, მისი მნიშვნელობა იმგვარად წარმოაჩინოს, რომ განმარტებაში მისი თანასწორი დამოკიდებულება გამოსჭვიოდეს.
ახლა კი დროა, გუგა ცანავას „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკინ დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე გავესაუბროთ. მისი საუბრისას ყურს აუცილებლად მოგჭრით პირის მრავლობითი რიცხვი. ყველა იმ წინადადებას, რომელმაც მის მიერ მართული კომპანიების წარმატებაზე უნდა მოგვითხროს, გუგა ცანავა იწყებს ნაცვალსახელით „ჩვენ“. ჩანს, როცა საქმე კომპანიების წარმატებას ეხება, გუგა ცანავასთვის „მე“ ნაკლებად მნიშვნელოვანია.
დავიწყოთ თქვენი მიმდინარე პროექტებით. როგორი იქნება „თბილისი მოლი“ პროექტის დასრულების შემდეგ?
„თბილისი მოლში“ განვითარების ორ ეტაპს გამოვყოფდი. დღემდე მოლში განხორციელებული გვაქვს დაახლოებით 160 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია. წლის ბოლომდე დამატებით 12-15 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ.
დღეს „თბილისი მოლი“ არის ჩვეულებრივი შოპინგ-ცენტრი. პროექტების დასრულების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება კონცეფცია. შოპინგ-ცენტრიდან „თბილისი მოლი“ იქცევა ე.წ. საოჯახო დანიშნულების ადგილად (family destination). შოპინგი იქნება მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას, ტურისტებს – ზოგადად მომხმარებელს. წლის ბოლომდე გავხსნით საქართველოში ყველაზე დიდ – რამდენიმედარბაზიან კინოთეატრს, ე.წ. მულტიპლექსს. ივლისში გაიხსნება ოჯახური გასართობი ცენტრი – ხაზს ვუსვამ – ოჯახების, და არა მხოლოდ ბავშვების. ეს ცენტრი თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება განკუთვნილი. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ახალი ბრენდების შემოყვანას. ვგეგმავთ ბოულინგის ცენტრის გაკეთებასაც. ყველაფერს ჯერ არ ვახმაურებთ, რადგან მოლაპარაკების პროცესში ვართ. როცა ხელს მოვაწერთ, ამასაც გავამჟღავნებთ. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე განხორციელდება.
მთლიანობაში რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება „თბილისი მოლში“?
მთლიანობაში დაახლოებით $180-190 მილიონამდე შეიძლება ავიდეთ. თავდაპირველი პროექტით მოლში უნდა გაკეთებულიყო „თაუერები“, რომლებიც გათვლილი იყო რეზიდენტურებსა და საოფისე ფართებზე. დღეს ჩვენ ახალი ხედვა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ სხვა საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. რამდენიმე კონცეფციაზე ვმუშაობთ. ვქირაობთ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც საბოლოოდ გვირჩევს, თუ რა ტიპის კონცეფცია იქნება საუკეთესო ბაზრისთვის, ინვესტორისა და მომხმარებლისთვის. ამიტომ, ცოტა რთულია ინვესტიციის ზუსტი მოცულობის დასახელება, რადგან ეს „თაუერები“ არქიტექტურულად გარკვეულწილად არის „თბილისი მოლის“ ნაწილი. შესაბამისად, როდესაც „თაუერების“ კონცეფცია იქნება მზად, ინვესტიციის საბოლოო მოცულობა მაშინ გვეცოდინება.
კიდევ ერთი მიმდინარე პროექტია „შერატონის“ რენოვაცია. როგორი იქნება განახლებული შერატონი და რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი რენოვაცია?
განახლებული „შერატონის“ მსგავსი სასტუმრო საქართველოს ჯერ არ ჰქონია. ვიზუალურად როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით. საბოლოო კონცეფცია ზაფხულის ბოლოს დამტკიცდება. ჩვენ დავიქირავეთ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და არქიტექტორები, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ინტერიერის, არამედ ექსტერიერის შეცვლაზეც.
რაც შეეხება ექსტერიერს – თვითონ „შერატონის“ ლოკაცია ისეთია, რომ მას სპეციალური დაცვის მექანიზმები აქვს სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ამიტომ ფასადი, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება კულტურის სამინისტროსთან, მერიასა და ყველა საჭირო ინსტანციასთან.
მოკლედ შემიძლიათ გითხრათ, რომ რენოვაციის შემდეგ ოთახების რაოდენობა გაორმაგდება, ანუ სასტუმრო გაიზრდება. „შერატონი“ გახდება უტყუარად ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – ეს არ იქნება „პირობითი“ ვარსკვლავები. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის რენოვაცია და არა მარტივი კოსმეტიკური რემონტი, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება, მექანიკით, ელექტრობით, გაყვანილობებით და ა.შ. დაწყებული, ფასადით დამთავრებული.
საუბარია რამდენიმე უმაღლესი კლასის რესტორნის შემოყვანაზეც. „შერატონის“ მმართველი კომპანია, „სტარვუდი“ ფლობს საკუთარ კონცეფციებსაც და ამავდროულად აქტიურად მუშაობს მესამე მხარესთან, როგორიც არის, პირობითად, მაგ. „ბუდა-ბარი“, „კავალი კლუბი“, „ნაბუ“ და ა.შ.
ჩვენ ვფიქრობთ, იქნება რამდენიმე კონცეფცია: იტალიური, ფრანგული, აზიური, ქართული და სხვა, მაგრამ ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ ვართ, რომელს გავაკეთებთ.
ინვესტიციის საბოლოო მოცულობა ბოლო პროექტის დასრულებისას დაზუსტდება, თუმცა ჩვენ ველით, რომ დაახლოებით $25-30-მილიონიან ინვესტიციაზე იქნება საუბარი.
რა უკუგებას მოელით ამ პროექტებიდან?
თავს შევიკავებ ციფრების დასახელებისგან, თუმცა, ცხადია, ბევრს რომ არ მოველოდეთ და რეალურად ინვესტიცია რომ გაუმართლებელი იყოს, არც არავინ განახორციელებდა მას.
დამატებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც ჩვენი მხრიდან ოფიციალურად აქამდე არ გაჟღერებულა – „შერატონის“ ირგვლივ ჩვენ გვაქვს ტერიტორია, რომლის განვითარებაზეც აქამდე არავის უზრუნია. ვფიქრობთ სხვადასხვა კონცეფციაზე, რა შეიძლება გაკეთდეს. დღეის მონაცემებით საუბარია კაზინოზე, ლაქშერი ბრენდების მაღაზიებზე და კიდევ რამდენიმე სერვისსა და პროდუქტზე, თუმცა საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვართ. ერთადერთი, რაზეც ჩამოვყალიბდით არის ის, რომ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ეფექტურად უნდა ავითვისოთ ეს ტერიტორია, რადგან პრაქტიკულად ეს ტერიტორია არის აქტივი, რომელიც ახლა უკუგებას არ გვაძლევს.
რა პროექტებზე ფოკუსირდებით „შერატონისა“ და „თბილისი მოლის“ შემდეგ? ნოემბერში თქვენ ახსენეთ ინვესტიცია ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით…
ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია – ჩვენ სამი მიმართულებით ვმუშაობთ. მიმდინარე პროექტები ყველაზე პრიორიტეტულია, თუმცა, გარდა „შერატონისა“ და „თბილისი მოლისა“, ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარებაზე და ამ მიმართულებით ნაბიჯებიც გადავდგით. ვქირაობთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება – ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ტიპის კონცეფციების არსებობას საქართველოში. მივდივართ დუბაისა და რას ალ-ხაიმაში – სადაც უკვე საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ მსგავსი ინდუსტრიული ზონები – რათა გავიგოთ ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა მათი წარმატება, და იმისთვის, რომ მოხდეს მათი ადაპტირება, შემდეგ კი საქართველოში დანერგვა.
მეორე მიმართულება არის აქტიური თანამშრომლობა თანაინვესტირების ფონდთან. ჩვენ უკვე შევარჩიეთ პროექტი, რომელზეც ვმსჯელობთ. უკვე შევთანხმდით და ძალიან მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას feasibility studies-ის გაკეთებაზე ამ პროექტთან დაკავშირებით. გვინდა დეტალურად განვიხილოთ და დავინახოთ, მართლა შესრულებადია თუ არა ამოცანები და მიზნები, რომლებიც ჩვენ ზედაპირული ანალიზის შემდეგ რეალისტურად გვესახება. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ კვლევის შედეგების მიხედვით მივიღებთ.
მესამე მიმართულება არის ზოგადად რაღაც ახლის გაკეთება. თუმცა დღეს ეს პრიორიტეტი არ არის, რადგან ჯერ საკმაოდ ამბიციური პროექტები გვაქვს დასასრულებელი. ამ მესამე მიმართულების ფარგლებში არ გამოვრიცხავ, რომ ვისაუბროთ ენერგეტიკაზე, ლოგისტიკაზე, ნებისმიერ სფეროზე, რომელშიც პოტენციურად მოგებიანი და საინტერესო პროექტები შეიძლება განხორციელდეს.
რა არის იმ ინვესტიციათა ჯამური მოცულობა, რომლებიც დღემდე საქართველოში განახორციელეს „რაკია ჯორჯიამ“ და „რაკიინ დეველოპმენტმა“?
$300 მილიონამდე.
თქვენი გაცხადებული გეგმაა, ჩამოყალიბდეთ რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ. როგორია თქვენი კომპანიების განვითარების სტრატეგია, სად იქნებით 10 წლის შემდეგ?
ძალიან რთულია ამის თქმა, ვინაიდან ზოგადად ძალიან დინამიკური და სწრაფად ცვალებადი გახდა არა მარტო საქართველო, არამედ მთლიანად მსოფლიო ბიზნესსამყარო.
რა თქმა უნდა, არსებობს ჩვენი ხედვა. „ჩვენში“ ვგულისხმობ საქართველოს ოფისს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მფლობელია მისი აღმატებულება შეიხი საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი, რომელსაც თავისი ინტერესები სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. მისთვის პრიორიტეტულია რას ალ-ხაიმას საამირო და ეს გასაკვირი არაა, თუმცა იმავე მონდომებითა და შემართებით ზრუნავს ყველა სხვა ოფისზე.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა რეგიონალური მნიშვნელობის ჰოლდინგი გავხდეთ, საუბარია საქართველოს აქტივებსა და საქართველოში ოპერირებად კომპანიებზე. ვფიქრობთ, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა იქნება კონცენტრირება კონკრეტულ სექტორებზე, რომ ყველგან არ გავიფანტოთ და ვფოკუსირდეთ იმავე უძრავ ქონებაზე, ინდუსტრიულ ზონებზე, მოკლედ სექტორებზე, რომლებიც ჩვენ რეალურად მნიშვნელოვან ღირებულებას შეგვმატებს. შემდეგ უკვე ამ მოდელების – ოპერირების მიდგომებისა და მართვის მოდელების კოპირებას მოვახდენთ და განვავრცობთ კავკასიის რეგიონზე. დაახლოებით ეს არის ის გზა, რასაც მე დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ.
მნიშვნელოვანია სტრატეგიული მართვის დროს ადაპტაციის უნარის შენარჩუნება, შესაბამისად, ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს გარემოს ცვლილებიდან გამომდინარე. „ჩონჩხი“ არ შეიცვლება, რადგან უკვე ვიცით, რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ, რაც ძალიან გვეხმარება ადაპტირებაში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც უკვე ასეულობით მილიონიანი ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული რას ალ-ხაიმას შეიხმა საქართველოდან გასვლა გადაწყვიტა. რამ განაპირობა ქვეყნიდან წასვლისა და შემდეგ უკვე ქვეყანაში დარჩენის გადაწყვეტილებები?
რამ განაპირობა გადაწყვეტილება, რომ წასულიყო, ალბათ უპრიანია, თვითონ მას ვკითხოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, არის რაღაც მიზეზები, რომლებიც ჩემთვისაც კი არ არის ცნობილი. ჩემი გადმოსახედიდან, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, მარტივად შემიძლია ვთქვა – ადამიანი თუ კმაყოფილია, ის არ მიდის. რეალურად არსებობდა ბევრი მიზეზი, რამაც გამოიწვია მისი უკმაყოფილება. თანაც საუბარია ძალიან დიდ და არა „ჩვეულებრივ“ ინვესტორზე. თუმცა იმის მოწინააღმდეგეც ვარ, რომ ინვესტორები დაიყონ კატეგორიებად. ნებისმიერ ინვესტორს, თუნდაც ინდმეწარმეს, თავისი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ გარემო უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი – უცხოელი იქნება იგი თუ ქართველი, მნიშვნელობა არა აქვს. ყველას თანაბარ პირობებში უნდა უწევდეს მუშაობა.
სამაგიეროდ, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რამ განაპირობა შეიხის დარჩენა – ეს იყო ახალი მთავრობის ძალიან სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია. მას პირადად შეხვდა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ასევე ჰქონდა შეხვედრა პრემიერთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერებთან, ეკონომიკურ ბლოკთან და ა.შ. ამ შეხვედრების შემდეგ, მახსოვს, შეიხი ხაზგასმით აღნიშნავდა – ყველაზე დიდ სიამოვნებას ის მანიჭებს, რომ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მთავარი მესიჯი ყველასგან იდენტურია. ეს მე მიქმნის ადეკვატურ კომფორტს, ვიფიქრო ამ ქვეყანაში დარჩენასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მისასალმებელია, რომ დღევანდელი მთავრობა ყველა ინვესტორს თანაბრად ეკიდება. ამიტომაც არის, რომ „რაკია ჯგუფი“ ზოგადად ძალიან გააქტიურებულია ბაზარზე ინვესტიციების კუთხით.
მთავრობა აკეთებს ყველაზე მთავარს – გაძლევს საშუალებას, გქონდეს გარანტირებული უსაფრთხო საინვესტიციო გარემო. დანარჩენი ბიზნესმა უნდა შექმნას. მთავრობა ვერ ჩაგიდებს ფულს შენს პროექტში, თუმცა აქაც ძალიან საინტერესო ინსტრუმენტები შემოიტანეს ფონდებისა და სპეცპროგრამების სახით (ვგულისხმობ საპარტნიორო ფონდს, სპეცპროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და სხვა). დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ნებისმიერი მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომელზეც აპელირება ხდება – ეკონომიკის ზრდა, უმუშევრობის შემცირება, ინფლაციის კეთილგონივრულ ჩარჩოებში მოქცევა – ყველაფერს ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი და ყველაფერი უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში. სახელმწიფო გაძლევს რეგულაციას, გარემოს, ჩარჩოს, დანარჩენი შენ უნდა გააკეთო.
საინტერესოა, როგორ შეაფასებს ინდუსტრიაში ჩართული პროფესიონალი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 2008-ის კრიზისამდე და კრიზისის შემდეგ – რა ძირითადი პრობლემების წინაშე იდგნენ დეველოპერები მაშინ და რასთან გიწევთ ჭიდილი დღეს?
მე თავს უფლებას ვერ მივცემ, ვთქვა, რომ უძრავი ქონების ინდუსტრიის ექსპერტი ვარ. მე გახლავართ მართვის სპეციალისტი სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების კუთხით. თუმცა, კვლევებიდან გამომდინარე, რა ტენდენციებსაც ვაკვირდები – ვფიქრობ, დღეს ეს სექტორი არის ყველაზე განვითარებადი. უბრალოდ, ქალაქში რომ გაიარო, რეალურად ხედავ, რომ ღირებულება იქმნება – შენდება რეზიდენტული შენობები, შენდება კომერციული ფართები.
საინტერესო მაგალითია თუნდაც ის, რომ ადრე ამხელა შოპინგ მოლის არსებობა თბილისში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღეს არათუ მარტო ჩვენი შოპინგ მოლი არსებობს, არამედ კონკურენცია იზრდება – ძალიან დიდი შოპინგ მოლი შენდება აეროპორტთან, რომელიც ჩვენი კონკურენტი კია, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, რადგან ეს არის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული. არავინ ააშენებდა მას, რომ არ იყოს მოლოდინები და წინასწარი გათვლები.
სასტუმროები ავიღოთ! ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უცებ, ერთდროულად, ამდენი ბრენდი დაინტერესდებოდა საქართველოში შემოსვლით. ჩვენ ვაკეთებთ რენოვაციას, ინტერკონტინენტალი შემოდის, ინი შენდება – თან მხოლოდ თბილისში – ბათუმი კიდევ ცალკე თემაა… ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სექტორი არის უძრავი ქონება.
რა გავლენას იქონიებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თქვენს კომპანიებსა და ბიზნესის ზოგად სურათზე?
ძალიან გახარებული ვართ. ერთი მხრივ, ზოგადად, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ინვესტორი და, მეორე მხრივ, მეც პირადად გახარებული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. მინდა ყველას მივულოცო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერა.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ბიზნესს – ის ზედგამოჭრილი იყო ერთ-ერთი ჩვენი მიმართულებისთვის – ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის. ყველა სავაჭრო პირობა და შესაძლებლობა არსებობს, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია ავტომატურად აღიქმებოდეს, რომ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. ის, რომ იარსებებს სპეციალური მინაწერები და ლოგოები საქართველოსთვის, ძალიან ფართო გასაქანს იძლევა.
იმ ტენანტებს, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ და რომლებიც შემოვლენ, ექნებათ შეხება არა მხოლოდ საქართველოს რეგიონალურ ბაზართან, არამედ გაათმაგებულ და გაასმაგებულ საექსპორტო ბაზართან, რაც, რა თქმა უნდა, ავტომატურად ღირებულებების ჯაჭვია და ჯაჭვური რეაქცია აისახება ყველაზე. როდესაც ჩვენი ტენანტი ბედნიერი იქნება – ეს აისახება ჩვენზე, შესაბამისად, სახელმწიფოზე და სახელმწიფოს ნებისმიერ მოქალაქეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. გულწრფელად გეუბნებით, ამას სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ჩვენი არაბი მფლობელებიც. ყველამ ვიცოდით, რა დამატებითი მოგების მოტანა შეუძლია ამ დოკუმენტს და ამიტომაც ძალიან გავააქტიურეთ ფოთის ინდუსტრიული ზონის მიმართულებით მუშაობა.
რადგან არაბი ინვესტორები ახსენეთ – თქვენი პირადი გამოცდილებით, რა სპეციფიკა ახასიათებს არაბ ინვესტორებთან და არაბულ კაპიტალთან მუშაობას, რა ბიზნესეთიკა მოქმედებს არაბულ სამყაროში და რითი განსხვავდებიან არაბი ინვესტორები ამერიკელთაგან ან ევროპელთაგან?
ვიტყოდი, ცალკე კომპეტენციაა მათთან ურთიერთობა. ძალიან მარტივია – საქმე გაქვს სამეფო ოჯახთან . რომ ჩავუღრმავდეთ გლობალურად სახელმწიფო მმართველობის ფორმებს – დემოკრატიას, მონარქიას – რა განსხვავები ახასიათებთ მათ – ამ განსხვავებების არსებობა შესამჩნევია ბიზნესზე და მიდგომებზე დაკვირვებისას.
ძალიან ჭკვიანი და ეთიკური ხალხია. იციან ფულის ფასი. ხანდახან ხალხს ჰგონია, ვინაიდან წვდომა აქვთ ძალზე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთან, ბევრად მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს – ასე არ არის. ისინი თანამედროვე მიდგომით აფასებენ ინვესტიციებს. ფაქტია ისიც, რომ ძალიან იზრდება უცხოელების მიგრაცია არაბეთში და ისინი იკავებენ საკვანძო პოზიციებს. რას ალ-ხაიმაში უამრავი ცნობილი საინვესტიციო ბანკირი, კონსულტანტი და ა.შ. ჩავიდა და სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა.
ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს – ძალიან ფასობს ნდობა და სიტყვა. ძალიან ხშირად, როდესაც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა საჭირო და დეტალური ანალიზისთვის დიდი დრო არ არის – რაც ბიზნესში ხშირად ხდება – შენ მიერ ნათქვამი სიტყვა მათთვის შეიძლება იყოს საკმარისი, რომ მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, სიტყვას უნდა უძღვოდეს ნდობა და ამ ნდობას დამსახურება სჭირდება.
რა კრიტერიუმები განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას თანამედროვე ბიზნესსამყაროში?
ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანური რესურსი – ხალხი. შეიძლება გქონდეს ბევრი ფული, უნიკალური პირობები, უნიკალური მონოპოლისტური აქტივი, მაგრამ თუ არ გყავს ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს სწორად მართავს, არაფერი გამოგივა. ვფიქრობ, სწორი გუნდის ფორმირება და პროფესიული ადამიანური რესურსის მოზიდვა მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მოტივირება, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ადამიანს ძალიან ადვილად ბეზრდება ერთი და იმავეს კეთება. ამიტომ ყველა ლიდერისა და მენეჯერის მთავარი ამოცანაა, თანამშრომლებისთვის რაც შეიძლება საინტერესო სამუშაო გარემო შექმნას.
ხშირად მომისმენია კითხვა – რატომ უნდა ჩავდო ბევრი ფული თანამშრომელში? – როდესაც ის პროფესიულად გაიზრდება, შეიძლება გაგვექცეს ან რაღაც დამატებითი მოგვთხოვოს! პასუხი მარტივია: ჯობია გაგექცეს, რადგან, ვიდრე გაიქცევა, ის თავისას მოიტანს, ვიდრე გყავდეს დემოტივირებული თანამშრომელი, რომელიც გაცილებით ნაკლებ ღირებულებას შეგმატებს. ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და ზოგადად ტალანტის მართვა.
აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია კონტაქტები, არა მხოლოდ მთავრობებთან – ყველასთან: კონკურენტებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან – კონტაქტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, პოლიტიკოსებთან და ა.შ. წარმატებული და ძალიან ელიტარული ბიზნესსკოლები – მაგალითად, ჰარვარდი და სტენფორდი – ცალკე საგნად ასწავლიან ნეტვორკინგს, რადგან ყველა მიხვდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რესურსი. მათ სჯერათ, რომ ამის სწავლება შესაძლებელია.
პიროვნების წარმატებას რაც შეეხება – ბევრი ფაქტორია განმსაზღვრელი. ვფიქრობ, ერთი განზოგადებული რეცეპტი არ არსებობს. გააჩნია ადამიანს, გააჩნია, სად არის, გააჩნია, როგორ გარემოშია. თითოეულ ქვეყანას თავისი საბაზისო კულტურული ღირებულება აქვს, რაც თავის როლს თამაშობს.