გურამ ბაღდოშვილმა ნარიყალაზე, ჯემალ აჯიაშვილის ქუჩის N20-ში განახლებული რესტორანი „ციტადელი“ გახსნა. ქართველმა შეფ-მზარეულმა Forbes Georgia-სთან საუბრისას კიდევ ერთი კვების ობიექტის, „მალ-მალეს“ გახსნა დააანონსა, რომელიც სტუმრებს ორბელიანის მოედანზე უმასპინძლებს.
რესტორანი „ციტადელი“, რომელიც IV საუკუნის ჩანაწერებიდან ცნობილ ნარიყალას ციხესიმაგრის კედელთან არის განლაგებული, ნაციონალური სიძველისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.
„სრული კონცეპტი თამარ მეფესა და მისი მმართველობის პერიოდზეა აგებული. რესტორანში ქართული ტრადიციული სამზარეულოა წარმოდგენილი. ჭურჭელი, რომელზეც კერძები თავსდება, IX-XI საუკუნის მოზაიკების ორიგინალი ნიმუშების შთაგონებით არის მომინანქრებული“, – განაცხადა ბაღდოშვილმა.
გურამ ბაღდოშვილის ინფორმაციით, „ციტადელს“ ერთდროულად 150 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ქართველი შეფ-მზარეული იმედოვნებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ტურისტი შემოვა და რესტორანი როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე უცხოელებისთვის სრული დატვირთვით იმუშავებს.
რაც შეეხება რესტორან „მალ-მალეს“, ბაღდოშვილს ახალი სივრცის გახსნის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც შეფ-მზარეულმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, ის ნოემბრიდან ამუშავდება. კვების ობიექტი სტუმრებს ორბელიანის მოედანზე, კერძოდ კი ვეკუას ქუჩის N3-ში უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, რესტორანში წარმოდგენილი კერძები ქართული სამზარეულოთი იქნება შთაგონებული.
„რესტორან „მალ-მალეში“ ქართული კერძებით ინსპირირებული ე.წ. „ფინგერ ფუდ“ საკვები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც „ჩხაკაჩხუკები“ შევარქვი. ეს იქნება კროკეტის სტილის მშრალი ბურთულები, რომლებიც ძალიან მალე მომზადდება და სტუმრები მათ სწრაფად მირთმევას შეძლებენ. გარდა ამისა, რესტორანი წვნიანების ნაირსახეობასაც შემოგთავაზებთ“, – აღნიშნა ქართველმა შეფ-მზარეულმა.
ბაღდოშვილის განცხადებით, „მალ-მალეში“ მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიცია, რომელიც რესტორნის ტექნიკით უზრუნველყოფაზეა გათვლილი, საერთო ჯამში 50 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამავე სივრცეში „მალ-მალესთან“ ერთად დაახლოებით 35 კვების ობიექტი განლაგდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გურამ ბაღდოშვილის თქმით, შექმნილი პანდემიური ფონიდან გამომდინარე, აქცენტი ჯერჯერობით „ციტადელისა“ და „მალ-მალეს“ სრული დატვირთვით ამუშავებაზე გაკეთდება. მისი განცხადებით, კვების ახალი ობიექტების დამატებაზე ფიქრს ვითარების დასტაბილურებისა და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ დაიწყებს.
დატოვე კომენტარი