აკიაკა ნაცნობ თურქულ კურორტებთან ახლოს არის, მაგრამ თითქოს მაინც უსასრულოდ შორსაა. რეიჩელ დიქსონი ისვენებს თვალწარმტაც ადგილას, რომელიც გურმანებსა და ბუნების მოყვარულებს შორის პოპულარობას ჯერ მხოლოდ იკრებს.
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე Kadın Azmak-ის ნაპირზე, აკიაკაში აუჩქარებლად საუზმობისას რთულია წარმოიდგინო, რომ ამ მშვიდობიან ატმოსფეროს რაიმე დაარღვევს. იხვები და ბატები პურისთვის გროვდებიან, იქვე თევზების მუქი გუნდები დაცურავს და ხასხასა მწვანე წყალმცენარეები ნელა ირხევა ტბაში, რომელშიც ყინულოვანი წყაროები ჩაედინება.
ეს პატარა ქალაქი – მისი მოსახლეობა დაახლოებით 2500-ს შეადგენს – ეგეოსის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ზოგიერთი ბევრად უფრო ხმაურიანი მეზობლისგან, ბოდრუმისა და მარმარისისგან – თურქეთის ორი უმსხვილესი კურორტისგან – შორს არ არის. შესაძლოა, სწორედ მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მაშინდელმა მერმა, აჰმეტ ჩალჩამ (Ahmet Çalça), 2011 წელს საერთაშორისო Cittaslow მოძრაობაში გაერთიანება გადაწყვიტა, რამაც აკიაკა თურქეთის მეორე „ნელ ქალაქად” (”slow town”) აქცია (ამჟამად არსებობს ცხრა).
ჩალჩა, გარდა იმისა, რომ აკიაკას ცხოვრების ნელი რიტმით ამყობდა, ამავე დროს იმედოვნებდა, რომ Cittaslow-ს წევრობა მას ქალაქის უნიკალური კულტურის, არქიტექტურისა და გარემოს შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. „აკიაკა ჩემი გულია”, – ამბობს ის. ჩალჩა ტურიზმზე დებს ფსონს, – სტუმრების რაოდენობა წელიწადში 100 000-ს შეადგენს, 10 წლის წინ 15000-ისგან განსხვავებით – მაგრამ მას სურს, რომ ზრდა სტაბილური გახადოს. აკიაკა დამსვენებელი თურქებისთვის უკვე საყვარელ ადგილს წარმოადგენს. სასტუმრო Otel Azmakhan-ში azmakhan.com.tr, სადაც მე გავჩერდი, სტუმრების 90% თურქია. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ქალაქი მხოლოდ ერთი საათის გზაზეა დალამანის (Dalaman) აეროპორტიდან (რომლამდე ფრენასაც ლონდონიდან სამ-ნახევარი საათი სჭირდება), ის მრავალი ბრიტანელისთვის ჯერ კიდევ აღმოსაჩენია.
ეს მდგომარეობა ნამდვილად შეიცვლება, რადგან ქალაქს გურმანებისთვის, ბუნების მოყვარულთა და არქიტექტურის ფანებისთვის ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი. მდინარე და დატბორილი მიწების დაცული ზონა თვალწარმტაც აღმოსავლეთ საზღვარს ქმნის; ის ქალაქის ქვედა, უფრო ტურისტულ ნახევრამდე, ნავსადგომისა და პლაჟის შემოვლით, ნაპირის გასწვრივ 10 წუთის სავალზეა. დაცული ტყეები, მათ მიღმა მთებით, ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ არის განლაგებული. ზედა აკიაკა – ქალაქის საქმიანი უბანია პატარა ბაზრით, თევზის მაღაზიით, საყასბოთი და საცხობით, ასევე ყავახანებით, რომლებიც tavla-ს (ნარდი) მოთამაშე კაცებითაა სავსე.
1970-იან წლებში არქიტექტორმა ნაილ ჩაკირჰანმა, (Nail Çakırhan) აღადგინა ქალაქის ძველი სახლები, ხოლო ახალი ნაგებობები ააშენა ტრადიციული ოსმანურ/თურქულ/ეგეოსის რეგიონის ნარევი სტილის არქიტექტურით, რომელიც აკიაკას უნიკალურ სტილად გარდაიქმნა. შენობებს ფიჭვის ხის ორნამენტირებული კარნიზები და აივნები, თეთრად შეღებილი კედლები და წითელი სახურავები აქვს. ჩაკირჰანს 1983 წელს ისლამური არქიტექტურისთვის, დიდწილად თავისი ნამუშევრისთვის, აკიაკაში პრესტიჟული Aga Khan-ის ჯილდო მიანიჭეს. დღეს ახალ შენობებში ეს სტილი დაცული უნდა იყოს.
ფიზიკურ მომხიბვლელობასთან ერთად, აკიაკას მზარდი რეპუტაცია გააჩნია თავისი სამზარეულოს წყალობით, რომელიც ძირითადად ბოსტნეულისა და თევზისგან შედგება. მდინარის გასწვრივ მდებარე Nadir Usta’nin Yeri nadirusta.com, სადაც მე ყოველდღე ვსაუზმობდი, მხოლოდ ერთ-ერთია რამდენიმე თევზის რესტორანს შორის. ყოველ მათგანში წყლის თავზე აგებული ხის ტერასები და ხეებზე მიბმული განათება არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ქმნის. ორიგინალური და საუკეთესოა Halil In Yeri halilinyeri.com.tr, რომელშიც არაჩვეულებრივ მეზეს ამზადებენ – ფარშირებულ გოგრის ყვავილებს, მარინადში ჩადებულ სოლეროსს (sea beans) – აქ კერძების შესაკმაზად თავიანთ საკუთარ ორგანულ ბაღებში მოყვანილ ლიმონსა და ახალგამოხდილ ზეითუნის ზეთს იყენებენ. სტუმრები თავიანთ მთავარ კერძს ახალი თევზის ბუფეტიდან ირჩევენ: მე გავსინჯე ხრაშუნა პატარა ხონთქარა და დელიკატესური ზღვის ქორჭილა. დესერტად ტკბილ ჰალვას ან წებოვან დაშაქრულ ლეღვსა და კომშს მოგართმევენ (ორი პორციის ფასი, ღვინის ჩათვლით, დაახლოებით £40 ღირს). ეს ქალაქის ნელი კვების კულტურისთვის საუკეთესო შესავალია. თუ თქვენ თევზი მოგბეზრდებათ, ათობით რესტორანი ქვედა აკიაკაში უფრო მეტ მრავალფეროვნებას შემოგთავაზებთ. ის მოიცავს ev yemekleri (შინაური სამზარეულოს) კაფეებს, რომლებიც, დახვეწილი სამზარეულოს გარდა, ახალ ტრენდს წარმოადგენს. Ayse Ananin Yeri-ში, მაგალითად, რამდენიმე ლირად უბრალო წვნიანებს, მოთუშულ კერძებსა და მანტებს (თურქული რავიოლი) ამზადებენ. საქმიან ზედა აკიაკაში, Kristal-ი სანელებლებით შეზავებული Adana ქებაბისა და ცივი ლუდის Efes-ის დასაგემოვნებლად (დაახლოებით £17 ორი პორცია) კარგ ადგილს წარმოადგენს.
ისევ მდინარის გასწვრივ Mocca-ა – უახლესი კაფე და ბისტრო – ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ერთი პატარა ჭიქა მაგარი ყავისა და რაჰათლუკუმის დასაგემოვნებლად (£1-მდე). ხუთწუთიანი საუბრის შემდეგ კეთილგანწყობილმა მეპატრონემ იქ წვეულებაზე დამპატიჟა. მაღაზია Olive Farm-ში (ზეთისხილის ფერმა), შეგიძლიათ ადგილობრივი ზეითუნის ზეთი და ზეთისხილის ექსტრაქტით დამზადებული საპნები აირჩიოთ.
ბარები ქვედა აკიაკაში, რამდენიმე რიგად ერთ ქუჩაზე – Karanfil Sokak-ზე არის თავმოყრილი. სხვა ადგილებისგან გამორჩეულად, Feronia-ში feronclub.com, საუკეთესო ღვინოებს შემოგთავაზებენ, მათ შორისაა მრავალი საუკეთესო თურქული ღვინო. დაგემოვნება ჭიქებით შეგიძლიათ (დაახლოებით £2,50-დან). Mev-ი ალბათ ყველაზე ხმაურიანი სანაპირო ბარია Yucelen Otel-ში gokovayucelen.com, სანაპიროს დასავლეთ ბოლოში. აქ პატარა ბარი სახურავზეცაა განლაგებული. საიდანაც მზის ჩასვლის ყურება შეიძლება.
უფრო ლამაზი ხედი იშლება Sakartepe-ს მწვერვალიდან, რომელიც აკიაკას გადმოჰყურებს. მუღლასკენ მიმავალი მთავარი გზიდან გამოსულ უსწორმასწორო ბილიკს სათვალთვალო წერტილთან გავყავართ, ხედით ქალაქზე და მთელ გიოკოვას ყურეზე. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ამ ხედის დანახვისას მწერალმა ჯევატ შაკირ კაბააგაჩლიმ (Cevat Sakir Kabaagaçlı) წარმოთქვა: „ნახე რომი და მოკვდი; ნახე გიოკოვა და იცოცხლე” (თუმცა, უკან ჩამოსვლისას, ფრთხილად იყავით, sakar ითარგმნება, როგორც „მოუხერხებელი”, მას ეს სახელი მიხვეულ-მოხვეულ მთის გზაზე მომხდარი რიგი ავარიების გამო დაერქვა).
წავების დასათვალიერებელი ექსკურსიების დროს, გემები მდინარეს ქშინვით აუყვებიან, მაგრამ მე, ამის მაგივრად, პლაჟის ბოლოში მდებარე გასაქირავებელი კომპანიისგან კაიაკი დავიქირავე. ფატიჰ საჰინი~ (Fatih Sahin), ახალგაზრდა იურისტი და აკიაკასმცხოვრები, ადრიანი დილით სასეირნოდ გამომყვა. დაბალწყლიანი ყურის გასწვრივ ნიჩბების მოსმის შემდეგ ჩვენ ზედა დინების მიმართულებით გავემართეთ. ფატიჰმა ქალაქის „საცურაო აუზი” მაჩვენა, წრიული მარყუჟი მდინარის ნაპირზე. ჩვენ არ შეგვინიშნავს წავები, მაგრამ აკიაკას გულში მდინარეზე გასვლა, რომლის ნაპირებზეც ადგილობრივი ოჯახები პიკნიკებს მართავენ და წყვილები შებინდებისას სეირნობენ, არაჩვეულებრივი იყო.
ქალაქის პლაჟზე არის მჭიდროდ დაპრესილი, მონაცრისფრო ქვიშა. მომხიბვლელი Cinar-ის პლაჟი მანქანით რამდენიმე წუთის (ხოლო ფეხით დიდი ხნის) სავალზეა განლაგებული. თავად პლაჟი ქვიანია, მაგრამ გარემო ამას მეტისმეტადაც კი ანაზღაურებს: ტყიანი მთებით გარშემორტყმული განმარტოებული ყურე პატარა ნაკადულით და ერთადერთი პლაჟის ბარით, რომლის ფიცარნაგი მზის აბაზანების მისაღებად საუკეთესო ადგილია.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აკიაკადან ახლომდებარე კუნძულ სედირზე (Sedir), „კლეოპატრას პლაჟზე” ნავით გაემგზავროთ. ამბობენ, რომ მარკუს ანტონიუსმა ქვიშა ეგვიპტიდან ჩამოიტანა. მართლაც, მისი მკვეთრი ოქროსფერი ამ ტერიტორიაზე არსებული არც ერთი პლაჟის ფერს არ ჰგავს. კუნძულ სედირზე აგრეთვე შემორჩენილია ელინური და რომაული ნანგრევები, ლამაზად განლაგებული ამფითეატრის ჩათვლით, სადაც ქვებში ზეთისხილის ხეები გაზრდილა. მგზავრობას მთელი დღე სჭირდება თვალწარმტაც საცურაო ადგილებში რამდენიმე გაჩერებით (£8,50 ლანჩის ჩათვლით); ყოველ დილას ნავსადგომიდან მრავალი ნავი გადის. აკიაკადან შეგიძლიათ დოლმუშით (საზოგადოებრივი მიკროავტობუსი) გაემგზავროთ მუღლაში, სადაც რეგიონში უმსხვილესი ბაზარია (ყოველ ხუთშაბათს), ან ეწვიოთ დანგრეულ ქალაქ ეფესოს; ლამაზ მთაზე მდგარ სოფელ შირინჩეს (Sirince) და ხმაურიან ბოდრუმს, რომელიც ძალუმად გაჩაღებული მშენებლობების მიუხედავად, მომხიბვლელობის შენარჩუნებას ახერხებს.
ქალაქში მრავალი სასტუმრო და აპარტამენტი არსებობს, მაგრამ მე Azmakhan-ის მდინარისპირა განლაგება მომეწონა. ეს არის უბრალო, 20-ოთახიანი, სამვარსკვლავიანი სასტუმრო ლამაზი აუზით, აკიაკაში ერთადერთი სპორტული დარბაზითა და ჰამამით, სადაც მე პროფესიონალურად დამბანეს, გამსაპნეს და მასაჟი გამიკეთეს. მათთვის, ვინც ცოტა მეტ ფუფუნებას ეძებს, მისი მფლობელები ბუტიკ-ოტელ Azmakhan Deluxe-ს აშენებენ, რომელიც ივლისში უნდა გაიხსნას.
ახალი ობიექტის არქიტექტორმა მითხრა, რომ ის ამხელა პასუხისმგებლობის გამო ნერვიულობდა. ამ სასტუმროში 40 ოთახი იქნება. როგორც ჩანს, მერს ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი აქვს.
დატოვე კომენტარი