ლურჯი მოცვის ნერგები აშშ-დან საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოიტანეს და საცდელად იმერეთში, სოფელ სიმონეთში დარგეს. 2007-2008 წლებში, მოცვის ნერგები გაშენდა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოშიც. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეკოლოგიური პირობები ამ კულტურის წარმოებისთვის სრულად შესაბამისია. საცდელი პარტიების შემდეგ საქართველოში მოცვის გაშენება დაიწყო.
რა ოდენობის მოცვი იწარმოება დღეს საქართველოში, დაზუსტებული რიცხვები არ არსებობს, თუმცა, არსებობს ექსპორტის მონაცემები, რომლებიც წლიდან-წლამდე მზარდ ტენდენციას აჩვენებენ. მაგალითად, საქსტატის მიხედვით, 2014 წელს საქართველოდან სულ 152 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ახალი შტოშის, მოცვისა და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ჯგუფიდან, 2016 წელს კი 474 ათასი დოლარის.
სწორედ გასულ წლებში დაწყებულმა სახელმწიფო პროგრამამ გადააწყვეტინა კომპანიის ჩამოყალიბება პალესტა ზანთარაიას. შპს “ბლუბერი” 2016 წელს ოზურგეთში, დაბა ნარუჯაში დაარსდა. კომპანიას ამ ეტაპზე მოცვი 15 ჰა-ზე აქვს გაშენებული და წელს 45 ტონამდე მოსავალს ელოდება.
Blueberry-ს დამფუძნებელი პალესტა ზანთარაია ამბობს, რომ თავდაპირველად პლანტაცია მხოლოდ 5 ჰა-ზე ჰქონდათ გაშენებული, წელს კი ფართობები დაამატეს, რაც ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობასაც აძლევთ.
“ლურჯი მოცვი ასე ვთქვათ, ახალი ხილია საქართველოსთვის, თუმცა, მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პროდუქტი მოთხოვნადია რუსეთში, უკრაინაში, სადაც ფასიც კარგია და თან საქართველოსთან ახლოც არის”,- აცხადებს პალესტა ზანთარაია.
კომპანიაში მუდმივად 6 ადამიანია დასაქმებული, მოსავლის აღების პერიოდში კი დასაქმებულთა რიცხვი 100-150-ს აღწევს.
ქართული მოცვის უპირატესობები
კომპანია Blueberry-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში მოცვი ადრე მწიფდება, რაც მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. სიმწიფის პერიოდი მაისის ბოლოს იწყება და ივლისის შუა რიცხვებში სრულდება. საქართველო მოცვის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს დაახლოებით ერთი თვით უსწრებს.
ბიზნესმენის თქმით, ყველაფერთან ერთად საქართველოში მოყვანილ მოცვს უკეთესი გემოვნური თვისებები გააჩნია, რაც კლიმატური პირობებით არის განპირობებული.
“ამასთან, მნიშვნელოვანია სიახლოვე იმ ქვეყნებთან, სადაც პროდუქცია ექსპორტზე გადის. მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენგან თვითმფრინავით შეგვიძლია 3 საათში უკვე ადგილზე იყოს პროდუქტი, სხვა ქვეყნებიდან ჩატანას 2 დღე სჭირდება”,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
გასაღების ბაზარი და ფასი
კომპანია პროდუქციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ყიდის. საქართველოში კილოგრამი ხილის ფასი 5-დან 10-ლარამდე მერყეობს. უცხოეთში კი 5 დოლარიდან იწყება. ფასი დამოკიდებულია პროდუქციის ხარისხზე, მოცულობასა და საექსპორტო ქვეყანაზე.
Blueberry-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მათთვის გასაღების ძირითადი ბაზარი ამ დროისთვის რუსეთია, თუმცა, ახალი პლანტაციების გაშენების შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის ემზადებიან. კომპანიამ წელს უკვე მოახერხა Global Gap-ის სერთიფიკატის აღება და პროდუქციის ექსპორტზე პოლონურ და ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო.
დაინტერესება არის ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორიცაა ქუვეითი და კატარი.
ამ დროისთვის კომპანიას საკუთარი შესაფუთი საწარმო და დანადგარები არ გააჩნია. “ბლუბერის” უკვე მიმართული აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთვის და საწარმოსა და დანადგარების შეძენისთვის თანადაფინანსებას ითხოვს. პროექტის ღირებულება 700 000 ევროა.
“თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოება
Blueberry “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. კომპანიას სურს “წლის აგრობიზნესის” სტატუსი მოიპოვოს და გამარჯვების იმედი აქვს.
მოცვის პლანტაციების მფლობელი ამბობს, რომ მისი მიზანი, უპირველესად, პროდუქციის ცნობადობის ამაღლებაა.
“ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში ეს პროდუქცია იწარმოება. გვინდა, რომ ამაღლდეს ცნობადობა და მოთხოვნა გაიზარდოს პროდუქტზე, არამარტო მოხმარების თვალსაზრისით, არამედ დარგის განვითარების მიმართულებითაც. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა ამას ხელს შეუწყობს”,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
მისივე განმარტებით, ცნობადობის ამაღლების შედეგად ამ სფეროთი დაინტერესბეული ადამიანები გაერთიანდებიან, მეტი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას შეძლებენ, რაც მათ დონორების მოძებნასაც გაუიოლებს.
დატოვე კომენტარი