ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ჯანსაღი დაკრედიტების კუთხით აქტიურ ნაბიჯებს დგამდა. საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივად დაახლოების მიზნით, დაიხვეწა საზედამხედველო ჩარჩო. სებ- ი მუშაობდა კორპორაციული მართვის აღიარებული პრინციპების დანერგვისათვის, მათ შორის ეთიკის სტანდარტებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, რაც დადებითად აისახება ინვესტორთა ნდობის ზრდაზე. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ზრუნავდა მისი მთავარი მანდატის – ფასების სტაბილურობის – უზრუნველყოფაზე, ასევე აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონემდე შევსების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არასაბანკო სექტორის გამჭვირვალობის მიმართულებით და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გვაქვს ამბიცია, რომ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით ქართული საფინანსო სექტორი გავხადოთ კიდევ უფრო სტაბილური, სანდო და მიმზიდველი.
საფინანსო სისტემის მდგრადი განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების არსებობა. სესხი არ არის შემოსავალი და სესხმა გაცემისთანავე არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის ჭარბვალიანობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლიდან ამოქმედებული ახალი წესები კი სრულად პასუხობს ქვეყნისა და საფინანსო სისტემის წინაშე არსებულ მსგავს გამოწვევებს. ახალი წესებით სესხები გაიცემა იმ პირებზე, ვისაც მისი ჯანსაღად მომსახურების უნარი აქვს. ამასთან, სესხის მომსახურებისათვის შესაძლებელია როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური შემოსავლების გათვალისწინება. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ბოლო გაუმჯობესების დროს ახალი რეგულაციებიც ერთ-ერთ პოზიტიურ ფაქტორად იქნა მიჩნეული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უკვე გამოიკვეთა ახალი რეგულაციების პირველი დადებითი ეფექტი – აღარ გაიცემა გაკოტრებისთვის წინასწარ განწირული სესხები, გაუმჯობესებულია საკრედიტო პორტფელის ხარისხობრივი პარამეტრები და, რაც ცალსახად პოზიტიურია, მზარდია ლარით დენომინირებული სესხები.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი შეიმუშავა, რომელიც საერთაშორისოდ მიღებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს აერთიანებს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის კუთხით. კოდექსის მიზანი კომერციული ბანკების კორპორაციულ მართვაში არსებული საერთაშორისოდ აღიარებული მოწინავე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საბანკო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებასა და მდგრადობაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის მაისში დაასრულა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნაზე მუშაობა. კომერციული ბანკის ან ფინანსური სისტემის პრობლემების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს, კომერციული ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევისა და ლიკვიდაციის დაწყების გარდა, უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, რომლის გამოყენებაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს ფინანსური სექტორის სტაბილურობას. ასეთ ალტერნატივას წარმოადგენს ბანკის რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების დადგომისას, ბანკის ლიკვიდაციის დაწყების ნაცვლად, ბანკის იმგვარად რესტრუქტურიზაციას, რომ ფინანსური სტაბილურობა და ბანკის კრიტიკული ფუნქციები გადასახადების გადამხდელებისთვის მინიმალური დანახარჯებით შენარჩუნდეს. მსოფლიოში ასეთი ჩარჩოს განვითარება 2008-2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დაიწყო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს შემთხვევაში, რეფორმის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის გამოწვეული ფინანსურ სექტორში რაიმე პრობლემების არსებობით. თუმცა მნიშვნელოვანია, არსებობდეს კრიზისების მართვის ჩარჩო, ერთი მხრივ, მათი პრევენციის, ხოლო, მეორე მხრივ, სირთულეების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირებისათვის. გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დაგეგმვის მუდმივი პროცესები ხელს შეუწყობს კრიზისების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებას და მათდამი მოწყვლადობის შემცირებას.
საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე მცირე და ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. მათი შევსების ერთ-ერთ წყაროს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები წარმოადგენს, რომლებსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ამის საშულებას იძლევა, ანუ თუ შესყიდვა არ გამოიწვევს ჭარბ რყევებს ბაზარზე და, ამასთანავე, არ შეცვლის გაცვლითი კურსის არსებულ ტრაექტორიას. ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3.7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
აუცილებელია, რომ საერთაშორისო რეზერვების შევსება გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენით მოხდეს და მორგებული იყოს ბაზრის საჭიროებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლიდან ეროვნული ბანკმა ახალი ინსტრუმენტით, სავალუტო ოფციონებით, ვაჭრობა დაიწყო. აღნიშნული ინსტრუმენტის ძირითადი პრინციპების თანახმად, მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს და, ამასთანავე, ეს საბაზრო მექანიზმზე დაფუძნებული ინსტრუმენტია.
არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის კუთხით, მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებებით საფუძველი ჩაეყარა ახალ საზედამხედველო ჩარჩოს, რომელიც მომავალში არასაბანკო სექტორის გამჭვირვალობის ზრდას, სტაბილურ განვითარებასა და რისკების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, გაჩნდა პოტენციალი კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების ფონზე, სექტორი გახდეს უფრო ჯანსაღი, სანდო და მიმზიდველი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით. კაპიტალის ბაზარი, საბანკო სისტემის პარალელურად, ფინანსური რესურსების მოზიდვის ალტერნატიულ საშუალებად განიხილება. განვითარებული კაპიტალის ბაზარი ბიზნესსამყაროსთვის კონკურენტულ გარემოს ქმნის, ხელს უწყობს დანაზოგების უფრო ეფექტიან გადანაწილებას და კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს.
გამართული საზედამხედველო ჩარჩო უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებების დაცულობას, მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და სანდოობას, რაც, თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ- ერთი მთავარი წინაპირობაა. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა.
2018 წელს გაფორმდა 3-წლიანი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელგიის ფასიანი ქაღალდების საზედამხედველო ორგანოს (FSMA) შორის. საქართველოს ეროვნული ბანკი, FSMA-ის დახმარებით, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობას ევროკავშირის ძირითად სტანდარტებს შეუსაბამებს, რაც საზედამხედველო ჩარჩოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 2018 წელს ძალაში შევიდა განახლებული პროსპექტის წესი, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ პროსპექტის დირექტივას ეფუძნება და მიზნად ისახავს გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას.
ფინანსური სექტორის მომხმარებლის უფლებების დაცვა და მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ზრდის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ- ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო წინა წლების ტენდენცია და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების, ასევე ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიმართულებით, რაც ეფექტიანად პასუხობს ფინანსურ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე” (Global Inclusion Awards) რეგიონალური “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში გაიმარჯვა.
დატოვე კომენტარი