საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მისი შვილობილი კომპანია GWP-ის 80%-იანი წილი ესპანურ კომპანია Aqualia-ს 180 მლნ დოლარად მიჰყიდა. მხარეებს შორის შეთანხმების თანახმად, 2025 და 2026 წლებში Aqualia-მ დარჩენილი 20%-იც უნდა გამოისყიდოს – შესაბამისად, გარიგების მთლიანი ღირებულება 225 მლნ დოლარს შეადგენს.
„Aqualia-ს საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ამბავია ერთი მხრივ იმიტომ, რომ ქვეყანაში დიდი ინვესტიცია შემოვიდა. ეს ძალიან კარგი მესიჯია პოტენციური ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, რომელმაც Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ფელიქს პარა მედიავილას გუშინ უმასპინძლა.
თავის მხრივ, მედიავილამ განაცხადა, რომ საქართველო სანდო და სტაბილური პარტნიორი ქვეყანაა და Aqualia-ს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მაგალითი იქნება სხვა ესპანური კომპანიებისთვისაც.
Aqualia ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტსა და სერვისში ლიდერია. ამავდროულად, კომპანია მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში რიგით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანიაა. ის ამჟამად 17 ქვეყანაში დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება. ქვეყნებს შორისაა: ალჟირი, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, საუდის არაბეთი, ესპანეთი, მექსიკა, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ომანი, ეკვადორი, ეგვიპტე და რუმინეთი. 2020 წლის მონაცემებით, Aqualia-ს შემოსავალი 1,188 მლნ ევროს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ GWP-ის საკონტროლო პაკეტის ესპანური კომპანიის მიერ ყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გავრცელდა. როგორც მაშინ „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა, Aqualia-ს შემოსვლა წყალმომარაგების სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს: „ვფიქრობთ, კომპანია Aqualia-ს შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ“.
ცნობისთვის, 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, GWP-ის მთლიანი შემოსავალი 116 მლნ ლარი იყო, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალმა 48.9 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები – 559 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 463.9 მლნ ლარია.
დატოვე კომენტარი