საქართველოს საბანკო ინდუსტრიაში 12-წლიანი მუშაობის გამოცდილება თინა კვინტრაძემ საკუთარი ბიზნესის საფუძვლად აქცია.
2015-ში მან საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია GROW CAPITAL-ი დააარსა ამერიკელ თანამოაზრესთან ერთად, რომელსაც საქართველოს საინვესტიციო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. GROW CAPITAL-ი ინვესტიციათა და აქტივების მენეჯმენტში სპეციალიზდება და დღეს საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთშია წარმოდგენილი.
ინტერვიუს დასაწყისშივე, Grow Capital-ის მმართველი პარტნიორი, თინა კვინტრაძე დამაჯერებლად განმარტავს, თუ რატომ აირჩია გზა, რომელიც ისეთ სერიოზულ და სკრუპულოზურ საკითხებს მოიცავს, როგორიც სხვა ადამიანების აქტივთა განკარგვა და მათთვის მათივე საინვესტიციო ამოცანების გადაწყვეტის შესახებ რჩევების მიცემაა. თინას პროფესიული წინსვლა TBC Bank-ში დაიწყო, სადაც, მისივე თქმით, კარიერის ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი ფაზა ჰქონდა.
“იქ პროფესიულად გავიზარდე და არაერთი უნარი შევიძინე, რაც ცხოვრებაშიც დამეხმარა და კარიერულ წინსვლაშიც. TBC-ში უამრავი ადამიანი გავიცანი – სხვადასხვა ბიზნესლიდერი, ისევე როგორც ბევრი წარმატებული და ნათელი გონების პიროვნება. მათგან ბევრი ვისწავლე და, საბოლოოდ, ისინი ჩემს მეგობრებად იქცნენ“.
TBC-ის ცენტრალურ ფილიალში საწყისი პოზიციებიდან თინა კვინტრაძე ბანკის ყველაზე წარმატებული ფილიალის დირექტორად დაწინაურდა. დღეს უკვე წარმატებულ, დამოუკიდებელ მენეჯერსა და ბიზნესვუმენს მიაჩნია, რომ დირექტორის თანაშემწისა და მოგვიანებით უკვე აღნიშნული ფილიალის დირექტორის როლები მისთვის უდიდესი გამოწვევა იყო, რადგანაც მის დაქვემდებარებაში არაერთი თანამშრომელი აღმოჩნდა და მას არა მხოლოდ ბიზნესზე უწევდა ფიქრი, არამედ თავისი გუნდის წევრებზეც, მათ ზრდასა და მოტივაციაზეც.
როგორც თინა ამბობს, საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია Sovereign Man-თან და მის დამფუძნებელ საიმონ ბლექთან საქმიანმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის ბიზნესაქტივობებზე კომპანიის დაარსების საწყის ფაზებში. Sovereign Man-ი თავისი კლიენტების ფინანსურ თავისუფლებაზე ზრუნავს და მათ მრავალფეროვან, საინტერესო და მოგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებს გლობალური მასშტაბით სთავაზობს. ამ შესაძლებლობებს, მინიმალური რისკით, მაღალი მოგებების გენერირება შეუძლია.
“ეს ახალგაზრდა კაცი ჩემთვის შთაგონებად იქცა – ვხედავდი, რამდენი წარმატებული ადამიანი ენდობოდა მას. ვხედავდი, როგორ გავლენას ახდენდა გამოცდილ ადამიანებზე თავისი გამჭრიახი აზროვნებით, ზუსტი გათვლებითა და შესაძლებლობებით, რომელთაც ხალხს სთავაზობდა“. საიმონ ბლეკი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, ვინც თინა კვინტრაძემ TBC-ში მუშაობისას გაიცნო. ერთ დღეს ბლეკი პირადად მივიდა ბანკში, თინას თავისი კომპანიის შესახებ უამბო და ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მის მიერ გამართულ კონფერენციაზე დაპატიჟა. 600 სტუმრისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე თინამ საქართველოზე, ქვეყნის საბანკო სექტორსა და ფინანსურ სერვისებზე ილაპარაკა. ფორუმზე ამ წარმატებული გამოსვლის შემდეგ მან რამდენიმე მსგავს ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ცხადი გახდა, რომ ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდებოდა, განსაკუთრებით – ამერიკელების მხრიდან, რომელთაგან მრავალს მანამდე უჭირდა რუკაზე საქართველოს მოძებნა.
თინა კვინტრაძის თანახმად, მას კიდევ ერთი პერიოდი ჰქონდა კარიერაში, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საინვესტიციო კონსულტირებისთვის უნდა მოეკიდა ხელი. 2015-ში ის დიდ ბრიტანეთში გაფრინდა, რათა მაგისტრატურის ორწლიანი კურსი გაევლო. იქ ისეთი ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების მენეჯერებს შეხვდა, როგორიცაა Vodafone-ი, CitiBank-ი, JP Morgan-ი და სხვ. მათ კიდევ უფრო შთააგონეს და შეაგულიანეს Grow Capital-ის მმართველი პარტნიორი.
“არასდროს დამავიწყდება ლონდონში გატარებული დრო. ძალიან ბევრი საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები გავიცანი საინტერესო და წარმატებული კომპანიებიდან. სწავლის პროცესში ეს ადამიანები ჰყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს, გვიზიარებდნენ საკუთარ გამოწვევებსა და მიღწევებს. გადავწყვიტე, რომ არაერთი კონტაქტის შეძენისა და ბიზნესის სერვისში გარკვეული დონის გამოცდილების დაგროვების შემდეგ, საკუთარი ბიზნესი უნდა წამომეწყო, რომლისთვისაც ჩემს საერთაშორისო კონტაქტებს გამოვიყენებდი და სასარგებლო ვიქნებოდი საქართველოსთვის – ჩემი პატარა სამშობლოსთვის, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს“.
TBC Bank-ში მუშაობისას თინამ მართლაც ბევრი კონტაქტი შეიძინა, გაიცნო ადამიანები, რომლებიც ინვესტიციას ეძებდნენ და ადამიანები, ვისაც ინვესტირება სურდა. ამას ამერიკული საკონსულტაციო სისტემის გაცნობა და თავისი საერთაშორისო კონტაქტების მხრიდან წამოსული ინტერესიც ემატებოდა. ჰოდა, გადაწყვიტა, კარიერული პრიორიტეტები რადიკალურად შეეცვალა და, ბიზნესის ადმინისტრირებაში ახლად მოპოვებული მაგისტრის ხარისხის კვალდაკვალ, 2015 წელს, რამდენიმე სანდო და პროფესიონალი პარტნიორის დახმარებით, საკუთარი საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Grow Capital-ი დაეფუძნებინა.
ბიზნესი, თავდაპირველად, ოთხ ადამიანს აერთიანებდა, მათ შორის, თინას ქართველ კოლეგას საბანკო საქმიანობის გამოცდილებით, კორპორაციულ იურისტსა და ავსტრალიელ ბიზნესანალიტიკოსს. თინა აღნიშნავს, რომ მისი წარმატების მთავარი ბირთვი ძლიერი გუნდია. ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელზეც კომპანია დგას, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მათი როლები და ვალდებულებები მრავალგვარია, თუმცა მათ საერთო მიზანი აქვთ: შექმნან ბევრი წარმატებული ისტორია და გრძელვადიანი პოზიტიური გავლენა იქონიონ ინდივიდუალურ ინვესტორებზე, ანტრეპრენიორებსა და ბიზნესებზე სხვადასხვა სფეროდან.
“გამუდმებით ვეძებთ საინტერესო ბიზნესშესაძლებლობებს, სტარტაპებს, არსებულ ბიზნესებსა და უკვე მოგებიან ბიზნესებს, რომელთაც კვლავ აქვთ სივრცე ზრდისთვის. საწყის ეტაპზე ბიზნესების წარმომადგენლებს ვხვდებით, მათ პოტენციალსა და შესაძლებლობებს შევისწავლით. შემდეგ საქმეში პიტერს ვრთავთ, ჩვენს მთავარ ბიზნესანალიტიკოსს, რომელიც უაღრესად ღირებული ადამიანია ჩვენი კომპანიისთვის. საერთაშორისო გამოცდილების მქონეს, მას არაერთი ბიზნესი აქვს შესწავლილი“.
Grow Capital-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს კომპანია SNLG წარმოადგენს, რომელიც მეტწილად საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში ოპერირებს და კორპორაციული საბანკო აქტივობების, ფინანსური და კომერციული კანონის და არბიტრაჟისა და სამართლებრივი დავების მიმართულებით მუშაობს. ამ პროფესიონალთა გუნდს არაერთი წარმატებული ხელშეკრულების დადებაში აქვს Grow Capital-ისთვის დახმარება გაწეული.
საქმეში კარგი რეპუტაციის მქონე სანდო პარტნიორების ჩართვას თინა კომპანიის ერთ- ერთ უმთავრეს მიღწევად მიიჩნევს. ამ პარტნიორთა რიცხვშია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი Equfin-ი (რებრენდინგამდე Continentalcc Capital-ის სახელით იყო ცნობილი), რომელიც ამჟამად ოთხ ქვეყანაში ოპერირებს და კიდევ რამდენიმეში გეგმავს გაფართოებას. 2012-ში დაფუძნებული ეს კომპანია სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. Equfin-ი სწრაფად და თანამიმდევრულად ზრდის საკუთარ წილს ესპანეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ფინანსურ ბაზრებში და სერვისის მაღალ სტანდარტებს აწესებს. Equfin-თან მუშაობის მთავარი უპირატესობა მისი ფინანსური ოპერაციების სრული გამჭვირვალობაა, ისევე როგორც სანდო და მაღალი რეპუტაცია. ამას თითოეული კლიენტი გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მეტწილად შორი მანძილიდან უზრუნველყოფს მომსახურებას, რადგანაც მისი მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. Grow Capital-სა და Equfin-ს, ერთობლივად, რამდენიმე მილიონი დოლარის ტოლფასი კაპიტალი აქვთ მოზიდული უცხოელი ინვესტორებისგან. თინა კვინტრაძის კომპანია მუდმივ მონიტორინგს უწევს ამ ინვესტორთა კმაყოფილების დონეს. 2015-ის შემდეგ, Equfin-თან თანამშრომლობით, კომპანიამ თოთხმეტი ხელშეკრულება დადო და ოთხი წარმატებული ბიზნესი დააფინანსა.
Grow Capital-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს ინტერნაციონალიზაციისა და ინვესტირების გერმანული საკონსულტაციო ფირმა GoodbyeMatrix-ი წარმოადგენს, რომლის დამფუძნებელი სერხიო ფონ ფაჩინი, გუნდთან ერთად, დროშის თეორიის კონცეფციაზე დაყრდნობით, კლიენტებს საკუთარი აქტივების, რეზიდენციის, მეორე მოქალაქეობისა და კომპანიის სტრუქტურის დაცვაში ეხმარება Grow Capital-თან თანამშრომლობით. GoodbyeMatrix-ი მომხმარებლებს მრავალფეროვან და მოგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს უძრავი ქონებისა და ფინანსების სფეროში.
უძრავი ქონების მიმართულებით, Grow Capital-ს სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორიც ჰყავს: უძრავი ქონების ექსპერტთა საერთაშორისო პლატფორმა და ცენტრი Property Georgia. Grow Capital-ის გუნდი მხარს უჭერს Property Georgia-ს იმით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებაშია ჩართული, როგორიც გახლავთ უძრავი ქონებისა და სასტუმრო საქმიანობის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი Building Sustainable & Resilient Cities-ი. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, თინა კვინტრაძის აზრით, კომპანიის მთავარ მიღწევად არსებული კლიენტების კმაყოფილება და ლოიალობა რჩება. “როცა ინვესტორს პროექტს ვთავაზობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტს ბოლომდე გავყვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი გარიგება და რომ უბრალოდ შუამავლის როლს არ ვასრულებთ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ ბიზნესი ორივე მხარისთვის წარმატებული იყოს“.
2018-ში Grow Capital-მა პორტფოლიო გააფართოვა და, პირველად არსებობის მანძილზე, სოფლის მეურნეობის სფეროში შეადგა ფეხი. თინა კვინტრაძემ დიდი პოტენციალი დაინახა ორგანიკული მიკრომწვანილის მწარმოებელ ჩრდილოკალიფორნიულ კომპანია Grace Greens-ში (ჯანსაღი და ბიოლოგიურად სუფთა საკვები ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით კი კალიფორნიაში). თინას თანახმად, დაფინანსების მოპოვების შემდეგ კომპანიამ სწრაფად ზრდა დაიწყო და დღეს უკვე ათობით საკვებ ბიზნესს ამარაგებს.
“მუშაობა 18 წლისამ დავიწყე. ჩემი კარიერული გზა გრძელი და რთული იყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გამიმართლა იმ კომპანიების თვალსაზრისით, რომლებთანაც შეხება მქონია. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო TBC Bank-ის როლი, სადაც გავიზარდე“.
Grow Capital-ი ამ ეტაპზე ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს. როგორც თინა ამბობს, მისი კომპანიის მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებით არ სრულდება. უმეტეს შემთხვევაში ინვესტორებთან თანამშრომლობა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგაც გრძელდება, რათა Grow Capital-ი დარწმუნდეს, რომ მისი გუნდის წინასწარი გაანგარიშებები პრაქტიკაშიც რეალიზდება.
თინა კვინტრაძეს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმატების ზღვარი, რასაც მისმა საკონსულტაციო ფირმამ შეიძლება, მიაღწიოს ბიზნესის ნებისმიერ სფეროში. მართალია, თავიდან Grow Capital-ს ვიწრო ფოკუსი ჰქონდა, არსებულმა მოთხოვნამ თინა დაარწმუნა, რომ კომპანია არ უნდა შემოფარგლულიყო ინვესტორთათვის მხოლოდ ფინანსური სექტორის შესაძლებლობათა შეთავაზებით. აქედან გამომდინარე, ის კიდევ ერთ საინტერესო გამოწვევად HoReCa-ს (სასტუმროების/ რესტორნების/ კაფეების) ანუ კვების ინდუსტრიას ხედავს.
“საქართველოში HoReCa-ს სისტემა ჯერ კიდევ თვითდამკვიდრების პროცესშია. მიუხედავად ამისა, მას მასიური პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, თუ ტურისტთა სწრაფად მზარდი რიცხვის ჭრილში შევხედავთ. შესაბამისად, ჩვენი მომდევნო პროექტი სწორედ ამ ინდუსტრიას უკავშირდება“.
თინა კვინტრაძის აზრით, წარმატება და ზრდა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ კომპანია მუდმივად კარგ ფორმაში იქნება. პრაგმატული და პატრიოტული სულისკვეთებით, მას სურს, თავის ბიზნესპორტფოლიოში მეტი ადგილობრივი პროექტი იხილოს. ასეა თუ ისე, ბიზნესის უფრო ფართო საერთაშორისო ექსპანსიის გეგმებიც კვლავ აქტუალურია.
“ბუნებრივია, ხშირად მქონია შემოთავაზება, ინგლისში ან შეერთებულ შტატებში დავრჩენილიყავი და მეც მიფიქრია ამაზე. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიამ ადამიანის ფიზიკური ადგილსამყოფელი უმნიშვნელო გახადა – ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია, მართო. ჩვენს პატარა ქვეყანას იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ, ჩემი აზრით, შესაძლებელია, აქედანაც ჩაეშვას საინტერესო პროექტები“.
დაბოლოს, კითხვაზე, მისთვის რაიმე სირთულეს თუ წარმოადგენს, იყო ქალი ასეთ მრავალფეროვან ბიზნესში, თინა ხალისიანად აცხადებს, რომ თავად დაბრკოლება არასდროს შეჰქმნია. პირიქით, მას ეძლევა საშუალება, არაერთი შესაძლებლობა გამოიყენოს და არაერთ მიზანს მიაღწიოს თავისი მიზან-სწრაფულობით, უშიშრობით, შრომითა და საქმისადმი დადებითი დამოკიდებულებით.
“ჩემი ქალიშვილი, ცხრა წლის ანასტასია, ჩემი ცხოვრების მთავარი შთაგონებაა. მას უკვე ვასწავლი, რომ ბავშვობის ოცნებები უნდა აისრულოს. უკვე საკმაოდ დიდი გოგოა და იცის, სად გადის გზა მიზანსა და წარმატებას შორის. ჩემი ცხოვრება – ჩემი მომავალია, ჩემი ქალიშვილი კი ამ მომავლის მთავარი ნაწილი და შთაგონების მთავარი წყარო“.
სტატია ინგლისურად.
დატოვე კომენტარი
[url=https://fastpriligy.top/]buy priligy online safe[/url] It is also used to gender sway for a boy as male sperm prefer a more alkaline environment versus female which prefer a more acidic environment