დაახლოებით $35 მილიარდის მფლობელი, 87 წლის ლი კა-შინი აზიაში – უმდიდრესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია, თუმცა ცხოვრება ომის ლტოლვილად, ჯიბეგამოფხეკილმა, დაიწყო.
1928 – დაიბადა გუანდუნის პროვინციაში, ქალაქ ჩაოჟოუში, სკოლის დირექტორის ოჯახში.
1940 – იაპონური ოკუპაციის კვლადაკვალ, მამა ჩემოდნებს ალაგებს და ოჯახთან ერთად, ჰონკონგში გარბის. ორი წლის შემდეგ მამა ტუბერკულოზით კვდება. 12 წლის ასაკში, ოჯახის შენახვის მიზნით, ლი საათის პლასტმასის სამაჯურების მწარმოებელ კომპანიაში იწყებს მუშაობას. “ომის გაუსაძლისი ჭაპანი და სიღარიბის გემო – ამ მოგონებების დავიწყება თითქმის შეუძლებელია”, – ამბობს ლი.
1950 – ლი კომპანიიდან მიდის და საკუთარ ბიზნესს იწყებს – პლასტმასის თოჯინებს ამზადებს. მოგვიანებით კი პლასტმასის ყვავილებზე გადადის. ათ წელიწადზე მეტი გადის და ჰონკონგის აჯანყებები საკუთრებათა ღირებულებას ამცირებს, რაც მას საშუალებას აძლევს, კომერციული უძრავი ქონება იაფად შეიძინოს.
1972 – მას გასაყიდად გააქვს თავისი ჰოლდინგი ჰონკონგში, Cheung Kong Ltd. ინვესტორები ვერ ძღებიან. მართლა. მოთხოვნამ პირველად საჯარო შეთავაზებაზე გამოსაშვებად დაგეგმილი აქციების რაოდენობას 65-ჯერ გადააჭარბა.
1979 – ლი ხდება პირველი ეთნიკური ჩინელი, რომელიც ერთ-ერთი ძველი ბრიტანული სავაჭრო სახლის – იმ დროს დაბეჩავებული Hutchison Whampoa-ს – საკონტროლო წილს ყიდულობს.
1986 – ყიდულობს აქციების საკონტროლო პაკეტს კანადურ Husky Energy-შიც. ერთი წლის შემდეგ ეს ინვესტიცია, სხვა აქტივებთან ერთად, მას Forbes-ში ანიჭებს ადგილს – მსოფლიოს წამყვან მილიარდერებს შორის. “ჩემი ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბედმა მართლაც ბევრი შესაძლებლობით დამაჯილდოვა”.
1999 – ჯეკპოტი! Hutchison-ი თავის ყველაზე სარფიან გარიგებას დებს: თავის წილს ტელეკომუნიკაციების კომპანია Orange Plc.-ში დაახლოებით $15 მილიარდად გერმანულ Mannesmann-ს მიჰყიდის.
2006 – პირობას დებს, რომ თავისი სიმდიდრის მესამედს Li Ka Shing Foundation-ს შესწირავს, რათა, მსოფლიოს მასშტაბით, განათლებასა და ჯანდაცვას დაეხმაროს. „ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანია, მივხვდეთ, რა არის სწორი კაპიტალდაბანდება. სოციალური კაპიტალი უმთავრესია“.
2007 – გულისთქმას ენდობა და Facebook-ში აკეთებს ინვესტიციას. ამ გადაწყვეტილების მისაღებად სულ ხუთი წუთი სჭირდება მას მერე, რაც ახალბედა ბიზნესის შესახებ ისმენს. მწირი შემოსავლების მიუხედავად, სოციალურ ქსელს მაღალი ღირებულება აქვს ($15 მილიარდი). „ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიაში აკეთებს ინვესტიციას, თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობს“.
2010–დან 2014–ის ჩათვლით – ლი ამცირებს გარკვეულ ჩინურ და ჰონკონგურ ინვესტიციებს და სანაცვლოდ, ევროპაზე აქვს თვალი დადგმული. ამ კონტინენტზე მისი კომპანიები, ჯამში, $28 მილიარდზე მეტს ხარჯავენ აქტივების შესაძენად, მათ შორისაა წყლის კომპანია, უტილიტარული ფირმები და მობილური ტელეფონების ორი ოპერატორი. „ბიზნესის ხალხს, ზოგადად, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად ვიწრო ფოკუსი თავის ინდუსტრიაზე“.
2015 – ხედავენ, რომ მისი ყურადღება, უმეტესწილად, საზღვარგარეთაა მიმართული, ჰოდა, მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია მის ლოიალობას დიდი ჩინეთისადმი ეჭვქვეშ აყენებს. ლი სამგვერდიან პასუხს აქვეყნებს და ბრალდებებს უარყოფს.
დატოვე კომენტარი