H&M-ი ასახელებს ათ ინოვაციას მდგრადი მოდის მიმართულებით

H&M-ი ასახელებს ათ ინოვაციას მდგრადი მოდის მიმართულებით

ტანისამოსის მწარმოებელი ინდუსტრიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი სულ უფრო მატულობს. ინდუსტრია მსოფლიოში არსებული პლასტმასის მეხუთედს იყენებს და CO2-ის ემისიებისა და წყლის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სამწუხაროდ, წარმოებული ტანისამოსის უმრავლესობა ნაგავსაყრელზე ხვდება, თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიები ამ მიმართულებით ალტერნატივებზე აქტიურად მუშაობენ.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, H&M-ი მდგრადი ტანისამოსის წარმოების მიმართულებით, დამწყებ სტარტაპებს აკვირდება, რომელთაც გრანტებითა და სწავლებებით ეხმარება. H&M-ის მხარდაჭერილი სტარტაპების ნაწილმა Global Change Award-ის ჯილდოც მიიღო და სწრაფი ტემპითაც განვითარდა. წლევანდელ გამარჯვებულებს შორის მოხვდა საკვები ნარჩენებისა და ზღვის მცენარეებისგან მასალების დამზადების ტექნოლოგია და გადამუშავების ახალი ინოვაციები – მაგალითად, ძველი ტანისამოსის საღებავის ხელახალი გამოყენება.

ALGREEN

ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი საკვებ ნარჩენებს პოლიურეთანის ბიოვერსიად გარდაქმნის – ქიმიური ნივთიერება, რომელიც პოლიურეთანის ქაფისა და ქსოვილებისთვის საღებავის ფენის დასამზადებლად გამოიყენება. წიაღისეული საწვავისგან დამზადებული პოლიურეთანის 1%-ის ჩანაცვლებითაც კი, Algreen-ის შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგის CO2-ის ემისიის აღმოფხვრაა შესაძლებელი. კომპანია 2023 წლის ბოლომდე პირველი საწარმოო ხაზის მშენებლობას გეგმავს.

ALT TEX

პოლიესტერის ქსოვილის დასამზადებლად ყოველწლიურად ასობით მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყენება. Alt Tex-ი მასალის დასამზადებლად ნავთობს საკვები ნარჩენებით ანაცვლებს: ნარჩენების გადადუღებით იღებს პოლიმერებს, პოლიმერებს კი ძაფად აქცევს და მისი დაგრეხით ძლიერ მასალას იღებს. სტარტაპი გაფართოებასა და ბაზარზე გაშვებას 2024 წლიდან გეგმავს.

DYERECYCLE

ძველი ტანისამოსის გადამუშავება ზოგადად ქსოვილის ხელახალ გამოყენებას გულისხმობს, თუმცა სტარტაპი DyeRecycle-ი არა ქსოვილზე, არამედ საღებავზეა ორიენტირებული. ძველი ტანისამოსიდან საღებავის ამოსაღებად და ფერის გასაცოცხლებლად, სტარტაპი მდგრად ქიმიურ პროცესებს მიმართავს. ტიპური საღებავის წარმოებასთან შედარებით, პროცესი ემისიებს 85%-ით ამცირებს და 60%-ით ნაკლებ წყალს საჭიროებს. DyeRecycle-ი პირველი საცდელი ვერსიის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავს.

KBCOLS

სტარტაპი ცოცხალი მიკროორგანიზმებიდან მიღებულ ბიოდეგრადირებად, არატოქსიკურ საღებავებს აწარმოებს. KBCols-ის პროცესი წყლის მოხმარებას (60%-ით) და ტანისამოსის შეღებვის დროს ამცირებს.

NANOLOOM

Nanoloom-ი გრაფენს – ნახშირბადის ატომების ერთი ფენისგან დამზადებულ მასალას ბიოდეგრადირებად, არატოქსიკურ ქსოვილად გარდაქმნის. სტარტაპი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ქსოვილს ძალიან მსუბუქი, მოქნილი, წყალგაუმტარი და ფოლადზე 200-ჯერ ძლიერი მასალისგან აწარმოებს. Nanoloom-ი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პირველი პროდუქტის გაშვებას გეგმავს.

PHYCOLABS

ბრაზილიაში დაფუძნებული სტარტაპი ქსოვილს ზღვის მცენარეებისგან ამზადებს და სამომავლოდ ზღვის მცენარეების ფერმერებთანაც გეგმავს თანამშრომლობას. ცნობისთვის, ზღვის მცენარეებს გასაზრდელად მხოლოდ მზის შუქი და CO2 ესაჭიროებათ, განსხვავებით ბამბის მსგავსი კულტურებისა, რომლებიც პესტიციდებისა და მტკნარი წყლის დიდ რაოდენობას მოითხოვს და გარემოსთვის ბევრად უფრო საზიანოა.

Refiberd

ნებისმიერი სახის გადამუშავებისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასალის დახარისხებაა. Refiberd-ი ტანისამოსის ნარჩენებში სხვადასხვა ტიპის ქსოვილის ავტომატურად აღმოჩენისა და გადანაწილებისთვის ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკას იყენებს. კომპანია ფასიანი საპილოტე პროექტების დასრულებას მომავალ წელს გეგმავს.

Rethread Africa

კენიაში დაფუძნებული სტარტაპი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, მათ შორის შაქრის ლერწმისა და სიმინდის წარმოებიდან, ბიოპოლიესტერის დასამზადებლად იყენებს. მასალა ნაკლებ რესურსს მოითხოვს, ბიოდეგრადირებისთვისაა შექმნილი და ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

SXD

ტანისამოსის მოჭრა და კერვა მასალის დიდი ნაწილის დანაკარგს გულისხმობს. SXD-ის ხელოვნური ინტელექტი სწორედ ქსოვილის დანაკარგის აღმოსაფხვრელადაა შემუშავებული. დიზაინის კონცეფციისა და ქსოვილის ტიპის მითითებით, პროგრამული უზრუნველყოფა ნულოვანი ნარჩენით ტანისამოსის დამზადების კონცეფციას იმუშავებს. სტარტაპი მიმდინარე წელს 100,000 ეფექტიანი ნიმუშის წარმოებას გეგმავს.

Tereform

სტარტაპმა, დაჟანგვის საშუალებით, პოლიესტერის ქსოვილის გადამუშავების ახალი მეთოდი შეიმუშავა. დაჟანგვის პროცესში, ლითონის კატალიზატორებისა და ჰაერში არსებული ჟანგბადის ერთობლივი ძალისხმევით, მათი ხელახლა გამოყენებისთვის, მოლეკულების დაშლა მიმდინარეობს. Tereform-ის მტკიცებით, აღნიშნული მეთოდით ტრადიციულ ან სხვა ქიმიურ გადამუშავებით წარმოებულზე უფრო ძლიერი მასალა მიიღება. პროცესი ნახშირბადის ემისიებს ორი მესამედით ამცირებს.