საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის კვლევის თანახმად, მრავალთაობიანი სიმდიდრის დასაგროვებლად, საუკეთესო ქვეყანა შვეიცარია აღმოჩნდა. ალპური სახელმწიფო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ოჯახებს, რომელთაც საცხოვრებლის შეცვლა სურთ და ამასთან ერთად მაღალი შემოსავლისა და საუკეთესო კარიერული პერსპექტივების მიღებაც უნდათ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე შვილებისთვის.
ანგარიშის მიხედვით, შვეიცარია უმუშევრობის 2%-იანი მაჩვენებლით გამოირჩევა, ამავდროულად კი ქვეყანაში მსოფლიოს წამყვანი 250 უნივერსიტეტიდან შვიდი მდებარეობს.
Henley & Partners-ის ინდექსის მიხედვით შედგენილ რეიტინგში შვეიცარიის შემდეგ მეორე და მესამე ადგილები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სინგაპურმა დაიკავეს.
სინგაპურის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატებიც უზრუნველყოფს დასაქმების მაღალ პერსპექტივას მცხოვრებლებისთვის და მსოფლიოს 46 საუკეთესო უნივერსიტეტიც სწორედ აქ მდებარეობს. ამავდროულად კი სინგაპური, მზარდი ეკონომიკით, საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს საბანკო სფეროთი და ინჟინერიით დაინტერესებულ პირებს.
Henley & Partners-ის კვლევა რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობითაა შედგენილი, ესენია: განათლება, შემოსავლის პოტენციალი, კარიერული წინსვლა, სიცოცხლისუნარიანობა, ეკონომიკური მობილურობა და სამუშაო პერსპექტივები. ანგარიშის შედგენისას ჯამში 27 ქვეყანაა არჩეული და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით „შესაძლებლობების ქულებია“ მინიჭებული ქვეყნებისთვის, რომლებიც საუკეთესოა საცხოვრებლის შეცვლისა და შემოსავლის ზრდის მსურველი ოჯახებისთვის.
როგორც რეიტინგით დადგინდა, ტიპურ ინდონეზიურ ოჯახს, რომლის ქულაც თავისივე ქვეყანაში მხოლოდ 25%-ია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობის უფლების მოპოვებით, შეუძლია მომავალი თაობისთვის წარმატების ალბათობა 82%-მდე გაზარდოს. ინდური ოჯახი კი, საკუთარ ქვეყანაში წარმატების 32%-იანი ქულით, შესაძლებლობების ალბათობას შვეიცარიაში გადასვლით 85%-მდე გაზრდის.
წარმოგიდგენთ Henley & Partners-ის ინდექსით საუკეთესო ქვეყნებს ოჯახური სიმდიდრის დასაგროვებლად:
- შვეიცარია – 85% (შესაძლებლობის ქულა)
- ამერიკის შეერთებული შტატები – 82%
- სინგაპური – 79%
- ავსტრალია – 75%
- კანადა – 74%
- გაერთიანებული სამეფო – 73%
- ავსტრია – 64%
- ჰონგ-კონგი – 64%
- ესპანეთი – 63%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 63%