ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული ქალაქები

ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული ქალაქები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დედამიწაზე მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობა (99%) სუნთქავს ჰაერით, რომელიც ჯანმო-ს ხარისხის ლიმიტს აღემატება და საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. WHO-ის სტანდარტით, ჰაერის დაბინძურების დონე იმ მცირე და საშიში ნაწილაკების, PM2.5-ის კონცენტრაციის მიხედვით იზომება, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრონზე მცირეა. ნაწილაკებმა შესუნთქვისას შესაძლოა ფილტვებში შეაღწიონ, სისხლის ნაკადში გადავიდნენ და ყველა ძირითადი ორგანო დააზიანონ.

IQAir-ის „მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშის“ მონაცემებით, PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაციის საფუძველზე, Visual Capitalist-მა ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში შემავალ ქალაქებში საშიშ დონეზეა კონცენტრაცია ისეთი დამბინძურებლების, როგორიცაა: ტროპოსფეროს ოზონი, ნახშირბადის მონოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი და სხვ.

სიის სათავეში პაკისტანის ქალაქი ლაჰორია, სადაც ჰაერის დაბინძურების განსაკუთრებით მაღალ დონეს ავტომობილებისა და ინდუსტრიული გამონაბოლქვი, ნარჩენების წვა და სამშენებლო ობიექტების მიერ წარმოქმნილი მტვერი განაპირობებს. მოსახლეობის რაოდენობის მატებისა და ინდუსტრიული სექტორის სწრაფი ზრდის შედეგად, რეიტინგში მხოლოდ ინდოეთიდან 14 ქალაქია წარმოდგენილი. შედეგად, ინდოეთი უსწრებს ჩინეთს, რომელიც ადრე მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების პირველ წყაროდ იყო მიჩნეული. საინტერესოა, რომ რეიტინგში ერთადერთი აფრიკული ქალაქი ჩადიდანაა, სადაც 2022 წელს, ძლიერი მტვრის ქარიშხლის შედეგად, PM2.5-ის კონცენტრაცია გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

ჰაერის დაბალი ხარისხი ადრეული სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა. Health Effects Institute-ის მონაცემებით, 2019 წელს ჰაერის დაბინძურების შედეგად 6.67 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ყოველწლიურად მილიონობით ნაადრევი სიკვდილის გარდა, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გლობალური ხარჯი ამჟამად $8.1 ტრილიონს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ IQAir-ის „მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშში“ საქართველოს სამი ქალაქი: თბილისი, რუსთავი და ბათუმიც მოხვდა. მათ შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერის მქონე რუსთავი აღმოჩნდა. მან PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაციით (26.5) 7,323 ქალაქს შორის 619-ე პოზიცია დაიკავა, შემდეგ მოდის დედაქალაქი (16.3) 1,452-ე ადგილით და ბათუმი (14.1) 1,771 პოზიციაზე.

წარმოგიდგენთ ქალაქებს, სადაც, 2022 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია:

  1. ლაჰორი, პაკისტანი – 97.4 (PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია)
  2. ჰოტანი, ჩინეთი – 94.3
  3. ბჰივადი, ინდოეთი – 92.7
  4. დელი, ინდოეთი – 92.6
  5. ფეშავარი, პაკისტანი – 91.8
  6. დარბჰანგა, ინდოეთი – 90.3
  7. ასოპური, ინდოეთი – 90.2
  8. ნჯამენა, ჩადი – 89.7
  9. ნიუ-დელი, ინდოეთი – 89.1
  10. პატნა, ინდოეთი – 88.9
  11. ღაზიაბადი, ინდოეთი – 88.6
  12. დარუჰერა, ინდოეთი – 87.8
  13. ბაღდადი, ერაყი – 86.7
  14. ჩაპრა, ინდოეთი – 85.9
  15. მუზაფარნაგარი, ინდოეთი – 85.5
  16. ფაისალაბადი, პაკისტანი – 84.5
  17. დიდი ნოიდა, ინდოეთი – 83.2
  18. ბაჰადურგარჰი, ინდოეთი – 82.2
  19. ფარიდაბადი, ინდოეთი – 79.7
  20. მუზაფარპური, ინდოეთი – 79.2