COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პირველი „ლოკდაუნის“ პერიოდში, ჰაერის გლობალური დაბინძურება 31%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ აქტივობასა და ჰაერის ხარისხს შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს. Visual Capitalist-მა ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების რეიტინგი 2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსზე დაყრდნობით შეადგინა, რომელზეც „ჰინრიხის ფონდი“ „IMD-მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ცენტრთან“ თანამშრომლობით მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი 30 მსხვილი სავაჭრო ეკონომიკის მიხედვითაა შედგენილი.
მონაცემთა ბაზაში, ჰაერის დაბინძურება მცირე და საშიში ნაწილაკების, PM2.5-ის საშუალებით იზომება, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრონზე მცირეა, რაც დაახლოებით 28-ჯერ ნაკლებია ადამიანის თმის ღერის დიამეტრზე. ჰაერის დაბინძურების გარდა, მსგავსი ნაწილაკების არსებობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, იწვევს რესპირატორულ დაავადებებს და უკიდურეს შემთხვევებში ლეტალურადაც კი მთავრდება. გლობალურად, სიკვდილიანობის 12%-ს სწორედ ჰაერის დაბინძურება იწვევს.
დაბინძურების განსაკუთრებით მაღალი დონე იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ შედარებით დაბალია. აღნიშნულს ჰაერის ხარისხის კონტროლის ნაკლებად მკაცრი რეგულაციები, გადატვირთული სატრანსპორტო სისტემები და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიული სექტორები განაპირობებს. გარდა ამისა, მსგავსი ქვეყნების პრიორიტეტულ საჭიროებებს უმეტესად საკვებისა და თავშესაფრის არსებობა წარმოადგენს. მეორე მხრივ, მაღალი შემოსავლის ეკონომიკებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომია დასუფთავების ტექნოლოგიები, მაგალითად, ფილტრები, რომლებიც ჰაერის ნაწილაკებს აკავებენ.
2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსზე დაყრდნობით, ჰაერის დაბინძურების რეიტინგის შესადგენად წარმოდგენილი რიცხვები მიუთითებს ჰაერში თითო კუბურ მეტრზე PM2.5 ნაწილაკების მაჩვენებელზე. უფრო მაღალი რიცხვი დაბინძურების უფრო მაღალ მაჩვენებელს აღნიშნავს.
მდგრადი ვაჭრობის ინდექსში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთშია. ინდოეთი განვითარებადი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, აქედან გამომდინარე კი, დაბინძურების პრობლემებს ქვეყანაში როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და ბიომასის წვა, ასევე ავტომობილების გამონაბოლქვი ამწვავებს. ინდოეთი ქვანახშირის მეორე უმსხვილესი მომხმარებელიცაა, არ გააჩნია ემისიებისა და ლითონის დნობისა და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობის მკაცრი კონტროლი.
მეორე მხრივ კი, ინდექსში, ეკონომიკებს შორის დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაშია. ქვეყანაში ჰაერის მაღალი ხარისხი ნაწილობრივ მოსახლეობის მცირე სიმჭიდროვისა და გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაა. დაბინძურების შესამცირებლად, ახალი ზელანდია მანქანებისთვის ემისიების უფრო მკაცრი ზომების დაცვას მოითხოვს.
2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსი: ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი ქვეყნების ათეული (PM2.5 ნაწილაკები ჰაერში თითო კუბურ მეტრზე)
- ახალი ზელანდია – 6 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ავსტრალია – 7 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- კანადა- 7 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ამერიკის შეერთებული შტატები – 8 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ბრუნეი – 8 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- გაერთიანებული სამეფო – 10 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- რუსეთი – 12 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- იაპონია -14 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- პაპუა – ახალი გვინეა – 16 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- ტაივანი – 16 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსი: ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: (PM2.5 ნაწილაკები ჰაერში თითო კუბურ მეტრზე)
- ინდოეთი – 83 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- პაკისტანი – 64 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- ბანგლადეში – 64 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- ჩინეთი – 48 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- პერუ – 31 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- მიანმარი – 30 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- სამხრეთი კორეა – 27 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ტაილანდი – 27 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- ჩილე – 24 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- კამბოჯა – 22 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
დატოვე კომენტარი