ჰაიტის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისე კერძო რეზიდენციაზე თავდასხმისას მოკლეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კლოდ ჟოზეფის განცხადებით, დაუდგენელ პირთა ჯგუფი შუაღამის პირველ საათზე მოისეს კერძო რეზიდენციაში შეიჭრა და ქვეყნის პირველ პირს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ როგორ დაიღუპა პრეზიდენტი. ქვეყნის პირველ ლედის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და იგი ამჟამად კლინიკაში მკურნალობს.
პრემიერ-მინისტრმა თავდასხმას არაჰუმანური და ბარბაროსული უწოდა და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. „ქვეყანაში სიტუაციას ჰაიტის ეროვნული პოლიცია და ჰაიტის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ, რათა სახელმწიფოს ფუნქციების შესრულების გაგრძელება გარანტირებული იყოს“, – განაცხადა კლოდ ჟოზეფმა.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ შეცვლის ჯოვენელ მოისეს ქვეყნის პრეზიდენტის რანგში. წესით, მისი შემცვლელი უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა იგი კოვიდ-19-ს ემსხვერპლა.
მოისე 53 წლის იყო და პოლიტიკურ ცხოვრებამდე ქვეყნიდან ბანანის ექსპორტით იყო დაკავებული. მოისემ მთელი ცხოვრება ოპოზიციონერებთან პოლიტიკურ ომს შესწირა.
თავდამსხმელთა იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დატოვე კომენტარი