გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰამბურგში მალე მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზებული მატარებელი იმოძრავებს. სატრანსპორტო საშუალება ტექნოლოგიურმა კორპორაცია Siemens-მა ადგილობრივ სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-თან ერთად 11 ოქტომბერს ოფიციალურად წარადგინა.
მართალია, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მეტროში ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი მატარებლები უკვე გადაადგილდებიან, ასევე, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტში მონორელსურ თვითმავალ ტრანსპორტს იყენებენ, თუმცა, კომპანია Deutsche Bahn-ის წარმომადგენლების განცხადებით, Siemens-თან თანამშრომლობით შექმნილი სატრანსპორტო საშუალება მათგან განსხვავდება. კერძოდ კი, ის მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზებული მატარებელია, რომელსაც უკვე არსებულ სარკინიგზო ქსელზე გადაადგილება შეუძლია და სპეციალურ რელსებს არ საჭიროებს. ამას გარდა, როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ის მემანქანეების მიერ მართულ ტრანსპორტთან ერთად უსაფრთხოდ იმოძრავებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰამბურგის ჩრდილოეთ ნაწილში თავდაპირველად სრულად ავტომატიზებული ოთხი მატარებელი ამოქმედდება. როგორც ცნობილია, ისინი მგზავრების გადაყვანას მიმდინარე წლის დეკემბრიდან შეძლებენ. მატარებლები რეისებს 23-კილომეტრიან მონაკვეთზე შეასრულებენ. ტრანსპორტი პროექტ Digital Rail Germany-ის ფარგლებში შეიქმნა, რომლის განსახორციელებლადაც 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.
დატოვე კომენტარი