20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის მიერ ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების სერიის პირველი ნაწილის ეკრანიზაცია იხილა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით წიგნების 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, აქედან მიღებულმა თანხამ კი საერთო ჯამში 7.7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შემოსავლის მოცულობა არანაკლებ შთამბეჭდავია ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების შემთხვევაში.
წიგნების სერიის პირველ ნაწილზე დაფუძნებული კინოსურათი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომლის რეჟისორიც კრის კოლუმბუსია, ეკრანებზე 2001 წლის 4 ნოემბერს გამოჩნდა. როგორც ცნობილია, კინოკომპანია Warner Bros. Pictures-მა წიგნის მიხედვით ფილმის გადაღების უფლება 1.65 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ მოიპოვა. კინოსურათის ბიუჯეტი 125 მილიონი აშშ დოლარია, სალაროებიდან მიღებული შემოსავალი კი 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ნაწარმოებთა სერიის მეორე ნაწილის მიხედვით გადაღებული ფილმი “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ 2002 წლის 3 ნოემბერს გამოვიდა. მისი ბიუჯეტი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კინოთეატრების სალაროებიდან მიღებული შემოსავალი ამ შემთხვევაში 880 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მსოფლიო მასშტაბით ბილეთების გაყიდვებით მიღებული თანხის მიხედვით ფილმმა 2002 წელს მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილის მფლობელი ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმი „ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი“ გახდა. მისი შემოსავალი 947.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მესამე ფილმი, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, რომლის რეჟისორიც ალფონსო კუარონია, ეკრანზე პირველად 2004 წლის 23 მაისს გამოჩნდა. კინოსურათის ბიუჯეტი 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სალაროებიდან მიღებული შემოსავალი კი 796 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. 2004 წელს ბილეთების გაყიდვებით მიღებული თანხის მიხედვით წინამორბედის მსგავსად ამ ნაწილსაც მეორე ადგილი ერგო. თუმცა, ამ წარმატების მიუხედავად, ის ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დაბალშემოსავლიანია.
მაიკ ნიუელის რეჟისორობით გადაღებული „ჰარი პოტერის“ მეოთხე ნაწილი 2005 წლის 6 ნოემბერს გამოვიდა. „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის“ ბიუჯეტი წინა ფილმებისას აღემატება და 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სალაროებიდან მიღებული შემოსავალი კი 896.5 მილიონი აშშ დოლარია. კინოსურათმა 2005 წელს მსოფლიოში ბილეთების გაყიდვებით შეგროვებული თანხის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა.
ჯოან როულინგის მიერ დაწერილი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების სერიის მეხუთე ნაწილის ეკრანიზაცია „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ საზოგადოებამ პირველად 2007 წლის 28 ივნისს იხილა. ფილმის გადაღება, რომლის რეჟისორიც დევიდ იეიტსია, 150-დან 200 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდა. კინოსურათის ბილეთების გაყიდვებით შეგროვებულმა თანხამ 942 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2007 წელს მას სალაროებიდან მიღებული შემოსავლით მხოლოდ ერთმა ფილმმა აჯობა. ეს „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრულია“, რომელმაც 960 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო.
მეექვსე ნაწილი, „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ 2009 წლის 7 ივლისს გამოვიდა. მისი ბიუჯეტი წინამორბედებისას გაცილებით აღემატება და 250 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება სალაროებიდან მიღებულ შემოსავალს, ის 934.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2009 წელს ბილეთების გაყიდვებით მოპოვებული თანხის მიხედვით ფილმს მხოლოდ „ავატარმა“ აჯობა. ამ უკანასკნელის შემოსავალი მოცემული დროისთვის 2.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
როულინგის წიგნების სერიაში შემავალ მეშვიდე ნაწარმოებზე Warner Bros. Pictures-მა ორი ფილმი გადაიღო. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები – ნაწილი 1“ 2010 წლის 11 ნოემბერს გამოვიდა. მისი ბიუჯეტი 250 მილიონი აშშ დოლარია, კინოთეატრების სალაროებიდან მიღებული შემოსავალი კი 977 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მეორე ფილმს, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები – ნაწილი 2“ ის ეკრანებზე 2011 წლის 7 ივლისს გამოჩნდა. კინოსურათის ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც 250 მილიონი აშშ დოლარია. ფილმმა სალაროებიდან 1.342 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
საერთო ჯამში „ჰარი პოტერის“ ფილმების შემოსავალმა სალაროებიდან დაახლოებით 7.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმ შემთხვევაში, თუ აქედან ავტორი სტანდარტული ჰონორარის სახით 10%-ს მიიღებდა, მაშინ ჯოან როულინგს 770 მილიონი აშშ დოლარი ერგებოდა. რაც შეეხება „ჰარი პოტერის“ წიგნების გაყიდვებით შეგროვებულ თანხას, New York Times-ის ცნობით, ავტორის სტანდარტული ჰონორარის გათვალისწინებით, რომელიც საერთო შემოსავლის 15%-ია, ამ შემთხვევაში მწერალს 1.15 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემა Sunday Times-ის 2021 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ჯოან როულინგი 820 მილიონი გირვანქა სტერლინგით არის შესული, რაც მოცემული დროისთვის დაახლოებით 1.1 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
დატოვე კომენტარი