კრიტიკული შემთხვევების მართვის სისტემა სამედიცინო ხარისხის ამაღლების გარანტია

Forbes-WEB-22061517

ავთანდილ ჯორბენაძე – მედიცინის დოქტორი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

თენგიზ ვერულავა – მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

 

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა (CIRS) მსოფლიოში აღიარებულია, როგორც კლინიკური რისკის მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული შემთხვევების პოტენციური წყაროების გამოსავლენად და ხელს უწყობს სამედიცინო ორგანიზაციაში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა პირველად დაინერგა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში და სასურველია სისტემის ფართოდ დანერგვა საქართველოს სამედიცინო ორგანიზაციებში.

***

ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს საუკეთესო დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუმცა ყოველთვის არსებობს კრიტიკული შემთხვევების მოხდენის, კერძოდ, წინასწარ განუსაზღვრელი, არასასურველი შეცდომების დაშვების ალბათობა, რომლებიც შეიძლება საზიანო გახდეს პაციენტისათვის. დაავადებების გართულებების რისკებისაგან, დაზიანებისაგან და არასასურველი შედეგისაგან პაციენტის დაცვა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

პაციენტების უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორებია: ოპერაციის შემდგომი ინფექციები და სამედიცინო შეცდომები; თუ რამდენად არის შემცირებული ინტერვენციის (წამალი, პროცედურა) შედეგად და პერსონალის მხრიდან გამოწვეული რისკები. საქართველოში პაციენტის უსაფრთხოების შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ოპერაციის შემდგომი ინფექციებისა და სამედიცინო შეცდომების შესახებ მონაცემების ნაკლებობა.

პაციენტის უსაფრთხოების გაზრდისათვის ბევრ ქვეყნებში დაინერგა კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა, რომლის მიზანია პაციენტის პოტენციური ზიანის იდენტიფიცირების ხელშეწყობა. კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა გულისხმობს სამედიცინო ორგანიზაციებში ანგარიშგების ისეთი სისტემის განვითარებას, სადაც მთავარია შეცდომების გამოვლენა, ანგარიშგება და ამ შეცდომებზე სწავლების სისტემა, რომელიც არ ეფუძნება საჯარიმო სანქციებს, გამორიცხავს დამსჯელობით ქმედებებს და ემყარება მაღალი ურთიერთნდობის პრინციპებს.

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა შედგება სამი ეტაპისაგან:

  • ანგარიშგება (Reporting) სამედიცინო პერსონალი (ექიმი, მედდა…) ანონიმურად ონლაინ გვატყობინებს და გვთავაზობს კრიტიკული შემთხვევის მომავალში განმეორების თავიდან აცილების გზებს და მექანიზმებს.
  • შეფასება (Assessment) რისკის მენეჯერი შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლის კრიტიკულ შემთხვევას, აფასებს მას და გვთავაზობს წინადადებებს მის გადასაწყვეტად.
  • უკუკავშირი (Feedback) შემთხვევის შესწავლის შედეგები ქვეყნდება ონლაინ, რათა სხვებს ჰქონდეთ შეცდომების გაცნობის შესაძლებლობა.

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის შეცდომებზე სწავლების კულტურის განვითარებას. საექიმო შეცდომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მათი გამოვლენა, რათა მოხდეს მათი სისტემატური ანალიზი, დისკუსია და შესწავლა, რაც ხელს უწყობს პერსონალი ცოდნის გაღრმავებას.

ანგარიშგების სისტემის დასანერგად საჭიროა სამედიცინო ორგანიზაციებში შემოღებულ იქნას კრიტიკული შემთხვევის რისკის მართვის მენეჯერის თანამდებობა.

ანგარიშგების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის საჭიროა კრიტიკული შემთხვევის აღრიცხვის ანონიმურობა, რაც შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კლინიკის ყველა თანამშრომლისათვის. სამედიცინო ორგანიზაციაში არსებული ყოველი კრიტიკული შემთხვევა უნდა ეცნობოს კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემას.

სხვადასხვა ქვეყანაში კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის სხვადასხვა ფორმა გამოიყენება. ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოყენება სავალდებულოა, ზოგან – ნებაყოფლობითი. ბრიტანეთში კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში ჩართვა სავალდებულოა და მასში ყოველწლიურად მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხება. შვეიცარიაში, სადაც კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის გამოყენება არასავალდებულოა, ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფომ 1 წლის განმავლობაში 1.400 შემთხვევა დაარეგისტრირა. ზოგ ქვეყნებში (მაგ., ავსტრიაში) კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა ჯერ კიდევ არ არის ფართოდ დანერგილი ჯანდაცვის ორგანიზაციებში. ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საავადმყოფოში, რესპონდენტთა მხოლოდ 64.1% იყენებდა სრულად კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემას.

საქართველოში კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა პირველად 2015 წელს, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დაინერგა. ანგარიშგება ნებაყოფლობითი და ანონიმურია. ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი ანონიმურად ახდენენ შემთხვევების შესახებ შეტყობინებას ელექტრონული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. საავადმყოფოს ჰყავს რისკის მენეჯერი, რომელიც კლინიცისტია. რისკის მენეჯერი საავადმყოფოს პერსონალთან ერთად ხარისხის კომიტეტის შეხვედრაზე განიხილავს დარეგისტრირებული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, ახდენს მის შეფასებას და გვთავაზობს მისი გადაწყვეტის შესახებ წინადადებებს. შემთხვევის შესწავლის შედეგები ქვეყნდება ელექტრონული ანგარიშგების სისტემაში, რათა მთელ პერსონალს ჰქონდეს შეცდომების გაცნობის შესაძლებლობა.

კავკასიის უნივერსიტეტმა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს შეადგენდა, თუ რანდენად ეფექტიანად გამოიყენება კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა და რამდენად ხშირად ხდება კრიტიკული შემთხვევების იდენტიფიცირება საავადმყოფოში, რამდენად აღიარებენ მას ჯანდაცვის მუშაკები როგორც რისკის მართვის ინსტრუმენტს.

კვლევამ აჩვენა, რომ კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის დანერგვის შემდეგ, 2015-2019 წლების პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალების მიერ ნებაყოფლობით დაფიქსირდა 548 კრიტიკული შემთხვევა. მოცემულ პერიოდში კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 43-დან 548-მდე, ანუ 13-ჯერ. კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში დარეგისტრირებული შემთხვევების ყოველწლიურ ზრდას  ხელი შეუწყო ჩატარებულმა ტრენინგებმა. დაფიქსირებული კრიტიკული შემთხვევების ყოველწლიური ზრდა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ რეალურად მათი რაოდენობა უფრო მეტია, შესაბამისად, კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში გამოვლენილი შემთხვევები კრიტიკული შემთხვევების ფაქტობრივი რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილია.

კრიტიკული შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა ქირურგიულ (n = 160, 29%), არაქირურგიული (n = 134, 24%), ანესთეზიოლოგიისა (n = 73, 13%) და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში (n = 77, 14%) .

2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგებას ყველაზე ხშირად ახდენენ ექთნები (44%), თუმცა ექიმთა ჩართულობა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება (28%).

კრიტიკული შემთხვევების წარმოშობა უმთავრესად დაკავშირებულია პერსონალის პირად პასუხისმგებლობასთან, კერძოდ, ყურადღების ნაკლებობასთან (41%). კრიტიკული შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა დაკავშირებულია ინდივიდუალურ შეცდომებთან (48%). კრიტიკული შემთხვევების გამომწვევი ინდივიდუალური მიზეზებიდან ყველაზე ხშირად აღინიშნება გაიდლაინების და სტანდარტების უგულებელყოფა (13%), არასაკმარის კომპეტენციებთან (12%). უყურადღებობის და სტანდარტების უგულებელყოფის მაგალითებია: ქირურგიული უსაფრთხოების შიდა და საერთაშორისო გაიდლაინების/პროტოკოლების არასწორი გამოყენება, დარღვევები ჰიგიენის წესების დაცვაში. გაიდლაინების შეუსრულებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მისი პრინციპების შესახებ პერსონალის არასათანადო, არასრულყოფილ ტრენინგებთან. ყურადღების ნაკლებობა შეიძლება იყოს სტრესის, რუტინული პროცედურების არცოდნის ნიშანი. კრიტიკული შემთხვევების წარმოშობაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არადამაკმაყოფილებელი სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა სახის კომუნიკაცია ჯანდაცვის პროფესიულ ჯგუფებს შორის (10%).

კვლევამ აჩვენა, რომ კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგება ძირითადად ანონიმურია (62%). კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა შეიძლება განვიხილოთ როგორც უსაფრთხოების ამაღლების პოზიტიური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პერსონალის დამოკიდებულება რისკებზე, გაზარდოს მათი სიფრთხილე და ყურადღება, ინფორმირებულობა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

საავადმყოფოს პერსონალი ხშირად ითვალისწინებს კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის რეკომენდაციებს (67%). განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შემოწმება ძირითადად ხორციელდება დისკუსიებით (60.8%) და ადგილზე შემოწმებით (29.8%).

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კრიტიკული შემთხვევების შესამცირებლად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაში. ამისათვის ყველა თანამშრომლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის ანგარიშები ინტრანეტის პორტალის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კვლევამ აჩვენა, რომ კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში დარეგისტრირებული შემთხვევების ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირება უმთავრესად ხორციელდება ყველასთვის ხელმისაწვდომი პორტალით – ინტრანეტით. ამასთან, საჭიროა კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგებების სტატისტიკის პერიოდული შეგროვება, რომ საავადმყოფოს მენეჯერებს მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. კვლევამ აჩვენა, რომ კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში შეტანილი ანგარიშგებები უმეტესად მუშავდება ყოველკვირეულად (47.5%) და ყოველდღიურად (39.2%).

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის ანალიზი მნიშვნელოვანია სამედიცინო შეცდომების შესამცირებლად ცნობიერების ასამაღლებლად. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ხელების ჰიგიენა, ქირურგიული უსაფრთხოების სტანდარტების სათანადო გამოყენება. კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის შემდგომი განვითარებისათვის საჭიროა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ტრენინგები.

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კლინიკური რისკის მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული შემთხვევების პოტენციური წყაროების გამოსავლენად და ხელს უწყობს სამედიცინო ორგანიზაციაში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ამგვარად, სასურველია კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის ფართოდ დანერგვა საქართველოს სამედიცინო ორგანიზაციებში.

გააზიარე

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *