2020 წლის ზაფხულში თბილისის მერიამ საინვესტიციო ვალდებულებათა შესრულების მიზნით და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაცია გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, დღეს თბილისში 10-მდე მუნიციპალური პოლიკლინიკა ფუნქციონირებს.
“მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათწლეულების წინ აშენდა და დღემდე არც ნორმალური რეკონსტრუქცია და რემონტი ჩატარებულა და არც სამედიცინო მოწყობილობების განახლება მომხდარა. აპარატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა, რაც მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი – თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ”, – აცხადებდა გასულ წელს თბილისის მერი კახა კალაძე.
თბილისის მერის ეს სიტყვები გულწრფელად ჟღერს, რადგან რეალურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც ამ პოლიკლინიკებშია და წარმოაჩენს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებს. თუმცა მერის ეს გადაწყვეტილება და მისი აღსრულება განსჯის საგანია და როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინიტროსთან. ჯერჯერობით ფაქტია, რომ საკითხის დაანონსებიდან ერთი წლის მერეც არ მომხდარა ამ დაწესებულებების პრივატიზაცია. გავიდა აუქციონზე და ვერ გაიყიდა, თუ მდგომარეობა შეიცვალა და გასხვისება აღარ იგეგმება, ეს ჩვენთვის უცნობია.
სწორი პროგნოზირებისათვის მეტად საყურადღებოა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანაგარიში პარლამენტში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა, სადაც ნათლად გაცხადებულია მთელი რიგი პრიორიტეტების თაობაზე ჯანდაცვის სექტორში, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის და ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით. მთავრობის ახალი ხედვის თანახმად, ფინანსური რესურსების მობილიზება ხდება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაუმჯობესებისა და გაძლიერებისათვის.
მთავრობის მიერ გაცხადებული პრიორიტეტები გავლენას ახდენს კერძო სექტორის სამომავლო ხედვაზე. არსებულ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზებით დაინტერესდეს, თანაც – მათთვის პროფილის შენარჩუნებით. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ჯანდაცვის სექტორში გატარებულ პოლიტიკას და რიგ ახლად დანერგილ რეგულაციებს, რაც კერძო ინვესტორს უკარგავს მოტივაციას, დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს ჯანდაცვის სექტორში, თანაც პანდემიის პირობებში, ფინანსურად მძიმე, არასტაბილურ პერიოდში.
დღეს საქართველოში როგორც ჰოსპიტალური, ისე ამბულატორიული დაწესებულებების 86%-ს კერძო სექტორი ფლობს და მუდმივად დისკუსიის საგანია, პაციენტის ინტერესებისათვის, სამედიცინო დაწესებულებების კვლავ კერძო სექტორში გადატანა ჯობია, თუ უკეთესია, ისინი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს.
მანამდე კი სხვა კითხვები ისმის: რატომ ვერ უმკლავდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ პროექტს? თუ ვერ უმკლავდება, რატომ არ მოხდა მათი დროულად გასხვისება? თუ იყო გასხვისების მცდელობა, რატომ ვერ დასრულდა ის წარმატებით? მოცემულ სიტუაციაში რატომ არ იჩენს ინტერესს კერძო სექტორი?
ფაქტია, რომ პრობლემა ბევრია და მათთან გამკლავება მარტივი არ არის.
პირველ რიგში, მოდი, შევეცადოთ განვიხილოთ თავად პაციენტების – თბილისის მოქალაქეების მოსაზრებები, თუ რას ფიქრობენ ისინი თბილისში არსებულ პოლიკლინიკებზე და როგორ სარგებლობენ სამედიცინო სერვისებით დღეს.
გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პაციენტისათვის დაწესებულების სტატუსს (კერძო თუ სახელმწიფო) საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, მათთვის მთავარია ხარისხიანი, დროული სამედიცინო მომსახურების მიღება პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ასევე, პაციენტებს სურთ, სამედიცინო დაწესებულებებში კარგი ინფრასტრუქტურა, განახლებული აპარატურა და, რა თქმა უნდა, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი დახვდეთ. სამწუხაროდ, მათი მოსაზრებით, პოლიკლინიკაში მაღალკვალიფიცური პერსონალი არ არის დასაქმებული და ამის გამო, როგორც წესი, რეფერალი ხშირად კეთდება სხვა ექიმ სპეციალისტთან, ჰოსპიტალურ დონეზე.
ეს პაციენტების აზრით…
სურათი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ჯანდაცვის სპეციალისტებთან საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე ვიწყებთ საუბარს. მართალია, ამ ბლოგის მიზანი არ გახლავთ უშუალოდ პირველადი ჯანდაცვის განხილვა, ან მისი სისუსტეებისა და პრობლემების წარმოჩენა, რომლებიც მრავლად არის სისტემაში, მაგრამ როდესაც საუბარი ამბულატორიული დაწესებულებების განკარგვაზე მიმდინარეობს, გვერდს ვერ ავუვლით იმის აღნიშვნას, რომ სახელმწიფოს როლი პირველადი ჯანდაცვის ქსელის ორგანიზებაში სუსტია და ქვეყანას, ამ ეტაპზე, არა აქვს თანამიმდევრული პირველადი ჯანდაცვის სისტემა. მუდმივად მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ რესურსები შეზღუდულია და პჯდ-სისტემა ზარალდება ამის გამო. ჯერჯერობით არ არის დანერგილი დაფინანსების თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფენ სისტემის მდგრადობას, განვითარებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ჰოსპიტალურ სექტორთან შედარებით, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიმართება პირველადი ჯანდაცვისაკენ (დაახლოებით 20%/80%), მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, პირიქით, ანაწილებენ მათ ხელში არსებულ ფინანსურ ნაკადებს.
ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის უტილიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მაგრამ ის მაინც დაბალი რჩება ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
რას გვასწავლის საერთაშორისო გამოცდილება? ჯანმოს 2018 წლის ანგარიში – “A Vision for Primary Health Care In the 21st Century” (Towards universal health coverage and the sustainable development goals) – მსოფლიოს ჯანდაცვის წარმომადგენლების ყურადღებას კიდევ ერთხელ მიმართავს პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიული მნიშვნელობის, როლისა და ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე გამოწვევების საპასუხო სისტემური მოწყობისკენ. მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების შედარებითი ანალიზი ადასტურებს, რომ პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე სამართლიანი, ხარჯთეფექტიანი და ეფექტიანი სტრატეგია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საინტერესო სტატია გამოქვეყნდა გასულ წელს საერთაშორისო ჟურნალში „What makes primary healthcare facilities functional, and increases the utilization? Learnings from 12 case studies“,რომელიც ამბობს, რომ საჭიროა „პოლიტიკური ნება“ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისათვის, რათა მათ გააუმჯობესონ ფუნქციონირება და ხარისხი. „ლიდერობა და მოტიცავია“ არაა მოგებიანი დაწესებულებებისათვის. სამედიცინო მომსახურების უტილიზაცია კი იზრდება სერვისების პაკეტის გაუმჯობესებით, უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით ყველა დონეზე და ხარისხის სტანდარტების დანერგვით.
როგორც აღვნიშნეთ, რიგით თბილისელებს ნაკლებად აინტერესებთ, თბილისის მერია გაასხვისებს არსებულ პოლიკლინიკებს, თუ თავად გადაწყვეტს, მართოს და ფინანსური რესურსი დახარჯოს ამ დაწესებულებების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაში. პაციენტისათვის მთავარი ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებაა. სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სისტემის ყველა დონისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალურია.
დაბოლოს, რაც არ უნდა ვთქვათ, ჭეშმარიტება ერთია – ქვეყანაში თუ მწყობრი, თანამიმდევრული ჯანმრთელობის პოლიტიკა არ შემუშავდება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასთან დაკავშირებით, მუდმივად ერთმანეთს აცდენილი იქნება უფლებამოსილი პირების მიერ სხვადასხვა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. სამედიცინო სფეროში არსებული კერძო სექტორი ისევ ორიენტირებული იქნება მოკლევადიან მიზნებზე და, არასტაბილური გარემოს გათვალისწინებით, შეეცდება, ბიზნესში ჩადებული თანხა მალე აინაზღაუროს, ნაცვლად გრძელვადიანი გეგმებისა, რომლებიც ორინტირებული იქნება ხარისხზე, რადგან, როგორც წესი, სამედიცინო ბაზარზე არსებული ჯანსაღი კონკურენცია, სამედიცინო სერვისების დამფინანსებელთა და პაციენტთა მზარდი მოთხოვნები სამედიცინო დაწესებულებებს „აიძულებს“, სისტემატურად და უწყვეტად იზრუნონ ხარისხის განვითარებაზე.
თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა პაციენტცენტრულია და ამოსავალი წერტილი ყველასათვის – როგორც კერძო, ისე სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დაწესებულებებისათვის, – კმაყოფილი პაციენტია. შესაბამისად, ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს, ვერ ექნება განსხვავებული მიზანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რიგით თბილისელს მხოლოდ ერთი რამ სურს – ყველა დაინტერსებული მხარე შეთანხმდეს და როდესაც ის სერვისის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავს, იქ მას, ჩვეულებრივ პაციენტს, ღირსეულად დახვდნენ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ მისი სურვილის განხორციელების გზებზე და თანამიმდევრულად გადავდგათ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად.