მაშინ როდესაც საფეხბურთო ინდუსტრია კვლავ პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, Heineken-მა გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო კლუბებში პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურა. ლუდის მწარმოებელმა, კამპანიის ფარგლებში, გადამუშავებული ერთჯერადი პლასტმასისგან შექმნილი სკულპტურები Manchester City-ისა და Tottenham Hotspur-ის ტრიბუნებთან განათავსა.
ევროკომისიის განცხადებით, საფეხბურთო სტადიონები და მასშტაბური ღონისძიებები პლასტმასის ნარჩენების საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოქმნას უწყობს ხელს. ერთჯერადი გამოყენების ჭიქებისა და საკვები შეფუთვების მოცულობა, ყოველ სეზონზე, პლასტმასის ნაკეთობის მილიონობით ნარჩენს უტოლდება. ოკეანეშიც ნაგვის დაახლოებით 80% პლასტიკურია. პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Heineken-მა ასევე შეწყვიტა ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების მიწოდება თავისი ჰაბის, ბარის, სტადიონებისა და ღონისძიებების ადგილის სტუმრებისთვის.
Manchester City-ის წარმომადგენლების განცხადებით, Heineken-თან თანამშრომლობით დანერგილი ახალი კამპანია საკმაოდ მიმზიდველი ინიციატივაა, რაც ნარჩენებისა და დაბინძურების მართვისა და კლიმატური კრიზისის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას შეუწყობს ხელს. ინგლისის ცალკეული კლუბები უკვე პროგრესსაც განიცდიან პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში: მაგალითად, Manchester City, თითოეული სეზონის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიონი პლასტმასის ჭიქისა და 500,000 პლასტმასის ბოთლის დაზოგვას ახერხებს.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საფეხბურთო კლუბებმა პლასტმასის ნარჩენებისგან თავის დაღწევა გადაწყვიტეს. 2019 წლის კვლევებით დადგინდა, რომ გულშემატკივრებს საკუთარი კლუბების მიერ გარემოსდაცვითი სერტიფიკატების მოპოვება სურდათ, რაც პლასტმასის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასაც გულისხმობდა. მიუხედავად მონდომებისა, პანდემიის პერიოდში საფეხბურთო სტადიონებზე თამაშების შეჩერებამ აღნიშნული პრობლემაც დროებით უკანა პლანზე გადასწია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ევროკომისიამ, ევროკავშირის მასშტაბით, ერთჯერადი პლასტმასის ნივთების აკრძალვა მოითხოვა. ევროკავშირის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის დირექტივა კი ძალაში 2021 წლის ივლისში შევიდა.
დატოვე კომენტარი