მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მსგავსად, პანდემიის პერიოდში პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიც შედარებით ნაკლებს მოგზაურობდნენ. შესაბამისად, გლობალურად მათი მიგრაციის რიცხვიც კლებულობდა. თუმცა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ყველაზე მაღალშემოსავლიანმა პირებმა აქტიური გადაადგილება კვლავ დაიწყეს და, როგორც Henley & Partners-ის ახალი ანგარიში პროგნოზირებს, მათგან 122 ათასი, წლის ბოლომდე, საცხოვრებლად სხვა ქვეყანასაც მიაშურებს.
„კერძო სიმდიდრის მიგრაციის ანგარიშში“ საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-მა უკანასკნელ ათწლეულში მილიონერთა მიგრაცია შეისწავლა და 2023 წლისთვის შესაბამისი პროგნოზებიც შეიმუშავა. ცნობისთვის, ფირმის უახლოეს ანგარიშში, მაღალი წმინდა ღირებულების მქონე ინდივიდებად ის პირები არიან მიჩნეულნი, რომელთა ქონებაც, სულ მცირე, $1 მილიონადაა შეფასებული.
Henley & Partners-ის ვარაუდით, 2023 წელს მილიონერებისთვის საცხოვრებლად სასურველი მიმართულებების სიაში პირველობას დაიბრუნებს ავსტრალია, რომელმაც ლიდერობა გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დათმო. საკონსულტაციო ფირმის ანგარიშით, იმ ქვეყანათა ათეულში, რომელთაც წელს ყველაზე მდიდარი მიგრანტები აირჩევენ, მხოლოდ ორი აზიური სახელმწიფო მოხვდება, დარჩენილი პოზიციები კი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ოკეანეთის ქვეყნებზე გადანაწილდება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, მიმდინარე წელს საბერძნეთს საცხოვრებლად 1,200-მდე მილიონერი მიაშურებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ქვეყნის „ოქროს სავიზო პროგრამა“ იყოს, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საცხოვრებლისა და ევროკავშირის პასპორტის მარტივ და ხელმისაწვდომ ფასად მიღებას უზრუნველყოფს. ამჟამინდელი მოთხოვნებით, უძრავ ქონებაში ინვესტირების მინიმალური ღირებულება 250,000 ევროა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სახელმწიფოებს მდიდრებისთვის მიმზიდველად აქცევს, ეკონომიკური თავისუფლების დონეა, რაც შედარებით მსუბუქ საგადასახადო ტვირთსა და ინვესტიციების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ბაზარი – სინგაპური, Henley & Partners-ის შეფასებით, 2023 წელს 3,200 მილიონერს მიიღებს.
საკონსულტაციო ფირმის პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს მილიონერთა გადინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთში დაფიქსირდება. Henley & Partners-ის ანგარიშით, ჩინეთს 2023 წელს 13,500 მილიონერი დატოვებს – ორჯერ მეტი, ვიდრე ინდოეთს (6,500). მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა გადინების მხრივ მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, რომელიც მიმზიდველობას განსაკუთრებით ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ კარგავს, მეოთხე პოზიციას კი რუსეთი იკავებს, რომელსაც მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უმეტესწილად დასავლური სანქციებისთვის თავის არიდების მოტივით ტოვებენ.
საერთო ჯამში, Henley & Partners-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა მიგრაციის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაქსიმუმს სწორედ 2023 წელს მიაღწევს. თუ გასულ წელს საცხოვრებელი ქვეყანა 84 ათასმა მილიონერმა შეიცვალა, მიმდინარე წელს მათი რიცხვი 122 ათასამდე უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც მილიონერთა მიგრაციამ 2020 და 2021 წლებში, შესაბამისად, 12 ათასი და 25 ათასი შეადგინა.
ქვეყნები, 2023 წელს მილიონერ მიგრანტთა ყველაზე მაღალი შედინებით:
- ავსტრალია – 5,200 მილიონერი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 4,500 მილიონერი
- სინგაპური – 3,200 მილიონერი
- ამერიკის შეერთებული შტატები – 2,100 მილიონერი
- შვეიცარია – 1,800 მილიონერი
- კანადა – 1,600 მილიონერი
- საბერძნეთი – 1,200 მილიონერი
- საფრანგეთი – 1,000 მილიონერი
- პორტუგალია – 800 მილიონერი
- ახალი ზელანდია – 700 მილიონერი
ქვეყნები, 2023 წელს მილიონერ მიგრანტთა ყველაზე მაღალი გადინებით:
- ჩინეთი – 13,500 მილიონერი
- ინდოეთი – 6,500 მილიონერი
- გაერთიანებული სამეფო – 3,200 მილიონერი
- რუსეთი – 3,000 მილიონერი
- ბრაზილია – 1,200 მილიონერი
- ჰონგ-კონგი – 1,000 მილიონერი
- სამხრეთი კორეა – 800 მილიონერი
- მექსიკა – 700 მილიონერი
- სამხრეთი აფრიკა – 500 მილიონერი
- იაპონია – 300 მილიონერი