Hillside Residence-ი ცდილობს, საქართველოში მდიდარი ადამიანების ცხოვრების გეოგრაფია შეცვალოს. პროექტის ინიციატორი ვასილ სოფრომაძე მზადაა გამოწვევის მისაღებად. საკითხავია, რამდენად მზადაა ამისთვის უძრავი ქონების ბაზარი.
მოწყვეტილი სახლები, რომლებიც ქალაქის თავზე გადმოკიდებულან და ურბანული ცხოვრების ვიწრო რეალიებს თითქოს ირონიაშერეული სიმშვიდით ზევიდან დაჰყურებენ – მაგარია. ეს ხომ აშკარა და თვალსაჩინოა – სულ რამდენიმე გვერდი გაშორებთ Leaderboard-ის რუბრიკის ერთ სტატიას, რომელშიც მოთხრობილია ლოს-ანჯელესის ბევრლიჰილზურ, $85-მილიონიან სახლზე, Minecraft-ის შემქმნელმა ცხვირწინ რომ ასწაპნა ჯეი-ზისა და ბიონსეს ვარსკვლავურ ოჯახს. იმას, რაც ვარსკვლავების ფონზე თვალისმომჭრელად ბრწყინავს, როგორც წესი, ძლიერი გრავიტაცია ახასიათებს. ეს ასეა ლოს- ნჯელესშიც და მისგან ასეულობით კილომეტრით, გნებავთ ასეულობით სინათლის წელიწადით, დაშორებულ ალაგებშიც.
მაგრამ წარმოიდგინეთ იმავენაირი, ან სულაც მეტი ფუფუნების განცდა შეზღუდული რაოდენობის ბინებიან ელიტურ რეზიდენციაში, რომელიც ათეული კილომეტრითაც კი არ არის დაშორებული ქალაქის ტვინის “რუხ ნივთიერებას”. ეს უკვე სხვა კლასია – არა ლოს- ანჯელესის, არამედ ნიუ- იორკისა და ლონდონის კლასი.
იმაზე, თუ საცხოვრებლის ამ ორი კლასიფიკაციიდან რომელი ჯობს, დავა შეიძლება, მით უმეტეს, რომ ტოპ-კატეგორიის უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთთან ახლოს დგანან კლასობრივ იერარქიაში. აქ გადამწყვეტი, ხშირ შემთხვევაში, არის არა ინდივიდუალური საცხოვრებლის ღირებულება, არამედ ინდივიდის ცხოვრებისეული ღირებულებები, ცხოვრების სტილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – გემოვნება.
ზოგ ადამიანს უბრალოდ ეხამუშება მოწყვეტილობა. ასეთი ადამიანები ქალაქს გულით ატარებენ და სურთ, ქალაქის გულშიც მოიძებნებოდეს ადგილი მათთვის. არა უბრალოდ ადგილი, არამედ სათუთი ადგილი, რადგან ზემოთ ხსენებული “კლასობრივი საკითხიდან” გამომდინარე, მათ ამავდროულად კომფორტის, სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და ჯანსაღი გარემოს უკომპრომისო მოთხოვნა ახასიათებთ. ამგვარი კომპლექსური მოთხოვნა არათუ თბილისში, არამედ მსოფლიოს წამყვან მეგაპოლისებშიც რთული დასაკმაყოფილებელია, მაგრამ ფასს, მოგეხსენებათ, სწორედ მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შორის მანძილი განაპირობებს. “ოდეს ტურფა გაიაფდესო”, – როგორც ბრძანა კლასიკოსმა.
სულ რაღაც ერთი წლის წინ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე არ მოიძებნებოდა შეზღუდული რაოდენობის ბინებიანი, ექსკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინის შესაძენად ერთ კვადრატულ მეტრზე $3000-ზე მეტს გადაიხდიდით. გამონაკლისები მხოლოდ გამოყოფილ, პრეცედენტულ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებულად ძვირად ღირებული საცხოვრებლები ძირითადად თბილისის მომიჯნავე პერიფერიაში მდებარეობს – ვილების, ტაუნჰაუსების და ა.შ. სახით, იშვიათად კი ცენტრალურ უბნებში – ერთეულ პენტჰაუზებად.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო საქართველოში; მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორში წარმოებული პროდუქციის წილი მთლიან პროდუქციაში საკმაოდ მაღალი იყო; მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ინვესტიციებს კვლავ იზიდავს და კომერციული ბანკები ამ სექტორში კრედიტების გაცემას ისევ აგრძელებენ – რა დასამალია, ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი არასოდეს ყოფილა ფუფუნებაზე მომართული. ქართველი დეველოპერებისთვის ეს აუთვისებელი ნიში იყო, რისი მიზეზების კვლევაც შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მოდი, მშრალ სტატისტიკას დავჯერდეთ: 2014 წლის ბოლომდე თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და ძვირ რაიონებში (ვაკე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი და საბურთალოს გარკვეული ნაწილი) ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $1000-1400-ის ფარგლებში მერყეობდა, საშუალო სეგმენტის რაიონებში კი $600- 1000-ის ფარგლებში.
მაგრამ 2015 წლის დასაწყისშივე ბაზარზე გამოჩნდა ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც ცდილობს საქართველოში მდიდარი ადამიანების ცხოვრების გეოგრაფია შეცვალოს და საფასე დიაპაზონიც გააფართოოს. ფუფუნებით ცხოვრების მეგზური, Forbes-ი, მდიდრული რეზიდენციების მწვანე კვალმა Hillside Residence-მდე მიიყვანა. “ნიუ-იორკისა და ლონდონის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით პირველი თბილისური რეზიდენცია, რომელიც აერთიანებს კომფორტის, სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სრულყოფილების შეგრძნებას ერთ სივრცეში. რეზიდენცია – ეს არ არის უბრალოდ ელიტური სახლი, ეს ცხოვრების სტილია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მის რეზიდენტებს. ფართის შეძენისთანავე თქვენ ავტომატურად იძენთ სივრცეს შენობის ყველა ნაწილში, იქნება ეს ჰოლი, ვერანდა, ლიფტი თუ პარკინგი. ეს გაძლევთ საშუალებას, გახდეთ რეზიდენციის სრულუფლებიანი რეზიდენტი.
კლასიკური ფორმებისა და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიულმა შერწყმამ განაპირობა HILLSIDE RESIDENCE-ის დახვეწილი არქიტექტურა, რომელიც ამბობს ახალ სიტყვას, მაგრამ ამავე დროს ორგანულად ერწყმის ძველ თბილისს და მის კოლორიტს.
რეზიდენციის ადგილმდებარეობა – სოლოლაკი, დავითაშვილის ქუჩა – ბევრი ფიქრისა და კვლევის შედეგად შეირჩა. ეს გამორჩეული ადგილია: ეკოლოგიურად სუფთა, რბილი კლიმატითა და შესანიშნავი ხედებით მთელ თბილისზე”, – ვკითხულობთ კომპანიის ელეგანტურ ვებსაიტზე. აქვეა კითხვარი, რომლის შევსებაც პოტენციური რეზიდენტებისთვის სავალდებულოა, რადგან ზუსტად მთაწმინდის პარკსა და ბოტანიკურ ბაღს შორის მოქცეულ, ამ 26-ბინიან სახლში “მარტო ფულით ვერ შეხვალ. რაგინდ ბევრი ფული ჰქონდეს, არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ამ ბინაში ვერ შევლენ”, – განგვიცხადა პროექტის სულისჩამდგმელმა, ვასილ სოფრომაძემ.
ვასილ სოფრომაძის სახელი კარგად ნაცნობია ყველასთვის, ვინც სანქტ-პეტერბურგის უძრავი ქონების ბაზარს იცნობს. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა – იგი ერთადერთი ადამიანია პეტრე პირველის შემდეგ, რომელსაც პეტერბურგის ცნობილ “ოქროს სამკუთხედში” რაიმე აუშენებია. ვასილ სოფრომაძეს ნამდვილად აქვს ჯანსაღი ამბიციის საფუძველი: მის მიერ აშენებულ რეზიდენციებში (სწორედ ასე უწოდებენ ამ ელიტურ პროექტებს პეტერბურგში – “სოფრომაძის სახლებს”), მასშტაბური კრიზისის დროსაც კი ერთი კვადრატული მეტრი 40-45 ათასად ფასობს. მისი უძრავი ქონება ყოველთვის ლიკვიდურია, თუმცა ამავდროულად ეს არის ბოლო რამ, რასაც მფლობელები – თუნდაც განსაკუთრებულ ფასად, თუნდაც კრიზისის დროს – დათმობენ. როგორც აღნიშნავს ინტერვიუში ერთ- ერთ რუსულ გამოცემასთან, უპრობლემოდ შეუძლია “ასწიოს” $100-მილიონიანი პროექტი. შეიძლება ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თქვენ ჯერ მთავარი არ იცით – ვასილ სოფრომაძე არასდროს არ სესხულობს ფულს ბანკისგან. ყველა მისი პროექტი საკუთარი, ან პარტნიორებისგან მოზიდული თანხით ფინანსდება და მხოლოდ მას შემდეგ იყიდება, როცა პროექტი სრულად ჩაბარდება. ეს ასეა, განურჩევლად პროექტის ღირებულებისა თუ მდებარეობისა – პეტერბურგის, ლონდონის, მონაკოს და თბილისის შემთხვევაშიც.
ერთი გასაუბრებითაც ნათელია, რომ ვასილ სოფრომაძე იმ ყაიდის ბიზნესმენია, რომელიც საკუთარ ალღოსა და ყნოსვას უფრო ენდობა, ვიდრე ბიზნესგეგმებსა და ექსპერტების პროგნოზებს. მეტიც, საუბარში გამოტყდა, რომ მისთვისვე სასაცილო ახირებებიც კი ახასიათებს. მაგალითად, არასოდეს გადადგამს ნაბიჯს, თუკი წინ კატა გადაურბენს, არასოდეს ჩაჯდება თვითმფრინავში თვის 13 რიცხვში. Hillside Residence-ში ვერ ნახავთ მეცამეტე ბინას – თორმეტის შემდეგ პირდაპირ თოთხმეტი მოდის. მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზეზი, რის გამოც თავი შეიკავა ინვესტიციის ზუსტი თანხის დასახელებისგან – “$5-დან 10 მილიონამდე, – განგვიცხადა მან. – არ მინდა გამთვალონ”.
მთაწმინდაზე პირველი ელიტური საცხოვრებლის პროექტიც მისი პირადი ანტრეპრენიორული ინტუიციისა და წინაგანწყობების პირმშო უფროა, ვიდრე საშუალო რგოლის მენეჯერთა სკრუპულოზური გათვლების. “ჩვენ გვინდოდა ისეთ ადგილას აგვეშენებინა სახლი, რომ ყველა თბილისელსა და სტუმარს სცოდნოდა მის შესახებ. თბილისი არ არის პარიზი და ლონდონი. თბილისი არის გარკვეული უბნები, რომლებშიც ცხოვრება პრესტიჟულია და შეიძლება ეს უბანი პირდაპირ რუსთაველის გამზირზე არ გადიოდეს. ქალაქის ყველაზე მაღალფასიანი სახლები არ ემთხვევა ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრს. – ამბობს ვასილ სოფრომაძე. – როცა ადამიანი თბილისში ჩამოდის, პირველად სწორედ მთაწმინდაზე მიჰყავთ. ჩემმა პარტნიორმა მაჩვენა ეს ადგილი და იმდენად დაემთხვა ნანახი ჩემს შინაგან შეგრძნებას, რომ გადავწყვიტე, მაშინვე წამომეწყო ეს საქმე”.
პროექტი რთულად დაიძრა: “შევისყიდეთ ნაკვეთი და მივედი მერიაში. მერიაში მითხრეს, რომ ‘ეს პეტერბურგი არ არის’”. საბოლოოდ ქალაქის ადმინისტრაციასთან კომპრომისულ პროექტზე შევთანხმდით.
რა თქმა უნდა, პროექტის ღირებულების თვალსაზრისით, პირადად ვასილ სოფრომაძის ელიტურ სამშენებლო გამოცდილებაში 26-ბინიანი Hillside Residence-ი გამორჩეული არ არის. იგივე შეიძლება ითქვას დედაქალაქზეც, სადაც ნამდვილად მოიძებნება გაცილებით ძვირად ღირებული და დიდ ფართობზე გადაშლილი დეველოპერული პროექტები. მაგრამ საქმეც ესაა – Hillside Residence-ი სწორედ მცირე მასშტაბში დიდი ღირებულების კონდენსირებითაა განსაკუთრებული, როგორც ერთი მუშტისოდენა ბრილიანტი, რომლის მოკრძალებული ბრწყინვალებაც გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ყველა სტადიონის პროჟექტორთა სინათლე. ეს ამბიციური წამოწყება აბსოლუტურად გარდამტეხია ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის, რადგან მას ახალი, განსაკუთრებულად ძვირად ღირებული ნიშით ამდიდრებს და ამავდროულად ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველოს დეველოპერული ბაზარი ერთ კვადრატულ მეტრზე ფასწარმოების “უმაღლეს ლიგაში” გადასასვლელად მომწიფდა.
ალბათ გაინტერესებთ მცირე ექსკურსია თბილისის მომავალ, უელიტარულეს ბინებში. “მომავალ” იმიტომ, რომ Hillside Residence- ში მხოლოდ საერთო მოხმარების ფართებია მზა ფორმით. ასეა – შენს საოცნებო სახლს შენ გარდა სხვა ვერავინ შექმნის. როდესაც ერთ კვადრატულ მეტრში $4000-მდე იხდი, საკუთარ გემოვნებას მეტად აფასებ, ვიდრე რემონტისთვის გასაღებ დამატებით ხარჯებს. “თუ რემონტია პრობლემა, იყიდოს და რემონტს მე გავუკეთებ, – ამბობს გახალისებული ვასილ სოფრომაძე, – რატომ არ გავაკეთეთ ბინები რემონტით? იმიტომ, რომ ჩვენ ვყიდით ცხოვრების სტილს, ჩვენ ვყიდით კომფორტს. ჩვენი მომხმარებელი პრეტენზიული ხალხია. იქნებ არ მოსწონს ეს კედელი იქ და უნდა აქ? და რომ დაიწყოს დანგრევა, წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იქნება? ყიდულობთ სახლს ნახევარ მილიონად და მეზობლის ხმაური გაწუხებთ. ხმაური არის მხოლოდ ნგრევის დროს და არა შენების. ახლა რემონტი ვინმემ რომ ჩაატაროს, მეზობელს არ შეაწუხებს. ააშენოს კედელი სადაც უნდა”.
ბინის ესთეტიკა თვითონ მოსახლისთვისაა მინდობილი, მაგრამ ყველაზე კაპრიზული კლიენტიც კი ვერ დასდებს წუნს დანარჩენს – ავიღოთ კომუნიკაციები, რომელიც თითოეულ ბინაშია შეყვანილი. აქ კომუნიკაციების ხარისხზე განსაკუთრებულად იზრუნეს: მაგალითად, ბინებს მიეწოდება 20 კილოვატი ელექტროენერგია, რაც ქალაქის რეკორდია. “თბილისში ყველა ბინას აქვს ელექტროენერგიის პრობლემა. – ამბობს დეველოპერი. – ბევრი შეძლებული ადამიანი თავის ბინაში 3-4 კილოვატიდან მაქსიმუმ 10 კილოვატამდე ზრდის”.
გარედან Hillside Residence-ი ასე გამოიყურება: რეზიდენცია ოთხივე მხრიდან მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, ტრავერტინით. ვიტრაჟები დაცულია მზისგან დამცავი ალუმინის ჟალუზებითა და მარკიზებით. ექსტერიერში გამოყენებულია კლასიკური და თანამედროვე ფორმები. როგორც კი Hillside Residence-ის ჰოლში აღმოჩნდებით, აშკარა ხდება, პროექტი შორსაა ვასილ სოფრომაძის მიერ დასახელებული ქვედა ზღვრისგან – $5 მილიონისგან. მისაღების ფართობი თითქმის 300 კვადრატულ მეტრს აღწევს (“ბიზნესგეგმების შემთხზველნი იტყვიან, რომ სოფრომაძემ ამით ბევრი ფული დაკარგა”). ექვსი მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული 6 ათასი სვაროვსკის ბროლის ბურთულით დახუნძლული 12 კვ.მ-იანი სწორკუთხა ჭაღი ისედაც რეპრეზენტაბელურ ინტერიერს კიდევ უფრო მდიდრულ და დახვეწილ ელფერს აძლევს. კონსიერჟის მოპირდაპირე კუთხეში მდგარი Ritmuller-ის შავი როიალი ხითა და ქვით დომინირებულ მოდერნულ სივრცეში კლასიკურ აქცენტს სვამს.
რაც შეეხება კონსიერჟს: რეზიდენტები მისი საშუალებით აგვარებენ ისეთ რუტინულ საკითხებს, როგორიცაა ბილეთის შეძენა, რესტორნის დაჯავშნა, შეტყობინების დატოვება და სხვა. კონსიერჟის დახმარებით ხდება შენობაში ვიზიტორების დაშვების კონტროლი. კონსიერჟი მხოლოდ რეზიდენტთან გასაუბრების შემდგომ დაუშვებს სტუმარს, გადასცემს შეტყობინებას და გაუძღვება მოსაცდელ სივრცეში.
როდესაც სამი მხრიდან დღის სინათლით დატბორილ ჰოლს გასცდებით და უჩვეულოდ კეთილმოწყობილ ლიფტებს გვერდს აუვლით, ფიტნესის დარბაზში მოხვდებით. “სამგზავრო ლიფტი 640კგ-ზე, ხოლო სატვირთო ლიფტი 900კგ-ზეა გათვლილი, – ამბობს ვასილ სოფრომაძე. – სწორედ ამ სატვირთო ლიფტით, რომელიც პარკინგის სართულიდან ამოდის, ბინებში სარემონტო მასალების მიწოდება მოხდება”.
ლიფტით ქვევით ჩავდივართ. “პარკინგის სართული” ზედმეტად მოკრძალებული შეფასებაა პირველ სართულზე მდებარე დიდი მიწისქვეშა ავტოსადგომისთვის. პარკინგის ვენტილაცია გამაოგნებელია. გასაგებია, რომ დავითაშვილის ქუჩაზე სუფთა ჰაერია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ იმავეს თქმა იქნებოდა შესაძლებელი ამ ქუჩაზე მდებარე რომელიმე მიწისქვეშა პარკინგზე. სქელი კედლები და დისტანციური მართვის ელექტროკარი აქაც საიმედოდ იცავენ ბინადარს ნებისმიერი შესაძლო ხმაურისგან.
ხმაური ვასილ სოფრომაძისთვის მნიშვნელოვანი თემაა. “ამიტომაც არ გვაქვს სავაჭრო-კომერციული დატვირთვა. მთელი სივრცე სახლს ეკუთვნის და აქ არასოდეს იქნება სავაჭრო სივრცეები. როგორ შეიძლება ადამიანს უთხრა, შენ ცხოვრობ განსაკუთრებულ გარემოში, როდესაც ქვემოთ შეიძლება რესტორანი იყოს გახსნილი? ესეც უპრეცედენტოა თბილისში. თუ ვინმეს პირველ სართულზე პატარა ფართი აქვს ცენტრალურ უბანში, ყველა გაქირავებაზე ფიქრობს”, – ამბობს დეველოპერი.
პარკინგის სართულზევე მდებარეობს ინდივიდუალური სარდაფები. გარდა სარდაფისა, თითოეულ საცხოვრებელ სართულზე გამოყოფილია ტექნიკური ოთახი, მრიცხველებისათვის განკუთვნილი ოთახი. ტექნიკურ ოთახში დამონტაჟდება სხვადასხვა აგრეგატი, იქნება ეს გათბობისა და კონდიცირების სიტემები თუ სხვა, რათა ფასადი არ დამახინჯდეს, ხოლო სარდაფები პარკინგს ზედმეტი ნივთებისაგან დაიცავს. “მანქანის გარდა იქ არაფერი არ უნდა იყოს”, – ამბობს ვასილ სოფრომაძე.
პარკინგიდან ლიფტში ვბრუნდები, რათა მეშვიდე სართულის სახურავზე არსებული ტერასისკენ ავიღო გეზი. საერთო მოხმარების ტერასა, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს იკავებს, გამწვანებულია და ყინვაგამძლე ქვითაა მოპირკეთებული. გასაოცარი ხედი მთელ თბილისზე – ფუნიკულიორით, მწვანე მთებით, რომლებიც ქალაქს ფილტვების მაგივრობას უწევენ და ღირსშესანიშნაობებით – საზიაროა თითოეული ბინისთვისაც: მდებარეობის მთავარი აქტივით – იმ ფაქტით, რომ ელიტური რეზიდენცია ქალაქის ცენტრალურ და ამავდროულად ბუნებასთან ახლო, ეკოლოგიურად სუფთა უბანშია განთავსებული – მისი თითოეული მობინადრე თანაბრად სარგებლობს.
ვინაიდან “საერთო სარგებელზე” ჩამოვარდა საუბარი, აღსანიშნავია ტექნიკური რეზერვიც. შენობას გააჩნია ალტერნატიული დენის წყარო, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰოლის, ლიფტებისა და პარკინგის განათებას. აგრეთვე დამატებითი წყლის ავზი ავარიული გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად ჩაირთვება და რეზერვი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებელ მიწოდებას. საზიაროა დასუფთავების, მებაღისა და სხვა სერვისებიც.
“კი მაგრამ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ 26 ექსკლუზიურ ბინას დააკომპლექტებენ”? – ვეკითხები რესპონდენტს. “მთავარი განმსაზღვრელი სოციალური სტატუსია, – მპასუხობს იგი. – სოციალურ სტატუსს რომ ვამბობ, მხოლოდ ფულიანი ადამიანები არ მყავს მხედველობაში. რეზიდენტი შეიძლება იყოს როგორც ბიზნესმენი, ისე ექიმი, მასწავლებელი, ინჟინერი. შეიძლება იკითხოთ, საიდან ამდენი ფული მასწავლებელს? მასწავლებელი შეიძლება იყოს ფულიანი ადამიანის დედა”.
ვასილ სოფრომაძე გამოტყდა, რომ მისი მოლოდინები გადაჭარბებული იყო. “მეგონა, რიგი დადგებოდა, მაგრამ რიგი არ დადგა. ვაღიარებ, მეტის მოლოდინი მქონდა, თუმცა არც პატარა დაინტერესებას ვუჩივით. ნებისმიერ სახლს სჭირდება გარკვეული დრო. გოგოსთან ურთიერთობასავითაა. ძალიან იშვიათად, რომ ერთი ნახვით შეგიყვარდეს და მეორე დღეს ცოლად მოიყვანო. ხდება ასე, მაგრამ იშვიათად. უფრო ხშირად ხდება, რომ დადიხართ, დადიხართ და მერე აღმოჩნდება, რომ ტყუილად არ დადიხართ”.
ეკონომიკისთვის რთულ, გარდამავალ პერიოდში ძვირად ღირებული რეზიდენციის საყიდლად “რიგის დაყენება” ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ არანაკლებ განსაცვიფრებელი იქნებოდა გაყიდვების იმ ტემპის პროგნოზირება, რომელიც Hillside Residence- მა ქართული უძრავი ქონების ბაზარს შესთავაზა. ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვასილ სოფრომაძისთვის ალღოს არ უღალატია. Hillside Residence-ის ამჟამინდელი კლიენტურა ასე გამოიყურება – უცხოელი მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერები, ქართველი ბანკირები, მსხვილი კომპანიების დამფუძნებელი ბიზნესმენები. “აგრეთვე ქართველები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, დაბრუნება სურთ და აინტერესებთ მხოლოდ ისეთი საცხოვრებელი პირობები, როგორსაც განვითარებულ ქვეყნებში მიეჩვივნენ”, – ამბობს ვასილ სოფრომაძე. – სხვათა შორის, არ არის ადვილი ამოცანა. მე უნდა შევარჩიო 26 ადამიანი, რომლებიც ისეთ გარემოს შექმნიან, სადაც 26–ვე კომფორტულად იგრძნობს თავს”.
Hillside Residence-ის შესამჩნევი წარმატება ცხადყოფს, რომ რუბიკონი გადალახულია. ქართული უძრავი ქონების ბაზარი მზადაა ძვირად ღირებული პროექტებისთვის. მზადაა ვასილ სოფრომაძეც, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს – ეს მისი კიდევ ერთი შესამჩნევი მახასიათებელია. “ვფიქრობ, აგვისტოს ბოლოსთვის ყველაფერი გაყიდული იქნება, მაქსიმუმ – სექტემბერში. ამის შემდეგ დავიწყებ შემდეგ პროექტს, რომელზეც არ დავკონკრეტდები, – თქვა მან, მაგრამ ორიოდ დეტალი მაინც დავტყუეთ, – ქალაქის შუაგულიდან მაქსიმუმ 20 წუთის სავალზე, მწვანე ზონაში, საერთო, დაცულ ტერიტორიაზე 30-35 კერძო ვილა”. თუმცა ამაზე მოგვიანებით. წინ გაყიდვების მზიანი სეზონია!
დატოვე კომენტარი