Hilton-ი მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილებს 22%-ით ამცირებს.
სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი Hilton-ი მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილებს 22%-ით ამცირებს. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა და მიზეზად პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესის მკვეთრი შემცირება დაასახელა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მენეჯმენტიდან და ადმინისტრაციებიდან 2100 ადამიანს გაუშვებენ, რათა შეამცირონ დანახარჯები.
ასევე სასტუმროების ქსელი აპირებს დროებით გაშვებულ თანამშრომლებს ვადა გაუხანგრძლივოს და კორპორატიულ თანამშრომლებს შეუმციროს სამუშაო საათები კიდევ სამი თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, ხარჯების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ხელმძღვანელები მომდევნო 90 დღის განმავლობაში 50%-ით ნაკლებ ხელფასს აიღებენ, მათ შორის იქნება კომპანიის CEO კრისტოფერ ნასეტა, რომელიც 2020 წლის ბოლომდე აპირებს დათმოს თავისი ხელფასი.
“Hilton-ს 101 წლის განმავლობაში არასოდეს უგრძვნია ინდუსტრიის მსგავსი გლობალური კრიზისი, რამაც მოგზაურობის პროცესი ჩიხში შეიყვანა“, – განაცხადა ნასეტამ. მისივე თქმით, ბიზნესის გადასარჩენად, მათ მოუწიათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც თანამშრომლებზე აისახა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში სასტუმროებმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით $33 მილიარდი იზარალეს.
დატოვე კომენტარი