მილიარდერი გაუტამ ადანის ათი დალისტული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ Adani-Hindenburg-ის დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს შეფასებით, Hindenburg-ის მოხსენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სანდოდ“ და არც მედიის ანგარიშები უნდა განიხილებოდეს „ურყევ ჭეშმარიტებად“.
თავის მხრივ, ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭომ (SEBI) დაარწმუნა სასამართლო, რომ დავის გაგრძელების აუცილებლობა არ არსებობდა და 24-დან 22 საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ დადებითაც იმოქმედა მილიარდერის კომპანიების აქციების ფასზე: მხოლოდ ერთ დღეში, Adani Enterprises-ის აქციების ღირებულება 9%-ით, Adani Green Energy-ის, Adani Power-ისა და NDTV-ის -12%-ით, Adani Energy Solutions-ის – 19%-ით ხოლო Adani Total Gas-ის აქციების ფასი – 20%-ით გაიზარდა.
სამშაბათის ვაჭრობის შემდეგ გაზრდილია თავად ადანის ქონების წმინდა ღირებულებაც. Forbes-ის მონაცემებით, მილიარდერი ამჟამად მსოფლიოს 23-ე უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება კი $56.3 მილიარდადაა შეფასებული. თუმცა ეს მაინც დიდი ვარდნაა ადანისთვის, რომელიც ერთ დროს $126 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებდა.
საინვესტიციო კვლევითი ფირმა Hindenburg Research-ის მიერ Adani Group-ის წინააღმდეგ ანგარიში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. ანგარიში აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის კომპანიებს „ათწლეულების განმავლობაში აქციებით მანიპულირებისა და ბუღალტრულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სქემაში ჩართულობაში“ სდებს ბრალს.