“ხაშის მზადება და ხმარება ტფილისში აღკრძალული იქმნა ხოლერის გამო როგორც მძიმე საჭმელი. ეს არის მიზეზი, რომ ტფილისიდგან თითქმის სამოცი მეხაშე წავიდა სოფლად უსაქმობისა გამო“, – გაზეთი “ივერია“, 2 ივლისი, 1892 წელი.
პანდემიისა თუ ეპიდემიების დროს ჰორეკა სექტორს ყოველთვის განსაკუთრებით უჭირს, ასეა ახლაც და ასე იყო წარსულშიც. ჯერ კიდევ ავბედითი 1892 წლის დადგომამდე, როდესაც თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა, ქალაქში ხმა გავარდნილა, ერთ-ერთი ტრაქტირიდან სამკურნალოში „შავის სახადიანი“ სამი კაცი მიუყვანიათო. ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყოლია და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის სამსახურებს პრევენციული ზომებიც გაუტარებიათ – თბილისის იმ ნაწილში სადაც დაავადებამ იჩინა თავი, რვა დუქანი დაუკეტავთ.
ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ თბილისს მსგავსი პრევენციული ღონისძიებები ვეღარ უშველის, რადგან ქალაქში ქოლერა გავრცელდება, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები თუ რეკომენდაციები კი პირდაპირ და საშინლად ნეგატიურად აისახება თბილისის ჰორეკა სექტორზე. საუბარია შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც ჰიგიენის წესების მკაცრ დაცვასთან ერთად, მოქალაქეებს ძეხვის, ღორის ხორცის, მლაშე თევზის, ზოგადად, მლაშე საკვების მირთმევისა და რაც მთავარია – ქეიფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.
საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა პრაქტიკულად გაყინა მაშინდელი ჰორეკა ინდუსტრია, თუმცა, 1892 წლამდეც და ეპიდემიის დამარცხების შემდეგაც ეს სექტორი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო იყო ძველ თბილისში.
პირველი სასტუმრო თბილისში 1818 წელს, ნაპოლეონის არმიის ყოფილ სამხედროს, ჟან პოლს დღევანდელი ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე გაუხსნია. რასაკვირველია, ამ მასალაში ძველი თბილისის სასტუმროების ისტორიას არ მოვყვებით, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აზიურ თბილისში ახალმა დროებამ მოიტანა. პირველი სასტუმროს გახსნიდან რამდენიმე ათეულ წელში სასტუმრო ბიზნესი, როგორც კლასიკური, ისე თბილისური გაგებით, იმდენად ყვაოდა, რომ სწორედ თბილისური სასტუმროები იქცა გასტრონომიული თავგადასავლების, ბანქოს თამაშის, ქურდობის, მკვლელობების, თვითმკვლელობების, სარეცლის გაზიარებისა თუ პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის ერთ-ერთ მთავარ კერად ქალაქში.
სხვადასხვა დროს თბილისში რამდენიმე გამორჩეული სასტუმრო ფუნქციონირებდა, რომლებიც რესპექტაბელური დაწესებულების იმიჯის მორგებას ცდილობდნენ, თუმცა საკმარისი იყო რაიმე გარემოების შედეგად იმდროინდელი კავკასიის დედაქალაქში ხალხს მრავლად მოეყარა თავი, ისე, როგორც 1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, რომ მოგების სანახავად სასტუმროს მეპატრონეები არაფერზე დაიხევდნენ უკან. როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, ქალაქში დიდძალი ხალხის თავმოყრით განსაკუთრებით “ნეტარებაში“ ყოფილან “ლონდონის“, “კავკაზის“ და “ევროპის“ სასტუმროების პატრონები, რომლებიც თითო უბრალო, პატარა ოთახის გაქირავებაში, “რომელშიაც ადრე მანეთსაც არავინ აძლევდა, ახლა ორ-სამ-ოთხ მანეთს იღებენ; სულ უბრალო სადილი რომ სჭამო ამ სასტუმროებში, ორ-სამ მანეთ ნაკლებად ვერ დაისვამ“.
სასტუმროს მეპატრონეთა მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება არც მომავალში შეცვლილა რადიკალურად. მაგალითად, 1887 წელს, გაზეთი “ივერია“ მწუხარებას გამოთქვამდა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ:
“ტფილისში ძლიერ გამრავლებულია სასტუმრო და წვრილ-წვრილი „მებელიანი“ ოთახები, სადაც მუშტარს, რაც ძალა და ხერხი აქვთ, სცარცვავენ ყოველის მხრით. იშვიათად იპოვნით ტფილისში იმისთანა სასტუმროს, რომელმაც წამსვლელ მდგმურს მთელი დღისა და ღამის ქირა არ გადაახდევინოს, თუნდ ნახევარი საათი რომ გადასცილდეს იმ დროს, რა საათსაც დამდგარა ოთახში. უფრო ხშირად-კი, წასწევენ ხოლმე საათის ისარს სასტუმროს პატრონები, რომ მგზავრს ერთი-ორი მანეთი მომეტებული გამოსცინცლონ.“
ზოგადად, კარგი მენეჯმენტის პირობებში, სასტუმრო ბიზნესი მომგებიანი უნდა ყოფილიყო. მაგალითად, XIX საუკუნის ბოლოსთვის თბილისში სასტუმროთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილა და მხოლოდ 1899 წლის განმავლობაში, თბილისში 13 ახალი სასტუმრო გახსნილა. თუმცა, გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორი; როგორც ჩანს, მაშინდელ მენეჯერებს კარგად ჰქონიათ გაცნობიერებული რებრენდინგის მნიშვნელობა და ზემოხსენებულ სტატისტიკაში შესაძლოა იმ ტიპის დაწესებულებებიც მომხვდარიყო, რომლებიც მარტო სახელს კი არა, ადგილმდებარეობასაც იცვლიდნენ.
მაგალითად, 1889 წელს, გოლოვინის პროსპექტზე გახსნილა სასტუმრო “დანია“, რომელსაც იმდროინდელ სარეკლამო განცხადებას თუ დავუჯერებთ, მდიდრულად, მშვენივრად მოწყობილი, ყველაფრით მოხერხებული ნომრები ჰქონია, საჭმელ-სასმელი – შინაური, სუფთა და გემრიელი, მომსახურე პერსონალი კი თავაზიანი და გულისხმიერი ჰყოლია. 1893 წლისთვის “დანია“ – “ჩიკაგოდ“ ქცეულა და სახელთან ერთად, შენობაც შეუცვლია.
ალბათ უკვე შენიშნავდით, რომ საინტერესო ტენდენცია იკვეთება თბილისურ სასტუმროთა სახელებთან დაკავშირებით: “ევროპა“, “კავკაზი“, “პარიზი“, “ლონდონი“, “გრანდ ოტელი“, “ორიანტი“ და ა.შ. თუმცა, კრეატიულობის თვალსაზრისით, გამორჩეული იყო ივანე ქაჯაიას მიერ 1894 წელს, მთაწმინდის “მწვერვალზე“ დაარსებული სასტუმრო-რესტორანი – “განდეგილი“.
ზუსტად ალბათ ვერავინ იტყვის, რითი ხელმძღვანელობდა ივანე ქაჯაია სახელის შერჩევისას, ილია ჭავჭავაძის პოემის სათაურით, სასტუმროს მდებარეობით თუ ორივეთი ერთად, მაგრამ ფაქტია, “განდეგილი“ ზედგამოჭრილი სახელია ჯერ კიდევ მეჩხრად დასახლებულ და ნაკლებად ათვისებულ მთაწმინდის უბანში დაარსებული დაწესებულებისთვის.
გახსნიდან ერთი წლის შემდეგ, მეპატრონეს დიდი ხარჯი გაუწევია იმისთვის, რომ “განდეგილის“ რესტორანი, ანუ ბუფეტი ბევრად გაუმჯობესებულიყო, უსაფრთხოების დასაცავად კი ქალაქს ადგილზე დარაჯი დაუყენებია.
სულ რამდენიმე წელიწადში აქ ფუნიკულიორის გამართვას დაიწყებენ, მანამდე კი, 1896 წელს, შესაბამის სამსახურებს საგანგებო განკარგულება გაუციათ, რომ შეესწორებინათ მამა დავითის ეკლესიიდან ივანე ქაჯაიას პატარა სასტუმრომდე მიმავალი გზა, რადგან ეს ადგილი საუკეთესო გასასეირნებელ კუთხედ უცვნიათ ქალაქის მცხოვრებთათვის, “მეტადრე საზაფხულოდ და ამის გამო არათუ გზას აფართოებენ, არამედ განუზრახავთ გზის პირებზე ჩაჰყარონ სხვა-და-სხვა ხეები და დათესონ ყვავილები“.
უკვე ვახსენეთ და ვთქვათ ისიც, რომ წლების განმავლობაში ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული სასტუმრო “ლონდონი“, გამორჩეული სადარბაზოთი დღესაც არაერთ თბილისელს თუ ტურისტს ხიბლავს.
ლიტერატურის მოყვარულთათვის, დღევანდელი ათონელის ქუჩის #31-ში მდებარე ყოფილი სასტუმრო “ლონდონი“ იყო, არის და ალბათ მომავალშიც დარჩება შენობად, სადაც თბილისში ყოფნის დროს, ნორვეგიელი ნობელიატი მწერალი, კნუტ ჰამსუნი მეუღლესთან ერთად გაჩერდა. ჰამსუნის გარდა, ძირითადად, სწორედ სასტუმრო „ლონდონში“ “ჩამოხდებოდნენ ხოლმე“ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გავლენიანი სტუმრები: “ნიდერლანდიის დესპანი ბ-ნი ბლეი“, ბრიტანეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკიზი ჯორჯ კერზონი, “ავსტრია-უნგრეთის კონსული ბ-ნი ფონ-უგრანია“, ექიმთა საერთაშორისო კონგრესის [1897 წ.] წევრნი და ა.შ.
სანაქებო რეპუტაციის მიუხედავად, არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად კავკასიის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროც არ იყო დაზღვეული იმგვარი სკანდალებისგან, როგორიც 1899 წლის 13 ივლისს მოხდა, როდესაც სასტუმროში, სხვა მრავალთა შორის, სადილობდნენ ტფილისის გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი, საერთო ჯამში 15 ადამიანი, რომლებმაც უეცრად “მუცელში ტკივილი იგრძნეს, ყველას პირის ღება დააწყებინა და გამოაჩნდათ მოწამვლის ნიშნები.“
ეჭვი ბურახზე მიუტანიათ, რადგან სასტუმროს მეპატრონეს, ბატონ რიხტერს, რომელიც მოწამლულთა შორის იყო, მხოლოდ ბურახი დაელია. საკვების ნიმუშები ლაბორატორიაშიც გაგზავნეს, ბურახის დისტრიბუტორთა პროდუქციაც შეამოწმეს, თუმცა, მომხდარის ყველაზე ლოგიკურ და რეალურ მიზეზად ის გარემოება მიუჩნევიათ, რომ შესაძლოა “ჭიების წინააღმდეგ სახმარი შხამიანი ნივთიერება სასტუმროს კედლების მოსხურვის დროს ჭურჭელშიაც ჩაცვივნულიყო“.
“ლონდონის“ მსგავსად არა, მაგრამ ქალაქში ცნობილი და პოპულარული დაწესებულება უნდა ყოფილიყო სასტუმრო და რესტორანი “პურ-ღვინო“, სადაც 1894 წელს, ქართველმა ყმაწვილ-კაცობამ ჩვენი ქვეყნის დიდ მოამაგეს და გულშემატკივარს, ოლივერ უორდროპს უმასპინძლა.
რამდენიმე წლის შემდეგ, “პურ-ღვინოს“ რეკლამა ხშირად ჩნდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და დღეს ამ რეკლამის შემხედვარე ადვილად დარწმუნდებით, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, “პურ-ღვინოს“ ხელმძღვანელობას სარეკლამო ტექსტის შედგენა ნიჭიერი მოკალმისთვის მიუნდვია. [კონკრეტულად ამ რეკლამაზე, ისევე როგორც ძველი ქართული რეკლამის ტენდენციებზე ერთ-ერთ მომდევნო სტატიაში გიამბობთ].
ზოგადად, მაშინდელ თბილისში, საკვების ხარისხს და სასტუმროებში არსებულ სანიტარულ მდგომარეობას, გარკვეული პერიოდულობით [რაც არაერთ ასპექტზე იყო დამოკიდებული], დიდი ყურადღება ექცეოდა. თავად განსაჯეთ, 1898 წელს, სასტუმრო „ედემის“ პატრონის ქალიშვილს – მარიამ ბაქრაძეს სასამართლომ ორი კვირით დაპატიმრება მიუსაჯა, რადგან მიიჩნიეს, რომ ცუდი ღირსების სანოვაგეს ჰყიდდა. სასტუმროების ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო ერთი თვით დააპატიმრეს “ზოლოტოი იაკორის“ მეპატრონე, “მეტროპოლის“ მფლობელს კი ჯარიმა დააკისრეს. ასევე, რაც შეეხება იმ დროისთვის ცნობილ კიდევ ერთ თბილისურ სასტუმროს – “როსსია“, თბილისის პოლიცმეისტერს გუბერნატორისთვის ამ სასტუმროს გაუქმების თხოვნით მიუმართავს, იმ მოტივით, რომ ადგილზე “უზნეობა ჰსუფევსო“.
ამას გარდა, სკანდალები, ხმაური და აურზაური პრაქტიკულად არასდროს აკლდა თბილისის სასტუმროებს. გარკვეულწილად, ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ ზოგიერთი მეპატრონე საკუთარ შენობაში სასტუმროს გახსნის უფლებას იჯარით გასცემდა საეჭვო ყოფა-ქცევის ხალხზე. შედეგად, ზოგიერთ სასტუმროში ფარულად, კანონის გვერდის ავლით, “ქაღალდის სათამაშო ოთახები“ იმართებოდა და „ამ ოთახების სამუდამო წევრები, თავიანთ თავს ყოველი გარყვნილების და სისაძაგლის ნებას რომ აძლევდნენ“, ბოლო თეთრამდე ყვლეფდნენ ნომერში შეტყუებულ აზარტულ ხალხს.
ამ პერიოდში, სასტუმროებში დაბინავებულთა გაქურდვაც ჩვეულებრივი ამბავი იყო და არცთუ იშვიათად, ნომრებში მკვლელობებიც ხდებოდა. თავის დროზე, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა “ლონდონის“ გვერდით მდებარე – “გრანდ-ოტელში“ მომხდარა, 1901 წელს, როდესაც სასტუმროს ნომერში ნორვეგიელი მწერალი, ედვარდ მუნკის “მადონა“, და შვედი დრამატურგის – ავგუსტ სტრინდბერგის მუზა – დაგნი იუელი მოკლეს.
შესაძლოა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ძველ თბილისში სასტუმროების ნომრებს საკმაოდ ხშირად თვითმკვლელობისთვისაც იყენებდნენ.
გარდა ამისა, XIX საუკუნის ბოლოს, სწორედ თბილისური სასტუმროები იყო ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი სპეციფიკური სერვისის მისაღებადაც:
“ერთი მრავალ საძაგლობათაგანი, რომელიც ჩვენ ქალაქსა სჭირს, არიან ერთგვარი, ვითომ სასტუმროები, რომელნიც უფრო მიკიტან-ხანებს მოგვაგონებენ, სადაც ერთად შეერთებულა ათას-გვარი საძაგლობა და ბინძურობა. ეს ვითომ სასტუმროები იზიდვენ ხალხს და ჰყვლეფენ იმ ქალების წყალობით, რომლებსაც “არფიანკებს“ ეძახიან. მომღერალი და დამკვრელი ქალების სასტუმროებში ყოფნა, რასაკვირველია, მავნებელია, რადგანაც თავ-შეუკავებელს და რბილი ხასიათის ხალხს თითქმის სცარცვენ და ჩქარ-ჩქარა ხდება იმათ მიზეზით ჩხუბები და უსიამოვნება…“
როგორც ჩანს, სწორედ ამ „არფიანკების“ წყალობით სასტუმრო “საქართველოში“ გალახეს რამდენიმე კაცი, რამდენიმე დაჭრეს და ბოლოს კიდეც მოკლეს. სასტუმრო “ლივადიაში“ ცემა-ტყეპას და ხანჯლების ტრიალს ანგარიში არა ჰქონდა, ხოლო “შვეიცარიაში“ ჩხუბი და გინება გათენებამდე არ წყდებოდა.
ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ მცირედია ძველი თბილისის სასტუმროთა თავგადასავლისა. რა თქმა უნდა, ამ თემის ამოწურვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, რადგან საჭიროა, რომ სადმე წერტილი დავსვათ, ძველი თბილისის სასტუმროებზე თხრობა 1890 წლის ერთი ამბით დავასრულოთ, რომელიც ვერის დაღმართზე მდებარე სასტუმროში მომხდარა, სადაც საღამო ჟამს ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს ნომერი დაუქირავებიათ. მათი საიდუმლო პაემანი იმით გამოაშკარავებულა, რომ ღუმელის კარი დროზე ადრე მიუხურავთ, შედეგად, ოთახში დამდგარი ნახშირის სუნით კინაღამ გაგუდულან და გრძნობადაკარგულები დახვედრიან ნომერში შევარდნილ სასტუმროს პერსონალსა და პოლიციას.
ახლა, რაც შეეხება თბილისის ჰორეკა სექტორის სხვა მიმართულებებს, კერძოდ ტრაქტირებს, დუქნებს, სარდაფებს, ლუდ/ყავა/ჩაი ხანებს, ერთი სიტყვით, თბილისური ბაღების შემდეგ, ქალაქელთათვის საყვარელ დროის სატარებელ ადგილებს. მკაცრი კონტროლის ფონზეც კი, ამ ტიპის საქმიანობის წამოსაწყებად თბილისი, კავკასიის ცენტრი, იდეალური ადგილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზით, აქაც ხშირი იყო აურზაური, ხმაური, ბანქოს თამაში, შეხლა-შემოხლა – ლუდის კათხების თავზე დალეწვა და მკვლელობები, ასევე, თბილისურ დუქნებსა და ტრაქტირებში ხშირად იყრიდნენ თავს ავაზაკები თუ სექს-მუშაკები, ამ ადგილებში დროს, ძირითადად, მაინც სმაში ატარებდნენ.
შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად ცდილობდნენ ეკონტროლებინათ ვითარება და წესები ტრაქტირებში, დუქნებსა თუ ლუდხანებში. მოქმედებდა რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, მაგალითად, ვისაც ყავახანის, ან ლუდხანის გახსნა სურდა, ასეთი დაწესებულებები ეკლესიებისა და სასწავლებლებისგან შორს უნდა დაეფუძნებინა. ასევე, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, არსებობდა განკარგულება, „რადგან ტრახტირებში და სასმელების დუქნებში სამსახური აუძლურებს ბავშვებსა და ჰრყვნის მათს ხასიათსა, ამიტომ 16 წლისაზე პატარა ყმაწვილი არ უნდა ჰყვანდეთ მსახურად ტრახტირებსა და სასმელების დუქნებში“.
მეტიც, ტფილისის პოლიცმეისტერის ბრძანების შესაბამისად, დუქნების, საჩაიეების და ლუდხანების მეპატრონეებს აეკრძალათ ფანჯრების შეღებვა, მათზე ფარდების ჩამოფარება, ან დარაბების დახურვა, რათა სამართალდამცავებს უკეთ შეძლებოდათ დაწესებულებათა სტუმრების და იქ არსებული ვითარებისთვის თვალყურის დევნება.
ზოგადად, ჰორეკა სექტორის ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური თბილისში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ხდებოდა. სიცხე და კარგი ამინდი თავისას შვებოდა და საქმე იქამდეც არაერთხელ მისულა, ამა თუ იმ უბნის მცხოვრებნი პოლიცმეისტერს რომ სთხოვდნენ, ჩვენს მახლობლად გამართული დუქნებში მოქეიფეთაგან მთელი ღამე მოსვენება არა გვაქვს და ეგება რამე გვიშველოთო.
ამ კუთხით განსაკუთრებით შეწუხებული მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა უნდა ყოფილიყო:
“მიხაილოვის ქუჩაზე, მუშტაიდის ახლოს, პატიოსანს კაცს არ გაევლებაო: დუქნები მთვრალის დედა-კაცებით არის სავსე; ჰყვირიან, წიოკობენ, ხანდისხან ფანჯრიდამ თავებს გადმოჰყოფენ ხოლმე და მიმავალ-მომავალს ხალხს ურცხვად კოცნას უგზავნიანო. ამისთანა ამბები უფრო ხშირია ტრახტირში, რომელსაც ეწოდება “შვეიცარია“.
აქვე მდებარეობდა კიდევ ერთი საინტერესო დაწესებულება, “ლორთქიფანიძის “ტრამვაი“, სადაც “თითქმის ყოველ სტოლზე ნახავდით ქართველ მანდილოსნებს, კოპ ჩიხტიანებს, რომელნიც არხეინად გაპტყელებულიყვნენ და ლუდს შეექცეოდნენ. ეს კი ვერაფერი ამბავია, რომ ჩვენს მანდილოსნებს ძუძუ-მწოვარა ყმაწვილებიც თან დაჰყავთ და ღამის 11-12 საათამდე “შავ პივას“ შეექცევიანო“.
ხმაური იყო ანჩისხატის ეკლესიის მახლობლადაც, სადაც ახალგამართულ ლუდხანაში დილიდან-საღამომდე განუწყვეტლივ არღანს უკრავდნენ. მაშინაც კი, როცა ეკლესიაში წირვა-ლოცვა იმართებოდა, ამ არღნის ხმა ისე გაისმოდა, თითქოს ტაძარში უკრავენო.
მოქეიფე კაცებითა თუ დედაკაცებით ყოფილა სავსე “მთელის იარმუკის სამიკიტნო დუქნებიც“. ხშირად თურმე ისეც ხდებოდა, რომ კაცებსა და დედაკაცებს შუა საშინელი ჩხუბი ატყდებოდა და „საწყალს დედაკაცებს ისე სცემენ და სტყეპენ მთვრალი კაცები, რომ ადამიანს შეჰზარავს.“
აღნიშნული დაწესებულებების ფონზე, იშვიათი გამონაკლისი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთი ყავახანა, სადაც 1890-იანი წლებისთვის, საღამოობით, “ყველა წოდების ხალხი“ იყრიდა თავს, რადგან ამ ყავახანაში მღეროდა სახალხო მგოსანი, ცნობილი აშუღი – ჯივანა.
“მღერალ აშუღს ხშირად, სხვა აშუღთან, დიდი კამათობა აქვს ხოლმე. დასწერს რომელიმე გამოცანას, რომელსაც “მუღამას“ ეძახიან, დასდებენ სანაძლეოს, და მოპირდაპირე მხარემ იქვე სიმღერით უნდა უპასუხოს. ხშირად გამარჯვებული ჯივანა მოგებულ ფულს რომელსამე სასარგებლო საქმეს სწირავს ხოლმე.“
ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ასეთი რამ იმ დროის თბილისში დიდი იშვიათობა უნდა ყოფილიყო ისევე, როგორც კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ქვემოთ შევეხებით.
ფულის მოგებაზე გავარჯიშებულ მედუქნეთაგან განსხვავებით, რომლებიც არცთუ იშვიათად სარგებლობდნენ სტუმართა არაფხიზელი მდგომარეობით და სხვადასხვა ხრიკებით მათთვის თანხის დაცინცვლას ცდილობდნენ, თბილისში მოიძებნებოდნენ იმდენად პატიოსანი მედუქნეები, დაკარგულ ერთ და ორ მანეთს კი არა, არნახულად დიდ თანხას რომ დაუბრუნებდნენ კანონიერ მფლობელს.
სხვადასხვა დროს, თბილისში არაერთ ასეთ გამორჩეულად საინტერესო ადამიანს უცხოვრია, პერსონაჟებს, რომლებიც ამ ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი სარწმუნო ცნობების არ არსებობის გამო დავიწყებას მიეცა, არიან პერსონაჟები, რომელთა შესახებ ერთხელ თუ გაიგებ, შეუძლებელია ოდესმე დაგავიწყდეს.
ერთ-ერთი ასეთი, თბილისური ჰორეკა სექტორის ვარსკვლავი, ლამის საკულტო ფიგურა იყო კინტო აბრაგუნე, მედუქნე, „ტფილისში რომ თოთხმეტი ფაიტონით ქეიფობდა! იგი ნამდვილი ბოჰემა იყო, მის დუქანში პოეტები ხშირად იკრიბებოდნენ.“
აბრაგუნე 1885 წლის 12 აგვისტოს, შუაღამეს, მისივე დუქნის მეარღნეს პირადულ ნიადაგზე სასიკვდილოდ დაუჭრია. მისი დაკრძალვა იმდროინდელ თბილისში დიდ მოვლენად ქცეულა:
“თბილისის მოქეიფე ხალხმა დიდის ამბით დაასაფლავეს კინტო აბრაგუნე. თბილისში ძვირად შეხვდებით ვისმეს, რომ აბრაგუნეს სახელი არ გაეგონოს, ამ სახელს ბევრი გაუტყუილებია დიდუბისაკენ, სადაც აბრაგუნეს ჰქონდა დუქანი. ოთხმა ზურნამ და რამდენიმე არღანმა გააცილა აბრაგუნე. ძმაბიჭები ერთობ დაღონებულნი მიჰყვებოდნენ გულუხვს მასპინძელს, რომელიც ხშირად მასპინძლობისათვის არა თუ არას ართმევდა, “ცუდად“ დარჩენილებს პირიქით აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე“.
აბრაგუნესგან განსხვავებით, სიმკაცრით და მოურიდებლობით ყოფილა გამორჩეული მუშტაიდის ბაღში მდებარე ბუფეტის პატრონი, ვინმე ბატონი სვეტოზარი. ერთხელ, ამ ბატონს, არც მეტი არც ნაკლები, მისი ბუფეტის ერთ-ერთი მაგიდასთან მჯდომი თბილისის ვიცე-გუბერნატორისა და მისი ნაცნობებისთვის მიუმართავს, „ან აქედგან წადით, ან რამე მოითხოვეთ, ლუდი, ჩაი, ან სხვა რამე სასმელიო.“
მებუფეტეს უკმეხ გამოსვლას უკვალოდ არ ჩაუვლია; ქალაქის ვიცე-გუბერნატორი გრაფი ტიზენგაუზენი და იმისი ნაცნობნი წამომდგარან და წასულან, თუმცა ცოტა ხანს შემდეგ ადგილზე პოლიცია მისულა, ოქმი შეუდგენია და ბუფეტის პატრონისთვის ღამის 12 საათის შემდეგ ვაჭრობა სრულად აუკრძალავს.
ძველი თბილისის სასტუმროების მსგავსად, ამ თემის ამოწურვაც რთულად წარმოსადგენია. ამ სტატიაში შეგნებულად არ მოგვაქვს ცნობები სხვადასხვა მზაკვრობისა და დანაშაულების შესახებ, რაც თბილისურ ტრაქტირებსა თუ დუქნებში ხდებოდა. თუმცა, რამდენ მაგალითზეც არ უნდა ვისაუბროთ, ფაქტი ერთია – იშვიათი, გამონაკლისების გარდა, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში თბილისში ჰორეკა სექტორი ყვაოდა. იმდროინდელი პრესა აჭრელებული იყო სხვადასხვა სასტუმროების, რესტორნების, დუქნებისა თუ ტრაქტირების სარეკლამო განცხადებებით, ფიროსმანის ტილოებზე კი უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა თბილისელთა დროსტარების ამსახველი კადრები, ფიგურები თუ მოქეიფე ქალები, ლუდის კათხით ხელში.
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ქართველის – ნიკო ფიროსმანაშვილის აღმოჩენა, სწორედ თბილისურ დუქნებში დავანებული მისი შედევრებით დაიწყება. საუბარია კაცზე, ვინც თავის დროზე თბილისელმა მედუქნემ, კოლა რუსიშვილმა, რიყეზე ლუდხანა რომ ჰქონდა გამართული, დუქანში ჩაკეტა და იქამდე არ გამოუშვა, სანამ ლუდხანის ოთხივე კედელი არ მოახატინა.
თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია, ისტორია ნიკალასი, ანუ ამბავი თბილისში განთქმული დუქნებისა და გენიოსისა, თბილისური “სარდაფების მოქალაქედ“ რომ მოიხსენიებდნენ.
რაც შეეხება ეპიდემიებსა და პანდემიებს, სტატიის დასაწყისში რომ ვახსენეთ, როგორც ჰორეკა სექტორის მთავარი მტერი, იმედს ვიტოვებთ, 1892 წლის ქოლერის ეპიდემიის მსგავსად, ახალი კორონა ვირუსის პანდემიაც ჩაივლის და სწორედ მაშინ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ პირველად, თავისუფლად რომ მივუსხდებით მაგიდას რომელიმე კაფესა თუ ბარში, იმ ავბედით პერიოდს გავიხსენებთ, ურთიერთობის ამ უმნიშვნელოვანეს ფორმას მოკლებულნი რომ ვიყავით…
დატოვე კომენტარი