HSBC Holdings-ის ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის სინგაპური ავსტრალიას გადაასწრებს და მილიონერების რაოდენობით აზიაში პირველი ქვეყანა გახდება. HSBC-ის მონაცემებით, გასულ წელს რეგიონის ლიდერი ავსტრალია გახდა, რომელსაც მეორე ადგილზე სინგაპური მოჰყვებოდა.
ბანკის პროგნოზით, ფინანსური ცენტრი სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანის სიის ლიდერი გახდება, მას კი ავსტრალია, ჰონგ-კონგი და ტაივანი მოჰყვებიან. აღსანიშნავია, რომ HSBC-ის მოხსენების ვარაუდით, ათწლეულის ბოლოსთვის, ჩამოთვლილ ოთხ ქვეყანაში მილიონერების პროცენტული რაოდენობა უფრო მაღალი იქნება ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. HSBC-ის განცხადებით, აზიამ ფინანსური სიმდიდრით აშშ-ის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ გადაასწრო, ამასთან ერთად კი, რეგიონი მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკასაც აერთიანებს.
HSBC-ის მოხსენებით, ვიეტნამში, ფილიპინებსა და ინდოეთში იმ ადამიანების ქონება, რომლებიც სულ მცირე $250,000-ს ფლობენ, 2030 წლისთვის მინიმუმ გაორმაგდება. თუმცა, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ რეგიონში მილიონობით ადამიანი კვლავ სასტიკ სიღარიბეში ცხოვრობს. აბსოლუტური მაჩვენებლით, 2030 წლისთვის ჩინეთს დაახლოებით 50 მილიონი მილიონერი ეყოლება, ინდოეთს კი ექვს მილიონზე მეტი, რაც შესაბამისად ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 4%-სა და 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
დატოვე კომენტარი