ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ Investment Monitor-ის ეკონომიკური ზონების მდგრადი აღდგენის სტრატეგიების (Economic Zone Sustainable Recovery Strategies Awards 2021) დაჯილდოებაზე აღიარება სამ კატეგორიაში მოიპოვა, ერთ-ერთ მათგანში კი მას ჟიურიმ მთავარი ჯილდო მიანიჭა. გამარჯვებულები Barcelona New Economy Week-ის ვირტუალურ დაჯილდოებაზე ოქტომბერში გამოვლინდნენ.
უფრო მეტს დაჯილდოებაზე, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ჯგუფის აღიარებასა და სამომავლო გეგმებზე მისი აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე მოგვიყვება.
რა კატეგორიებში მოიპოვა წარმატება ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ?
მან მთავარი ჯილდო რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერის (Aftercare Support) კატეგორიაში მოიპოვა. ჟიურის შეფასებით, ჰუალინგის თიზ-მა პოსტ-კოვიდურ პერიოდში კომპანიებს შესთავაზა მრავალფეროვანი – ფინანსურად მასტიმულირებელი, სამართლებრივი, ანალიტიკური თუ საკონსულტაციო სერვისები. ამასთან ერთად, ჰუალინგმა შექმნა სპეციალური წახალისების პროგრამები, რომლითაც მის ზონაში მოქმედ კომპანიებს ეხმარება წარმოების განვითარებაში, მენეჯმენტის ოპტიმიზაციასა და ფინანსური რესურსების მოძიებაში.
ჰუალინგის თიზ-მა მეორე ადგილი დაიკავა პანდემიის შედეგების შემამსუბუქებელი პაკეტების (Covid relief packages) კატეგორიაში. კომპანიამ თავის მოიჯარეებს ოპტიმიზირებული მექანიზმები შესთავაზა, რომელთა საშუალებითაც არსებითად შეუმსუბუქა მათ პანდემიის პერიოდში ოპერირება.
საპატიო მოხსენიება ხვდა წილად ჰუალინგის ჯგუფს და ჰუალინგის თიზ-ს მდგრადობისა და ESG-ის ანუ გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის ეფექტურობის კატეგორიაში. ჟიურიმ აღნიშნა, რომ კომპანია მაქსიმალურად არის ორიენტირებული გარემოს მდგრად განვითარებაზე.
ეკონომიკური ზონის მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოებაში ჰუალინგ-ის თიზ-თან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკური ზონები იღებდნენ მონაწილეობას. მის მთავარ გამარჯვებულად კოსტა რიკას Coyol Free Zone დასახელდა, ხოლო მეორე ადგილი პოლონეთში არსებულ Łódź Special Economic Zone-ს ხვდა წილად. სხვადასხვა ქვეკატეგორიებში დაჯილდოვდნენ, ასევე, ლიეტუვას, ლატვიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნის ეკონომიკური ზონები.
მნიშვნელოვანია, რომ ჰუალინგის თიზ-მა ამ წარმატებას ოპერირების სულ რაღაც მე-5 წლისთავზე მიაღწია, მაშინ, როდესაც დაჯილდოებაში მონაწილე სხვა ზონებს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ამავდროულად, ჩვენს წარმატებას კიდევ უფრო დადებით ელფერს სძენს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით მსოფლიოში 3000-ზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს.
რა არის ეკონომიკური ზონის მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოება და და ვისი ინიციატივით ჩატარდა ის?
დაჯილდოების მიზანი იყო მსოფლიო მასშტაბით შეეფასებინა ის ეკონომიკური ზონები, რომლებმაც განსაკუთრებით ეფექტიანად შეძლეს COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან გამკლავება. სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში დააჯილდოვა ის კომპანიები, რომლებმაც მძიმე პირობების მიუხედავად, სწორი პოლიტიკითა და რეგულაციებით მდგრადობის შენარჩუნება შეძლეს და ხელი შეუწყვეს მათ ზონებში მოქმედ ბიზნესკომპანიებს განვითარებაში.
ეკონომიკური ზონის მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოება გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Investment Monitor-ის ინიციატივით ჩატარდა. გამოცემას ბიზნესინდუსტრიის წამყვანი ჟურნალისტებისა და ექსპერტების გუნდი ქმნის, რომელიც სიღრმისეულად იკვლევს უცხოურ საინვესტიციო ინდუსტრიას. Investment Monitor-მა პროექტზე Barcelona New Economy Week-სა და Barcelona Zona Franca-სთან ერთად იმუშავა.
რა არის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამომავლო გეგმები?
პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და გლობალურ ბიზნესს მნიშვნელოვნად ურთულებს სტრატეგიის ოპტიმიზაციას. ამასთან ერთად, იგი ქმნის დამატებით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. გართულებულია მიწოდების ჯაჭვები და გაძვირებულია ლოჯისტიკა, შესაბამისად იმატებს სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში კერძო სექტორის აქტივობა გაზრდილია და ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე პერიოდს. 2021 წელს მსგავსი დინამიკა გამოვლინდა თიზ-ის ოპერირებაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ თიზ-ში რამდენიმე პროექტი გართულებული ლოჯისტიკის, გადაადგილების პრობლემებისა თუ სხვა მიზეზების გამო შეჩერებულია, ბევრმა კომპანიამ განაახლა ინტენსიურად ოპერირება. ამას დაემატა ახალი გადამამუშავებელი პროექტები, მათ შორის, პლასტმასის, სამშენებლო მასალების, ხისა და ავეჯის ინდუსტრიაში. მათი განხორციელება 2022 წლიდან დაიწყება.
გაზრდილია სხვადასხვა სექტორისა და პროფილის კომპანიების დაინტერესებაც და მათთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ 2021 წელს, რომელიც გულისხმობს თიზ-ის გაფართოებას – მის ტერიტორიას 22 ჰექტარი მიემატება. ამ ნაბიჯით, ჩვენი მიზანია, საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბისა და ხარისხის სტანდარტები შევთავაზოთ კომპანიებს, როგორც ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის, ისე სერვისების მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
თიზ-მა დამატებითი ტერიტორიის განვითარების კონცეფცია უკვე შეიმუშავა. ახლა მის სტრატეგიულ და ტექნიკურ-სამართლებრივ დეტალებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ვათანხმებთ. უახლოეს მომავალში სახელმწიფოსთან განახლებულ ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დავიწყებთ. თიზ-ი განახლებული საზღვრებითა და ინფრასტრუქტურით თავისი კომპანიებისთვის მომსახურებას უკვე 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან გეგმავს.
გარდა ამისა, ვასრულებთ საინვესტიციო პროექტს, რომელიც გულისხმობს „წყალტუბო 220“ ქვესადგურიდან ჰუალინგის თიზ-ში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მოწყობას.
ეს პროექტი ჰუალინგის ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდა. შედეგად, შევძლებთ ზონაში მოქმედ კომპანიებს ჩვენვე შევთავაზოთ საწარმოო დანიშნულების ელექტროენერგია და, რაც მთავარია, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად.
დატოვე კომენტარი