ზეთის გაჟონვის პოტენციური რისკის გამო, რამაც შესაძლოა, ძრავის განყოფილებაში ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს, Hyundai Motor America-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში 28,439 ავტომობილი უკან გაიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საავტომობილო გიგანტის მიერ აშშ-ში უკან გამოწვეულ მოდელებს შორისაა 2018-2020 წლებში წარმოებული Genesis G80, 2017-2022 წლების G90 და 2019-2022 წლების G70, რომლებიც აღჭურვილია 3.3-ლიტრიანი V6-ტურბოძრავით. დამატებით კი, დამუხტვის სისტემაში არსებული პროგრამული პრობლემების გამო, Hyundai-იმ, Kia-სთან ერთად, სამხრეთ კორეაში 170,000 ელექტრომობილი გაიწვია.
Hyundai-ის გაწვევა ქვეყნის მასშტაბით 113,916 ელექტრომობილს, კონკრეტულად კი ხუთ EV-ს შეეხება, მათ შორისაა Ioniq-ის სერიისა და Genesis-ის მოდელები. თავის მხრივ Kia, 56,016 ელექტრომობილს გაიწვევს.
საავტომობილო კომპანიებმა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შეცდომა ინტეგრირებულ დასამუხტ კონტროლის ერთეულში აღმოაჩინეს, რომელიც Hyundai-ისა და Kia-ს 170 ათას ელექტრომობილშია გამოყენებული. შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები დაბალი ძაბვის ბატარეების მქონე ელექტრომობილების დამუხტვისას, რის გამოც აღნიშნული მოდელები შესაძლოა მოძრაობის პროცესშიც კი გაჩერდეს.
Hyundai Motor Group-ის განცხადებით, კომპანიები სწრაფად მიიღებენ ზომებს, რათა მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტი თავიდან ააცილონ, პრიორიტეტად კი კვლავ დარჩება მათი მომხმარბლების უსაფრთხოება. ნებაყოფლობითი გაწვევა 18 მარტს უნდა დაიწყოს.