ამერიკულმა კომპანიამ Motional და კორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ თვითმართვადი და ელექტრობატარეებით აღჭურვილი რობოტაქსი – Hyundai IONIQ 5 წარმოადგინეს, რომელიც Lyft-ის მომხმარებლებს 2023 წლიდან მოემსახურება.
აღნიშნულ რობოტაქსის 30-ზე მეტი სენსორი, მათ შორის კამერები, რადარი და ლიდარი ექნება, რომლებიც მანქანას გარემოს სრულყოფილად აღქმასა და, შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში დაეხმარება. ამას გარდა, მანქანა უზრუნველყოფილი იქნება უახლესი, მეოთხე დონის ავტონომიური მიმოსვლისათვის საჭირო პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფით – მარტივად რომ ვთქვათ, გადაადგილებას მანქანა ადამიანის კონტროლის გარეშე შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საკუთარი მანქანები Motion-მა უკვე არაერთგზის გამოსცადა, მათ შორის ლას-ვეგასის ქუჩებში.
ცნობისთვის, Motional-ის რობოტაქსი Hyundai-ის Electric Global Modular Platform-ს იყენებს, რის გამოც, მანქანის ინტერიერი მგზავრებს დასვენების, მუშაობისა და სოციალიზაციისთვის საკმარის სივრცეს აძლევს. ამას გარდა, მანქანა აღჭურვილი იქნება სპეციალური კომპიუტერით, რომლის დახმარებითაც მგზავრებს ტაქსისთვის ბრძანებების მიცემა შეეძლებათ, თუკი, მაგალითად, გზაში გაჩერება მოუნდათ. კომფორტის ეს დონე, კომპანიის თქმით, უმძღოლო მგზავრობის ახალ სტანდარტს შექმნის.
ახალ მანქანას, Motional და Hyundai Motor Group 7-12 სექტემბერს, IAA Mobility-ს ღონისძიებაზე წარადგენენ, რომელიც მიუნხენში გაიმართება.
დატოვე კომენტარი