სემეკის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 3.3 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 3.1 მლნ კვტ.სთ-ზე, 6.5%-ით მეტია.
გამომუშავება, ძირითადად, ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის მატების ხარჯზეა გაზრდილი. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში ჰიდროგენერაციამ 2.1 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის 1.5 მლნ კვტ.სთ-ზე 40%-ით მეტია.
გაზრდილია როგორც ენგურჰესის, ისე სხვა, მათ შორის, სეზონური სადგურების გამომუშავება, თბოელექტროსადგურების გენერაცია კი 1.6-დან 1.2 მლნ კვტ.სთ-მდე, 13%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება მოხმარებას, ამ წლის სამ თვეში მაჩვენებელმა 3.69 მლნ კვტ.სთ შეადგინა და წლიურად 2%-ითაა გაზრდილი. აფხაზეთის მოხმარება თითქმის არ შეცვლილა და 0.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.
მოხმარებისა და გენერაციის ზრდის პარალელურად, შემცირდა იმპორტი და 0.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ეს კი გასული წლის მაჩვენებელზე, 0.6 მლნ კვტ.სთ-ზე, 33%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად, 77%-ით იკლო ელექტროენერგიის ჯამურმა ტრანზიტმა და 0.3 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია. წინა წელს, საქართველოს გავლით ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თურქეთში გადიოდა, წელს კი მხოლოდ აზერბაიჯანიდან.