მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსეთის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა, რაც ერთჯერადი გადასახადების შემოღებამ და ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ფედერალურ ბიუჯეტში ფულადმა ნაკადებმა „პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნა“. პირველი კვარტლის შემოსავალმა 8.7 ტრილიონ რუბლს (94 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 53.5%-ით აღემატება.
შემოსავლის ზრდაში წვლილი შეიტანა სხვადასხვა ინდუსტრიამ და უცხოური კომპანიების მიერ სანქცირებული რუსეთის დატოვებისთვის გადახდილმა თანხებმაც.
მკვეთრად, 80%-ითაა გაზრდილი ნავთობისა და გაზის შემოსავლებიც და 2.9 მილიარდ რუბლს აღწევს. ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი ამჟამად 90 დოლარი ღირს და წლის დასაწყისიდან დღემდე 20%-ითაა გაძვირებული. ნავთობის გაძვირებას, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაცია და მიწოდების შოკები განაპირობებს.
2023 წელს რუსეთის ენერგოშემოსავლები 23.9%-ით, 8.8 ტრილიონ რუბლამდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო შემოსავალი წლიურად მცირედით გაიზარდა. ეს, ძირითადად, გამოწვეული იყო ევროკავშირის მიერ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმეტესობის საზღვაო გადაზიდვის აკრძალვითა და დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ ფასის ჭერის შემოღებით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთის ბიუჯეტი დეფიციტშია, რაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში წამოწყებული სამხედრო აგრესია ძვირი უჯდება.
2024 წლის პირველ კვარტალში ხარჯებიც 20%-ით გაიზარდა წლიურ ჭრილში, ბიუჯეტის დეფიციტმა კი 607 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.5 ტრილიონი რუბლით ნაკლებია.