Samsung Electronics-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის საოპერაციო მოგება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 95%-ით, დაახლოებით $478 მილიონამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს სამხრეთკორეული მწარმოებლის მიერ ბოლო 14 წელში ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.
Samsung-ის ინფორმაციით, თავის მხრივ, 18%-ით შემცირდა კომპანიის მიერ პირველ კვარტალში მიღებული შემოსავალი და 47.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური გიგანტის ჩიპების განყოფილებამ, რომელიც, ჩვეულებრივ, კომპანიის ყველაზე საიმედო მიმართულებად არის მიჩნეული – გასულ კვარტალში 3.4 მილიარდი აშშ დოლარის წაგება დააფიქსირა. შედარებისთვის, წინა წლის ამავე პერიოდში ზემოხსენებულმა განყოფილებამ Samsung-ს $6.3 მილიარდის მოგება მოუტანა.
მაჩვენებლის გაუარესების მიზეზი ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მიკროჩიპებისა და მეხსიერების ბარათების ფასის 70%-ით დაცემაა. ეს კი, თავის მხრივ, მზარდი ინფლაციის ფონზე, მოთხოვნისა და გაყიდვების შემცირებამ განაპირობა.
შედარებით კარგი შედეგი აქვს Samsung-ის მობილური ტელეფონების ბიზნესს – კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ შემთხვევაში მან 2.93 მილიარდი აშშ დოლარის მოგება დააფიქსირა. ცნობისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა $2.85 მილიარდი შეადგინა.