საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს აერთიანებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.174 მილიონით განისაზღვრა. ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულმა ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1.457 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 5.2%-ითაა შემცირებული.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 621 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.9%-ით ნაკლებია. ექსკურსიული ტიპის ვიზიტებმა კი 836 ათასი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს, პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 753 ათასს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი დედაქალაქში, თბილისში განხორციელდა – საშუალოდ 372 ათასი თვეში. ასევე, გამოსარჩევია იმერეთის რეგიონი, სადაც თვეში საშუალოდ 293 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 244.7 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16.5%-ით აჭარბებს.