იანვარ-აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 855.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება. ყველაზე მეტი შემოსავალი აპრილში დაფიქსირდა – 277.3 მლნ დოლარი რაც წინა წლის მაჩვენებელს 16.1%-ით აღემატება.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება. 2016 წელს ზრდა 9.6% იყო, 2017 წელს 26.8%, ხოლო 2018 წელს კი 21%.
თუმცა წლის დასაწყისში შემცირდა ტურისტების მიერ თითო ვიზიტზე დახარჯული თანხის მოცულობა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2012-2017 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა, თითო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა, მცირედით $318.6-დან $364.2-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჩამოუვარდება მის მსგავს ეკონომიკებს, სადაც თითო ვიზიტზე ტურისტის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ $500-800-ს შეადგენს.
დატოვე კომენტარი