2021 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანმა ჯამში 509 მილიონი კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შედეგად, საქართველოს მეზობელმა ქვეყანამ წლის პირველ კვარტალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.9 მლნ კვტ-სთ-ით მეტი ელექტროენერგიის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდვა შეძლო. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 91.3% საქართველოზე მოდის.
„ირანში ექსპორტირებულია 8.3 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, თურქეთში – 12.7 მლნ კვტ-სთ, რუსეთში – 23.1 მლნ კვტ-სთ, საქართველოში კი – 464.9 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია“, – წერს აზერბაიჯანული მედია.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-მარტის განმავლობაში, აზერბაიჯანმა 32.1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. მათგან 8.2 მლნ კვტ-სთ ირანისგან, 15.3 მლნ კვტ-სთ რუსეთისგან, ხოლო 8.6 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია საქართველოსგან იყიდა.
ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანმა გენერაცია 3000 მეგავატით გაზარდა. აშენდა არაერთი ელექტროსადგური. ადგილობრივი მედია წერს, რომ ამ მხრივ აზერბაიჯანი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.
დატოვე კომენტარი