სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4.69 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 1.32 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3.37 მლრდ აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.04 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.
იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (458.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (298.9 მლნ. აშშ დოლარი).
ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები: თურქეთი (721.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (619.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (330.6 მლნ. აშშ დოლარი).
წყარო: საქსტატი