ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, იანვრიდან სექტემბრამდე ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავლები 168 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აღნიშნული მაჩვენებელი კი 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. გარდა ამისა, 12%-ითაა გაზრდილი უშუალოდ ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შენარჩუნებულია ღვინის ექსპორტისათვის სტრატეგიულ ბაზრებზე ზრდის დინამიკაც. მაგალითად, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ითაა გაზრდილი. ჩინეთში იგივე მაჩვენებელი 16%-უდრის, ლიეტუვაში – 36%-ს, აშშ-ში – 18%-ს, გერმანიაში – 21%-ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ზრდა რეკორდულია და ის 178%-ს უტოლდება.
საინტერესოა, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინით რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი ლიდერობენ. სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი ჯამში 397-მა კომპანიამ განახორციელა, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მაჩვენებელია. საინტერესოა ისიც, რომ 2020 წელთან შედარებით 17%-ითაა გაზრდილი ბრენდის, იმავე კონიაკის ექსპორტიც და მან 25.5 მილიონი (0.5 ლ) ბოთლი შეადგინა. საერთო ჯამში, ბრენდის ექსპორტისაგან მიღებულმა შემოსავალმა 47.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ჭაჭის ექსპორტშიც და მან გასულ წელთან შედარებით 97% შეადგინა. სულ ჯამში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 270 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 15%-ით მეტია გასული წლის მონაცემზე.
დატოვე კომენტარი