იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 16.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 16.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ანგარიშით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.5%-ით გაიზარდა და $15.91 მილიარდს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი $4.6 მილიარდს, ხოლო იმპორტი – $11.3 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 12.7%, ხოლო იმპორტის ზრდამ – 18.2% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $6.96 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1%-ია.

2023 წლის პირველ ცხრა თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მთლიანი ექსპორტის 34%-იანი წილით ($1.56 მლრდ) პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 9.5%,  ხოლო მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია – 4.2%-ით.

მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებს უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფშიც – $2.282 მილიარდით, შესაბამისად მთლიანი იმპორტის 20.2%-ით. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, იმპორტის 7.2%-ით, მესამე ადგილს კი, 3.5%-იანი წილით, აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს.

საქართველოში, როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის უმსხვილესი წილი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 64.4%-ია, ევროკავშირის – 12.3%, ხოლო იმპორტში ევროკავშირი – 24.1%, დსთ – 22.1%. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები მეზობელი სახელმწიფოები: აზერბაიჯანი (13.7%), სომხეთი, (13.1%) და რუსეთი (11.1%) არიან. იმპორტში ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორს, მთლიან იმპორტში 16.5%-იანი წილით, ასევე მეზობელი თურქეთი წარმოადგენს, შემდეგ მოდის აშშ – 12.4%-ით და რუსეთი – 12.1%-თ.