იანვარში ბათუმში ბინების გაყიდვები 22%-ით შემცირდა - Colliers Georgia

იანვარში ბათუმში ბინების გაყიდვები 22%-ით შემცირდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 22%-ით, 1,069 ერთეულამდე შემცირდა. გასულ თვეში წლიურ ჭრილში ბაზრის ზომა 20%-ით შემცირდა და 46 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 17%-ით იკლო, ძველი ბინების შემთხვევაში კი 49%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამასთანავე, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 932 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 718 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აქვე გეტყვით, რომ Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,826 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში ზრდამ 8% შეადგინა.